Aa Aa
10 აპრილი 2021  |  11:48

რა ვალდებულებები ეკისრებათ სატვირთო ავტოსადგომებს და რატომ - რეგლამეტში ცვლილებებია

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში მიმდინარე წლის 26 მარტის 134-ე დადგენილებით ცვლილებები შევიდა, რომელმაც სატვირთო ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესი და პირობები შეცვალა.

ცვლილებები სატვირთო კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომებს შეეხო, რომლებიც ქვეყნის სახმელეთო საზღვართან არიან განთავსებულები და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში არიან ჩართულნი. ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილებების მიხედვით, ავტოსადგომის მფლობელმა, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ ონლაინ ფორმატში, ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

შემოსავლების სამსახურში BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განმარტავენ, რომ ვიდეოჩამწერი მოწყობილობა სახელმწიფო სისტემაში 2009 წლიდან დანერგილ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, კერძოდ: IVMS4200-თან ან hikcentral-თან უნდა იყოს თავსებადი.

„დღეისთვის, ავტოსადგომების შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით, დამონტაჟებული მოწყობილობების უმეტესობა შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ ლიცენზირებულ ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემასთან თავსებადი არ არის, რაც კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს“, - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

კითხვაზე - რა დაუჯდებათ სატვირთო ავტოსადგომების მფლობელებს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, უწყებაში ამბობენ, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ღირებულების შესახებ, ინფორმაცია მათ კომპეტენციას სცილდება.

აღსანიშნავია, ისიც რომ ავტოსადგომის მფლობელი მუდმივი ვიდეოკონტროლის განსახორციელებლად ვალდებულია, სისტემები დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში დაამონტაჟოს.

„აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია, საზღვარზე გადაადგილებული სატვირთო გადაზიდვებისათვის თანაბარი, სამართლიანი და კანონშესაბამისი წესების დაცვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაკეთილსინდისიერად საზღვარზე არსებული რიგის დარღვევის და ზოგიერთი სატვირთო ავტომანქანის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობის შესაძლებლობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოსადგომების მფლობელებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, როგორც ვიდეოჩამწერი მოწყობილობების, ასევე, დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ“, - განმარტავენ უწყებაში.

წყარო: BM.ge

გაზიარება: