Aa Aa
8 მაისი 2021  |  10:05

10 ცნობილი ადამიანის ძვირადღირებული ავტომობილი

ცნობილ ადამიანთა შორის ბევრი ავტომოყვარულია. რა თქმა უნდა, მათ საკმარისი ფულიც აქვთ იმისთვის, რომ ნებისმიერი „კაპრიზი“ დაიკმაყოფილონ. მაგალითად, მსოფლიოში არსებული სულ 2 ეგზემპლარიდან ერთი მათი იყოს, ანდაც ძვირადღირებულ ავტომობილზე სახურავი მოახსნევინონ. სუპერვარსკვლავები ავტომობილებში ფულს არ იშურებენ. ხშირად ეს თანხები მილიონზე მეტიც კია.

ამ სიაში კი თქვენ 10 ცნობილი ადამიანის ძვირადღირებულ ავტომობილებს გაეცნობით. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილში მოხვედრილ ადამიანებს ბევრი სხვა მდიდრული ავტომობილიც ჰყოლიათ და ჰყავთ. ჩვენ მათგან 10 საუკეთესო შევარჩიეთ.

 

McLaren F1 - ჯეი ლენო

ფასი: $12 მილიონი

ძრავა: 6.1-ლიტრიანი V12

მაქსიმალური სიჩქარე: 370+

ჯეი ლენო ავტომობილების უზარმაზარი კოლექციითაა ცნობილი. მის ავტოფარეხში მდგომი ყველა ავტომობილის ჩამოთვლა გაგვიჭირდება. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილებს შორის ბევრი იშვიათი და ძვირადღირებული მოდელია. ჩვენ ამ კოლექციიდან ერთ ავტომობილზე გავამახვილებთ ყურადღებას.

ამ მანქანის იდეა „მაკლარენის“ მთავარ კონსტრუქტორ გორდონ მიურეის ეკუთვნის. ის მიხვდა, რომ საჭირო იყო შეექმნათ მძლავრი და მსუბუქი, ატმოსფერული V12-ით აღჭურვილი მოდელი, რომელიც არაერთი ტიტულის მფლობელი გახდებოდა.

4-წლიანმა შრომამ, ფორმულა 1-ში დაგროვებულმა უდიდესმა გამოცდილებამ და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებამ შედეგი გამოიღო. McLaren F1 სენსაციური სუპერქარი იყო. 

Bugatti Centodieci - კრიშტიანუ რონალდუ

ფასი: £8.5 მილიონი

ძრავა: W-16

მაქსიმალური სიჩქარე: 490 კმ/სთ

ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოუშვეს და მის შესაძენად თანხა მხოლოდ რონალდუს მსგავს სუპერვარსკვლავებს თუ ეყოფათ. რონალდუმ ის სერია A-ში ზედიზედ მეცხრე ტიტულის და „სამპდორიასთან“ გამარჯვების აღსანიშნავად შეიძინა.

Bugatti Centodieci-ს ექსტერიერი სრულიად განსხვავებულია და 1990-იანების Bugatti EB110 სუპერქარს მოგვაგონებს. Centodieci-ს Bugatti Chiron-ის W-16 ძრავის გაუმჯობესებული ვერსითაა წარმოდგენილი. Bugatti Chiron-ს 1500 ცხენის ძალა აქვს. Bugatti Centodieci-ს - 1600.

Maybach Exelero - Jay-Z

ფასი: $8.0 მილიონი

ძრავა: V 12 ტვინ ტურბო

მაქსიმალური სიჩქარე: 351კმ/სთ

Jay-Z-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ავტომობილი ჰყავს. Maybach Exelero-ს დებიუტი 2005 წელს ბერლინში შედგა. ის 2004 წელს, Daimler Chrysler-ის განყოფილებამ, Maybach-Motorenbau GmbH-მა შექმნა. უფრო ფართო საზოგადოებისთვის ის Jay-Z-ს კლიპიდან გახდა ცნობილი.

ტვინ-ტურბო V12 ძრავა 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე 4.4 წამში აღწევს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი შესაძლებლობების ატომობილის გაყიდვა რთული იქნებოდა, მაგრამ ის ამერიკელმა რეპერმა მხოლოდ 2008 წელს შეიძინა.

Koenigsegg CCXR Trevita - ფლოიდ მეივეზერი

ფასი: $4.6 მილიონი

ძრავა: 4.8-ლიტრიანი V8

მაქსიმალური სიჩქარე: 410 კმ/სთ

ყველაზე მდიდარ მოკრივეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომობილების კოლექცია აქვს. მისი კოლექციის გამორჩეული ავტომობილი კი $4.6 მილიონიანი Koenigsegg CCXR Trevita-ა.

შვედურმა კომპანიამ CCXR Trevita-ა მხოლოდ 2 ეგზემპლარად შექმნა. წარმოუდგენლად მაღალს ფასს, რა თქმა უნდა, მისი ექსკლუზიურობაც განაპირობებს.

მის მფლობელობაში მყოფი ყველა ავტომობილის ჩამოთვლა გაგვიჭირდება, მაგრამ გეტყვით, რომ მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილებს შორისაა Bentley  Mulsanne, Lamborghini Aventador, Rolls-Royce Drophead, Ferrari 599, Ferrari 458, ორი Rolls-Royce Phantom-ი, Mercedes-Benz S600, Mercedes SLS, Bentley Continental GT,  Maybach 62 და ორი Bugatti Veyron-ი.

Bugatti Veyron 16.4 - Birdman

ფასი: $2.0 მილიონი

ძრავა: ტურბო 4 W-16

მაქსიმალური სიჩქარე: 407 კმ/სთ

რეპერი ბრაიან უილიამსი Birdman-ის სახელითაა ცნობილი. ამერიკელი რეპერი დიდი ავტომოყვარულია და ფულსაც არ იშურებს. როგორც ჩანს, მას გერმანული ავტომობილები განსაკუთრებულად უყვარს.

მის კოლექციაშია Maybach Landaulet-ი, Mercedes-Benz Sprinter-ი, Maybach 62S Landaulet-ი და Bugatti Veyron-ი.

ეს $2.0 მილიონიანი ავტომობილი გერმანულ-ფრანგული თანამშრომლობით ვოლფსბურგში შეიქმნა და თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი რეკორდი დაამყარა. Veyron-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ავტოშოუ TopGear-ში არაერთხელ გამოჩნდა. 

Hennessey Venom GT Spyder - სტივენ ტაილერი

ფასი: $1.2 მილიონია

ძრავა: 7.0-ლიტრიანი V8

მაქსიმალური სიჩქარე: 435კმ/სთ

ჯგუფ Aerosmith-ის ვოკალისტი ამერიკული ავტომობილების გულშემატკივარია.

Hennessey Venom GT ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული ავტომობილია. ეს სპორტული ავტომობილი Lotus Elise-ის შასის მოდიფიკაციის შემდეგ მიიღეს. სტივენ ტაილერმა მისი კაბრიოლეტი ვერსია მოითხოვა და მიიღო კიდეც.  

სპეციალური შეკვეთით დამზადებულ ავტომობილს ორმაგი-ტურბოდაბერვის 7-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს. კოლოფი კი 6-სიჩქარიანი მექანიკურია.

1959 წლის Silver Cloud Rolls-Royce Convertible - Beyonce

ფასი: $1 მილიონი

ძრავა: 4.9-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი

მაქსიმალური სიჩქარე: 183კმ/სთ

პოპვარსკვლავი Beyonce ავტომობილებს ხასიათის მიხედვით ირჩევს. მის კოლექციაში ბევრი მდიდრული ავტომობილია. მათგან კი ყველზე საინტერესო 1959 წლის Silver Cloud Rolls-Royce-ია, რომელიც მას დაბადების დღეზე Jay Z-მ აჩუქა.

1959 წელს ამ ავტომობილის მონაცემები შთამბეჭდავი იყო. თუმცა, დღეს მის მაღალ ფასს არა მისი ტექნიკური შესაძლებლობები, არამედ მისი ვინტაჟურობა განაპირობებს. 

ეს კაბრიოლეტი ერთ-ერთი საუკეთესოდ აღჭურვილი ავტომობილია, რაც შეიძლება ინატროთ. თანაც მას ორიგინალი ტყავის სავარძლები 1959 წლიდან აქვს .

მშვენიერი საჩუქარია, არა?

Lamborghini Aventador - Kanye West 

ფასი: $750,000

ძრავა: 6.5-ლიტრიანი V12

მაქსიმალური სიჩქარე: 350კმ/სთ

Kanye West-ზე და მის ცხოვრების სტილზე ბევრ ცუდ რამეს ამბობენ და წერენ, თუმცა ერთ ფაქტს ვერავინ უარყოფს. რეპერს ავტომობილებში კარგი გემოვნება აქვს.

მის კოლექციაშია $750,000-ად შეფასებული Lamborghini Aventador-ი. მის Aventador-ზე ფილიპო პერინიმ იმუშავა.

ეს ავტომობილი საკმარისზე მეტად სწრაფია. მას 700 ცხენის ძალა აქვს. 0-100კმ/სთ-ს კი 2.8 წამში ავითარებს.

Porsche 959 - ჯერი ზეინფილდი

ფასი: $700,000

ძრავა 2874 cc ტვინ ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი

მაქსიმალური სიჩქარე 317კმ/სთ

ცნობილი კომიკოსი ჯერი ზეინფილდი ძვირადღირებულ ავტომობილებსი ფულს არ იშურებს. თუმცა, მის კოლექციაში ყველაზე საინტერესო Porsche 959-ია. ეს უკანაძრავიანი 4WD ავტომობილი 1986 – 1993 წლებში გამოდიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერის მსოფლიოში Porsche-ს ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია აქვს.

Porsche 959 მხოლოდ 337 ეგზემპლარად აიწყო და მის ფასს იშვიათობაც განაპირობებს. მისი ტექნიკური შესაძლებლობები კი შთამბეჭდავია. სწორედ ის იყო ყველაზე სწრაფი სპორტული ავტომობილი და ბევრი რეკორდის დამყარებაც შეძლო.

Rolls-Royce Phantom - საიმონ ქოუელი

ფასი: $ 500 000

ძრავა: ტურბო 6,75-ლიტრიანი V12

მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ

საიმონ ქოუელი უამრავი პოპულარული ტელეპროექტის ავტორია. მას ყველაზე ხშირად რომელიმე ცნობილი მუსიკალური პროექტის ჟიურის სავარძელში თუ იხილავთ. ცნობილი ფაქტია, რომ ის არც ძვირადღირებული ავტომობილების სავარძლებზე ამბობს უარს.

2018 წლის Rolls-Royce Phantom-ი ამ ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელია და ის კოლექციაში საიმონის ფავორიტია. ამ ელეგანტურ კუპეს სახურავი ეხდება. 453-ცხენისძალიანი ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 5.9 წამში აღწევს.

გაზიარება: