Aa Aa
22 აპრილი 2021  |  13:55

მიკროავტობუსებში მგზავრების მთვლელებზე 3,3 მლნ ლარი დაიხარჯება

მიკროავტობუსებში მგზავრების აღრიცხვა დაიწყება.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მიკროავტობუსებში მგზავრთა აღმრიცხველების (მთვლელი მოწყობილობის) შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 1 000 მთვლელს იყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 300 000 ლარი იქნება. შესაბამისად, გამოდის, რომ საშუალოდ, ერთი მოწყობილობის ღირებულება 3 300 ლარია.

ტენდერის პირობების მიხედვით, მგზავრთა დათვლის სისტემა აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური სენსორით, რომელიც დამონტაჟდება მიკროავტობუსებში და თითოეულ გაჩერებაზე მგზავრთა ჩასხდომისა და გადმოსხდომის აღრიცხვას უზრუნველყოფს.

„აღნიშნული მოწყობილობების შეძენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების მგზავრობიდან მიღებული შემოსავალი მიემართება სააგენტოს ანგარიშზე, ხოლო მგზავრთა რაოდენობისა და გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციის კონტროლისა და მეტი სიზუსტისთვის, წამყვანი ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მსგავსი მოწყობილობების მონტაჟი“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

გაზიარება: