Aa Aa
15 მაისი 2021  |  18:21

ვინ არიან ყველაზე მდიდარი ადამიანები ფორმულა 1-ში?

ფორმულა 1-ში, რომ დიდი ფული ტრიალებს, ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა, რამდენად დიდ თანხებზეა საუბარი? ამ სპორტის პრესტიჟი და სტატუსი ბევრ მდიდარ ადამიანს იზიდავს. მათგან ზოგი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშიც კი შედის. მოდით, ვნახოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რა ფინანსებს ფლობენ და რას საქმიანობენ ისინი.

დასაწყისისთვის, გავიხსენოთ, Claro-ს სტიკერი „რედ ბულის“ ბოლიდის უკანა ფრთაზე. Claro America Movil-ის სამხრეთ ამერიკული ნაწილია. ის Forbes Global 2000-ის ტელეკომის ჯგუფის წევრია, რომელსაც 200 000 თანამშრომელი ჰყავს. სათაო ოფისი მეხიკოში მდებარეობს. მისი წლიური შემოსავალი $50 მილიარდია. კომპანიის თავმჯდომარის კარლოს სლიმ ელუს ქონების ღირებულება ამჟამად, Forbes-ის თანახმად $62.8 მილიარდია და ის მსოფლიოში მეთექვსმეტე ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ის და მისი შვილი კარლოს სლიმ დომიტი ფინანსურ მხარდაჭერას სერხიო პერესს უწევენ, რომელიც „რედ ბულის“ გუნდს 2021 წელს შეუერთდა. მისი კარიერა სლიმების ოჯახთან დიდი ხანია დაკავშირებულია. ყველაფერი ამერიკაში Skip Barber სერიებში დაიწყო და ფორმულა 1-მდე მოვიდა.

ვინ არის ფორმულა 1-ს გუნდის ყველაზე მდიდარი მფლობელი?

დიტრიხ მატეშიცი „რედ ბულის“ თანადამაარსებელი და აქციების 49%-ის მფლობელია. ეს ენერგეტიკული სასმელების კომპანია Red Bull Racing-ისა და AlphaTauri-ს გუნდის მეპატრონეა. 76 წლის ავსტრიელს იმდენად უყვარს ფორმულა 1, რომ ორი გუნდი იყიდა.

ისტორია კი ასეთია: მატეშიცი იყო მარკეტინგის დირექტორი Blendax-ში, რომელიც გერმანული კბილის პასტის კომპანიაა. 1982 წელს, როდესაც ტაილანდს სტუმრობდა, მან აღმოაჩინა Krating Daeng (სიტყვასიტყვით Red Bull), რომელიც ტაილანდში ჩაის მსგავსი ენერგეტიკული სასმელი იყო. ეს სასმელი მას დღეღამური რიტმის დარღვევის (ე.წ. ჯეტლაგის) დაძლევაში დაეხმარა. მის მწარმოებელ ჩალეო იუვიდეას დახმარებით, 1987 წელს ამ სასმლის დასავლური ვერსია გამოუშვეს, რომელიც ენერგეტიკული სასმელებს ბაზარზე მაშინვე დომინანტი გახდა.

Red Bull-ის ავტოსპორტთან პირველი შეხება გერჰარდ ბერგერის სპონსორობა იყო. შემდეგ „ზაუბერის“ გუნდის 60% შეიძინეს. სიტუაცია დაიძაბა, როცა პეტერ ზაუბერმა ენრიკე ბერნოლდის კიმი რაიკონენი ამჯობინა. 2004 წლის ნოემბერში მატეშიცმა Jaguar Racing-ის გუნდი იყიდა „ფორდისგან“,  Minardi-ს გუნდი კი პოლ სტოდარისგან და მას „ტორო როსო“ დაარქვა.  

გუნდის ხელმძღვანელ კრისტიან ჰორნერთან ერთად, გუნდმა მსოფლიო ჩემპიონის 4 ტიტული მოიგო. სებასტიან ფეტელი 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მატეშიცი შპილბერგში Red Bull Ring სარბოლო ტრასის მეპატრონეცაა. იუვიდეა 2012 წელს გარდაიცვალა და მისი შვილი ჩალერმი კომპანიის 51% პროცენტს ფლობს, რაც მას ტექნიკურად ფორმულა 1-ის გუნდის ყველაზე მდიდარ მფლობელად აქცევს. თუმცა, მეტაფორულად, კარზე მატეშიცის გვარი წერია.

ვინ არის ფორმულა 1-ს ყველაზე მდიდარი პილოტი?

მოქმედი ყველაზე მდიდარი პილოტი ლუის ჰამილტონია. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონს წელიწადში $55 მილიონი აქვს ხელფასი. მისი ქონების ღირებულება კი $300-$500 მილიონია. Mercedes-თან, Tommy Hilfiger-თან, Monster Energy-სთან Bose-სთან, Puma-სთან, IWC-სთან, Sony-სთან, Gran Turismo-სთან და MV Agusta-სთან თანამშრომლობა მის ბიუჯეტს საგრძნობლად ავსებს.

თუ ყოფილ პილოტებზე ვისაუბრებთ, მაშინ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიხაელ შუმახერის ქონების ღირებულება $600-800 მილიონია. Forbes-მა გერმანელი ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად ორჯერ 1999 და 2000 წლებში დაასახელა. „ფერარიში“ მისი ყოველწლიური შემოსავალი $80 მილიონს აღწევდა.

ვინ არიან ფორმულა 1-ს რბოლების ყველაზე მდიდარი მფარველები?

რბოლებთან ბევრი მდიდარი ადამიანია ასოცირებული. მაგალითად, სინგაპურში სასტუმროების მფლობელი ონგ ბენგ სენგი, რომელმაც ამ ქალაქში რბოლის ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე Austin’s Circuit-ის ინვესტორი ჯონ დეიორია, რომელიც Paul Mitchell-ის თმის პროდუქტების თანადამაარსებელია. მონაკოს პრინცი ალბერტი კი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი გრან პრის მასპინძელია.

ბაჰრეინის და აბუ დაბის გრან პრიებს კი შეიძლება ითქვას, რომ სამეფო ოჯახები მართავენ. ბაჰრეინის სამეფო ოჯახის ქონება $4 მილიარდს აჭარბებს. პრინცი სალმანი ფორმულა 1-ს ყოველწლიური რბოლების დიდი გულშემატკივარია. ის Mumtalakat-ის საშუალებით „მაკლარენის“ ინვესტორიცაა. Mumtalakat-ის აქტივები  $17 მილიარდადაა შეფასებული.

რაც შეეხაბა აბუ დაბის შეიხ ხალიფას, მისი ოჯახის ქონების ღირებულება $150 მილიარდია. ის საინვისტიციო ფონდსაც აკონტროლებს, რომლის აქტივებშიც $875 მილიარდია.

მაიამის გრან პრი, რომელიც პირველად 2022 წელს გაიმართება, ფორმულა 1-ს ოჯახს კიდევ უფრო ამდიდრებს. სტივენ მ. როსის, Dolphins NFL გუნდის მფლობელის ქონება, $7.5 მილიარდადაა შეფასებული.

რბოლა Miami Gardens-ში, Hard Rock Stadium-ის ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს და როსი სარბოლო ტრასის აშენებაში  $40 მილიონის დახარჯვას აპირებს.

რამდენად მდიდრები არიან ფორმულა 1-ს მფლობელები?

Liberty Media-მ ფორმულა 1-ს ჯგუფი 2017 წელს საინვესტიციო კომპანია CVC-სგან $4.6 მილიარდად იყიდა. Liberty-ს ჯონ მელოუნი აკონტროლებს, ამერიკელი მილიარდერი, რომელიც ამერიკაში ყველაზე დიდი მიწათმფლობელია. მისი ქონების ღირებულება  $7.8 მილიარდია.

Liberty Media-მ ბოლო დროს გაამხილა, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორის გრეგ მაფის ხელფასი $44 მილიონიდან $47.1 მილიონამდე გაიზარდა. მისი თავდაპირველი ხელფასი კი $871,800 იყო.

ბერნი ეკლსტოუნი, ფორმულა 1-ის ჯგუფის აღმასრულებელი ყოფილი დირექტორის ქონების ღირებულება $3 მილიარდია.

ვინ არიან ყველაზე მდიდარი მამები ფორმულა 1-ში?

Aston Martin-ის პილოტის ლენს სტროლის მამის ლოურენს სტროლის ქონების ღირებულება $3.2 მილიარდია. 2020 წელს ლოურენსმა $235 მილიონად Aston Martin-ი გამოისყიდა. 2018 წლის ზაფხულში $100 მილიონად ნაყიდ Racing Point-ს სახელი შეუცვალა.  

სტროლი 2011 IPO-ს მოდის ბრენდის, Michael Kors-ის უკან დგას. კომპანიაში მან ბოლო წილი 2014 წელს გაყიდა. მანამდე მან Pierre Cardin და Ralph Lauren კანადა იყიდა და Tommy Hilfiger-ში ინვესტიცია ჩადო. სტროლი ავტომობილების კოლექციონერიცაა. მას განსაკუთრებით „ფერარი“ უყვას. 2013 წელს მან  275 GTB/4 Spider რეკორდულ $27.5 მილიონად შეიძინა.

Haas F1-ს გუნდის პილოტის ნიკიტა მაზეპინის მამა დიმიტრი ფორბსის სიაში 2014-2015 წლებში მოხვდა, როცა Uralkali $5 მილიარდად იყიდა. ოფიციალურად, Haas-ის გუნდს Uralkali აფინანსებს. ეს კომპანია კალქვის მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელი და ექსპორტიორია. Uralkali-ს ბაზა რუსეთში მდებარეობს და მისი ლოგოს ფერებიც სწორედ ამ ქვეყნის დროშის ფერებისგან შედგება. სწორედ ამიტომ, რუსეთზე დაკისრებული სანქციების მიუხედავად, ბოლიდზე რუსეთის დროშა გამოჩნდა.

მაზეპინი თავდაპირევლად ნავთობქიმიურ კომპანიებთან TNK-სა და Sibur-თან მუშაობდა. საკუთარი კომპანია 2004 წელს დააარსა, მოგვიანებით კი ეს კომპანია Uralchem-ს შეუერთდა.

მაზეპინმა 2018 წელს Force India-ს შეძენაც სცადა, მაგრამ, საბოლოოდ, სტროლთან ბრძოლაში დამარცხდა.  

Williams-ის გუნდის პილოტის, ნიკოლას ლატიფის მამა, მიხაელი Sofina Foods-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორია. მან 2018 წელს McLaren Group-ში  $200 ჩადო.

ლატიფი უფროსმა მშობლიური ირანი 15 წლის ასაკში დატოვა და კანადაში წავიდა. მან 1995 წელს ბიზნესში მიღებული ხარისხი და ინჟინერიის ცოდნა ტორონტოში კვების კომპანიის გახსნისთვის გამოიყენა, რომელსაც  Vienna Meat დაარქვა. შემდეგ კომპანიას Sofina Foods-ს ეწოდა და ახლა მისი შემოსავალი $2 მილიარდია.

„ფერარისადმი“ დიდი სიყვარულის დასამტკიცებლად, მან იყიდა და მართა მიხაელ შუმახერის F2004 და კიმი რაიკონენის F2007.

მეტი „ახალი ფული“ ფორმულაში?

ახალმა წესებმა და ბიუჯეტის შეზღუდვებმა ამ სპორტში კონკურენციის გაზრდა გამოიწვია. თუმცა, ეს მდიდარი ადამიანების ამ სპორტით დაინტერესებას ხელს არ შეუშლის.

ფორმულა 1-ს კალენდარი კიდევ უფრო ფართოვდება. ამერიკაში კიდევ ერთი გრან პრი ჩატარდება, რაც ამ სპორტის მიმართ მდიდრების დაინტერესებას გაზრდის. ასევე Netflix-ის Drive to Survive-მა ამ სპორტს კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.

Williams F1-ის გუნდის შეძენა ამერიკული საინვესტიციო კომპანის Dorilton Capital მიერ $180 მილიონ დოლარად, ბოლო ცვლილება არ იქნება. სპონსორები ფორმულა 1-ს სიმდიდრის გარანტიაა. IT კომპანია Cognizant-ი Aston Martin-ის გუნდის საინტერესო სპოსორია. Oracle „რედ ბულის“ გუნდში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. TeamViewer-ი კი „მერსედესის“ მესამე ყველაზე დიდი სპონსორია.

როგორც „მაკლარენის“ გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, „ფორმულა 1 ადგილია, სადაც მდიდარი სწრაფად გახდები“ და, როგორც ჩანს, ეს სპორტი შენელებას არც აპირებს.

გაზიარება: