Aa Aa
7 ივლისი 2021  |  18:02

ავტოსამყაროს ლეგენდა: ქეროლ შელბის ისტორია

ნებისმიერი დიდი ორგანიზაციის ისტორიაში ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანი ადამიანები მოდიან და მიდიან. ამ მხრივ, არც Ford Motor Company-ი ყოფილა გამონაკლისი. კომპანიის არსებობის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა უამრავ დასამახსოვრებელ ადამიანს მიუღია, თუმცა, ყველაზე გავლენიანი ადამიანი Ford-ის სრულ განაკვეთზე მომუშავე არასდროს ყოფილა.

ეს ინდივიდი ქეროლ შელბი გახლდათ.

1960-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე მას Ford Motor Company-სთან აქტიური თანამშრომლობა ჰქონდა. ამ კომპანიასთან ერთად შელბიმ უამრავი წარმატებული და წარუმატებელი პერიოდი გაიზიარა. მრბოლელიდან დიზაინერად ქცევის შემდეგ, ქეროლ შელბი Ford-ის კონტრაქტორიდან მეტოქედაც კი იქცა.

ქეროლ შელბის ცხოვრების ამბავი ერთი კაცის შესახებ ზღაპარს გავს, რომელმაც სიჩქარეს ადრეულ ასაკში გაუსინჯა გემო. მოგვიანებით კი მისმა ხედვამ მსოფლიოს ორი უდიდესი ავტომწარმოებელი დაატყვევა.

ადრეული წლები

ქეროლ შელბი პატარა ქალაქში დაიბადა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 200 ადამიანს შეადგენდა. 1923 წლის 11 იანვარს ვორენ ჰოლ შელბისა და ელოის ლოურენს ქეროლ ჰოლ შელბი ტეხასში, ლიზბურგში შეეძინათ.

როდესაც შელბი წამოიზარდა, საცხოვრებლად გადასვლა თავის ოჯახთან ერთად დალასში გადაწყვიტა. ამ ქალაქში მან უმაღლესი სკოლა დაამთავრა. მოგვიანებით, 1941 წელს, 18 წლის ბიჭმა აშშ-ს საჰაერო ძალებში მსახურობა განიზრახა. ის სან ანტონიოს ავიაციის კადეტთა ცენტრში მნიშვნელოვან მისიებს ასრულებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს შელბის უცხო ქვეყნის მიწაზე ფეხი არ დაუდგამს, მაგრამ უამრავი ახალგაზრდა ნავიგატორისა და პილოტის გაწრთვნაში მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც შემდგომში მეორე მსოფლიო ომში აქტიურად მიიღეს მონაწილეობა.

1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ, ქეროლ შელბი დალასში მეუღლესთან და ახალშობილთან ერთად დაბრუნდა. დაბრუნებიდან მალევე მან თვითმცლელი სატვირთოების ბიზნესი წამოიწყო. ოთხი წლის გასვლისა და კიდევ ორი ბავშვის შეძენის შემდეგ, შელბიმ მეფრინველეობის ფერმა ააშენა. პირველმა პარტიამ მას 5 000$-იანი მოგება მოუტანა. ამ ბიზნესში შელბის მოღვაწეობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან მის ქათმებს ვირუსი შეეყარათ და დაიხოცნენ.

გაკოტრებული ქეროლ შელბი, წარუმატებელი ბიზნეს კარიერითა და სამი აღსაზრდელი შვილით თავის ცხოვრებისეულ ვნებაზე - ავტომობილებზე და სისწრაფეზე გადაერთო.

მრბოლელი ქეროლ შელბი

შელბი პირველად სარბოლო ტრასაზე 1952 წელს გამოჩნდა. ის Ford-ის ჰოთ როდებით მეოთხედ მილზე რბოლაში გამოდიოდა. რამდენიმე თვის შემდეგ MG-TC-ს საჭესთან აღმოჩნდა და პირველი კარიერული გამარჯვებაც მოიპოვა. აღნიშნულ რბოლაში შელბიმ ბევრად სწრაფ ავტომობილებს გაასწრო. მათ შორის Jaguar XK 120-იც იყო.

ის, რაც ნელ ავტომობილს უფრო მძლავრ ავტომობილზე სწრაფს ხდიდა შელბის რეაქცია და უნარები გახლდათ. ამ პერიოდში კი ავტოსპორტში საკმაოდ მაღალი კონკურენცია იყო. 1953 წლის სარბოლო სეზონზე ქეროლ შელბი Allard-ზე გადაჯდა, რაც MG-TC-ს ბევრად სჯობდა, თუმცა, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც მისი მეტოქეები მართავდნენ.

1954 წლის იანვარში, სარბოლო ასპარეზზე გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, შელბი 1000 კილომეტრიანი რბოლის საუკეთესოთა ათეულში მოხვდა. ის იმდენად დიდებული მრბოლელი იყო, რომ ბრძოლა უფრო მაღალი საფეხურებისთვის გამართა, თუმცა, მას ისეთი სარბოლო ავტომობილების წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა, როგორიც Ferrari, Jaguar-ი და Aston Martin-ი იყო.

Aston Martin-ის ჯგუფის მენეჯერი, ჯონ ვიერი, შელბის სარბოლო უნარჩვევებით მოხიბლული დარჩა და გადაწყვიტა ქეროლისთვის ბრიტანული ავტომობილის მართვა შეეთავაზებინა. ასე დაიწყო წარმოშობით ტეხასელი მრბოლელისა და Aston Martin-ის თანამშრომლობა ოკეანის მეორე მხარეს, სადაც ის ევროპელ მაყურებელს გაეცნო.

როდესაც შელბიმ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ავტომობილი ჩაიგდო ხელში, მას თავისი სრული შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცა. მან Sports Car Driver-ის ტიტული 1956-57 წლებში მოიპოვა.

1960 წლის თებერვალში, Aston Martin-ში საბოლოო სეზონის ჩატარების ბოლოს, მრბოლელმა გულმკერდის ტკივილი პირველად იგრძნო. შელბიმ საბოლოო რბოლა 1960 წლის დეკემბერში ჩაატარა. 37 წლის მრბოლელი კარდიოვასკულარული პრობლემების გამო სარბოლო კარიერას ჩამოსცილდა.

კონსტრუქტორი

სარბოლო კარიერის დასრულების შემდეგ, ქეროლ შელბიმ სახელის დამკვიდრება ავტოინდუსტრის სხვა სფეროებში გადაწყვიტა. მან ორი ბრენდი - Shelby School of High-Performance Driving-ი და Shelby American-ი - დააფუძნა.

ეს უკანასკნელი კომპანია კალიფორნიაში უბრალო მაღაზიას წარმოადგენდა. მოგვიანებით, შელბიმ ამერიკული მძლავრი V8 ტიპის ძრავების ევროპულ სპორტულ მანქანებში ჩადგმა მოინდომა. 1962 წელს შელბიმ საპროექტო ავტომობილი შექმნა, რომელსაც წინ „კობრას“ სახელი ამოუქარგა.

ასე დაიბადა Shelby Cobra-ს იდეა. მის დიზაინერულ წამოწყებას საკმაოდ დიდი დახმარება დასჭირდა პროექტის დასაძვრელად. ქეროლ შელბის ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბრიტანულმა კომპანია AC Cars-მა სახელგანთქმული AC Ace-ის წარმოება Bristol-ის ექვს ცილინდრიანი ძრავების დაწუნების გამო შეაჩერა.

შელბიმ მოვლენების ამგვარი განვითარება AC Cars-ისა და Ford Motor Company-ის დასაკავშირებლად და თავისი ხედვების გასატესტად გამოიყენა.

AC Cars-ისგან შელბიმ თავისი და თავისი გუნდის საოცნებო ავტომობილის კორპუსი მიიღო. Ford-ის დახმარებით კი გუნდმა 260 Hi-Po V8 ძრავისა და Borg Warner-ის 4-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის ინტეგრირება მალევე მოახერხა. Shelby American-ის სრული მხარდაჭერით ამბიციურმა მეწარმემ ახალი Shelby Cobra-ს გაცნობა მრბოლელებთან და ავტოჟურნალისტებთან დაიწყო.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში Shelby Cobra აშშ-ს სარბოლო წრეებზე ასპარაზობდა. მალევე რბოლამ ევროპაშიც გადაინაცვლა, სადაც ამერიკელს შერკინება Ferrari-სთან უწევდა. Shelby-მ ოფიციალურად 1964 წელს, Cobra 427-ის შექმნით გაიბრწყინა.

თავდაპირველად მოდელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. კრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ ასეთი პატარა ავტომობილის მასიური ძრავით აღჭურვა უბრალოდ სულელური წამოწყება იყო. თუმცა, შელბის ექსცენტრულმა ბუნებამ იდეა რეალობად მაინც აქცია. შელბიმ ავტომობილის კორპუსი დააგრძელა და გააგანიერა. მალევე Shelby Cobra 427 ყველაზე სწრაფ ამერიკულ ავტომობილად ჩამოყალიბდა. მანქანას 0-დან 100-მდე აჩქარება 4 წამში შეეძლო.

1964 წლის მარტში Shelby American-ის მრბოლელმა, კენ მაილსმა, 427-ით Sebring International Speedway-ს ტრეკზე Ferrari GTO პირველად დაამარცხა. ასეთი წარმატების შემდეგ ქეროლ შელბის სთხოვეს ისეთი Mustang-ი შეემუშავებინა, რომელიც სიმძლავრის იმავე სტანდარტებთან თანხვედრაში იქნებოდა.

ერთი თვის შემდეგ, 1965 წლის Shelby Mustang GT350-ის პროპორციები გასაჯაროვდა. Shelby Mustang GT350 Fastback-ი იყო „ფორდის“ პასუხი Chevy Corvette-ზე, რომელიც მონაწილეობას SCCA-ს რბოლაში იღებდა. მომდევნო წლებში კი უკვე ისეთი მოდელები გამოჩნდნენ, როგორიც GT350H-ი, GT500 და GT500KR-ი იყო.

1969 წელს Ford-სა და Shelby-ს პარტნიორობა დაბალი გაყიდვების გამო შეწყდა.

ქეროლ შელბი და Dodge-ი

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ავტომწარმოებელთან შეწყვეტილი პარტნიორობის შემდეგ შელბის სახლისა და ავტოინდუსტრიის დატოვება მოუწია. მან ახალი ცხოვრების დაწყება, 1974 წელს, სამხრეთ აფრიკაში გადაწყვიტა.

დედამიწის მეორე ნაწილში ამერიკელი საკვები პროდუქტების ბიზნესში ჩაერთო, რამაც სამხრეთ აფრიკაში არსებობა გაუადვილა. მიუხედავად ამისა, პენსიაზე გასული მრბოლელი და დიზაინერი ავტომოყვარულ ვნებებს მაინც ვერ შეელია.

1982 წელს შელბის „ფორდის“ ყოფილმა კოლეგამ, ლი იაკოკამ, Chrysler-თან დაკავშირება და Dodge-ის ბრენდის განვითარებაში მონაწილეობის მიღება სთხოვა. იაკოკასთან ერთად შელბიმ რამდენიმე მოდელს მოდიფიცირება ჩაუტარა. მის მიერ გაუმჯობესებულ ნაწილებს Dodge-ის ისეთი მოდელებიც იყენებდა, როგორიც Daytona, Spirit-ი და Durango იყო.

ამ კომპანიაში შელბის ყველაზე დიდი ძალისხმევა Dodge Viper-ის პროექტში იყო ჩადებული. შელბიმ ამ ავტომობილში თანამედროვე კობრას გაცოცხლება სცადა. Viper-ის დებიუტი კი დეტროიტის აუტო ჩვენებაზე, 1991 წელს შედგა.

ამავე პერიოდში შელბის ჯანრთელობამ თავი შეახსენა. გულის პრობლემებმა თავი კვლავ იჩინა, რამაც საქმიანობისგან ჩამოშორებისკენ უბიძგა. ქეროლს Viper-ის დიზაინის შექმნასთან პირდაპირი შეხება არ ჰქონია, რადგან ამ პერიოდში ის გულის ტრანსპლანტისთვის ემზადებოდა. მიუხედავად ამისა, ავტომობილის პროექტის უმეტესი დეტალი მასთან ერთად იყო შეთანხმებული. 1990 წელს შელბიმ უკიდურესად საჭირო გულის ტრანსპლანტაცია გადაიტანა.

ოპერაციის შემდეგ, 68 წლის ასაკში, შელბი რბოლას დაუბრუნდა. მან Indy 500-ში მონაწილეობა Dodge Viper-ით მიიღო. შელბიმ Viper GTS-ის შემუშავებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოდელი 1992 წელს ლოს ანჯელესის აუტო ჩვენებაზე წარსდგა.

Ford-ში დაბრუნება და გარდაცვალება.

2001 წელი ახლოვდებოდა, როდესაც ქეროლ შელბიმ და „ფორდმა“ ერთ დროს გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა დაიწყეს. 2002 წელს შელბიმ მონაწილეობა „ფორდის“ 100 წლიან სარბოლო ფესტივალზე მიიღო. კომპანიამ მას დაბრუნება და ახალი Ford GT-ს შექმნაში მონაწილეობა სთხოვა.

შელბიმ მალევე განაცხადა, რომ მას მრჩეველის კარიერის დასრულება სურდა. სწორედ ამიტომ, Ford Motor Company-მ და Shelby American-მა კი უკვე არსებული მოდელების გადაკეთება-წარმოება გადაწყვიტა. ამ პერიოდში ფართო აუდიტორიამ 2003 წლის Shelby Cobra Concept-ი და 2005-07 წლის Shelby GT500 იხილა.

Ford GT-ს შექმნის საწყის ეტაპზე მუშაობისას Shelby American-მა Carroll Shelby International-ი და Shelby Automobiles-ი დააფუძნა. 2007 წელს კი Shelby Automobiles-მა Shelby Performance Parts Company-ს შექმნა დაანონსა. ამ უკანასკნელის საქმიანობა Shelby Mustang-ის ოფიციალური ლიცენზირებული ნაწილების გაყიდვა უნდა ყოფილიყო.

ავტოინდუსტრიის დაპყრობა ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა კომპანიამ მოახერხა.

80 წელს გადაბიჯებულ შელბის, ჯანმრთელობის გაუარესებამ, სამრჩევლო როლი შეუზღუდა. მიუხედავად ამისა, მან 2011 წლის Los Angeles Auto Show-ზე დასწრება მაინც მოახერხა. ჰოლივუდში ყოფნისას მან 2013 წლის მოდელის, Ford Shelby GT500-ის ხილვა მოასწრო. ავტომობილი საოცრად ძლიერი 5.8 ლიტრი მოცულობის, V8 ტიპის ძრავათი იყო აღჭურვილი, რომელიც 650 ცხენის ძალასა და 813 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა.

2012 წლის 10 მაისს ქეროლ შელბი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ერთ თვით ადრე საავტომობილო საზოგადოებამ პირველი Shelby Cobra-ს გამოშვებიდან 50 წლისთავი აღნიშნა.

ეს დღესასწაული Shelby American-მა Shelby 1000-ის გამოშვებით იზეიმა. მოდელი 2012 წელს ნიუ იორკის აუტო ჩვენებაზე წარსდგა. 950 ცხენის ძალიანი ავტომობილი ზუსტად გადმოცემდა იმ ხედვასა და ღვაწლს, რაც ლეგენდარულმა პიროვნებამ ავტოინდუსტრიის განვითარებაში შეიტანა.

გაზიარება: