Aa Aa
7 ივნისი 2021  |  15:51

ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი: Mercedes-Benz E500 - W124

უდავოა, რომ ავტომობილები ცხოვრებას გვიადვილებს. ავტომობილი თავისუფლებაა. ნებისმიერ დროს მიგიყვანს იქ, სადაც გინდა. თუმცა, ზოგი ავტომობილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გადაადგილების საშუალება. ასეთი ავტომობილების უბრალოდ ქუჩაში შორიდან დანახვაც კი უფრო მეტ აღელვებას იწვევს, ვიდრე ზოგიერთის მართვა. ასეთი ავტომობილების სიაში შედის W124 შასის Mercedes-Benz E500, რომელიც უბრალოდ ლეგენდაა. მას „თანამედროვე კლასიკასაც“ კი უწოდებენ. თუმცა, რატომ იყო ეს ავტომობილი ასეთი განსაკუთრებული? ამის შესახებ ჩვენს ბლოგში მოგიყვებით.

როგორ იწყობოდა Mercedes Benz E500?

1990-1995 წლებში Mercedes-Benz-ი W124-ის მაღალი შესაძლებლობების მოდელს ჰყიდა. ეს იყო E500, რომელიც კომპანიის საკულტო მოდელია. რას შეიძლებოდა ეს მოდელი კიდევ უფრო განსაკუთრებულად ექცია? რა თქმა უნდა Porsche-სთან თანამშრომლობას. Mercedes-ი მთლიანად S-Class-ზე მუშაობით იყო დაკავებული. მათ W124-ის შასიზე სამუშაოდ Porsche-ს მოუხმო. ავტომობილში 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა უნდა მოეთავსებინათ, რომელიც SL-ში გამოიყენებოდა. გარდა ამისა, დაკიდების სისტემაზეც იყო სამუშაო. აღმოჩნდა, რომ ავტომობილი ზედმეტად ფართო გამოვიდა და ის ზინდელფინგენის ქარხანაში ვერ აიწყობოდა. ავტომობილის წარმოება Porsche-ს დაეკისრა. ეს მათთვის ზედმეტი ტვირთი იყო, რადგან იმ დროს კომპანია კრიზისში იყო.

წარმოების დროს „მერსედესს“ ნაწილები „პორშეს“ ცუფენჰაუზენის ქარხანაში მიჰქონდა, სადაც შასი ხელით იწყობოდა. როცა შასის აწყობა სრულდებოდა სატვირთოებით ისევ „მერსედესის“ ზინდელფინგენის ქარხანაში მიჰქონდათ და იქ ღებავდნენ. როცა საღებავი შრებოდა, ისევ Porsche-ს ქარხანაში აბრუნებდნენ, ძრავას სვამდნენ და ავტომობილების აწყობას ასრულებდნენ. საბოლოო შემოწმებისთვის ისევ ზინდელფინგენში გადაჰქონდათ. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ რთული პროცესი იყო, რომელიც დროში იწელებოდა. თითოეული ავტომობილის აწყობას 18 დღე სჭირდებოდა.   

როდის გამოჩნდა ბაზარზე?

გერმანიის ბაზარზე 500 E პირველად 1990-იანების ბოლოს გამოჩნდა. მისი ღირებულება 134 520 გერმანული მარკა იყო. 1993 წლის იანვრისთვის მისი ფასი 145,590 მარკამდე გაიზარდა. ბოლო წელი, როცა ის ბაზარზე იყო ხელმისაწვდომი 1994 აღმოჩნდა. 1992 წლის მოდელის ფასი ამერიკის ბაზარზე $81,800 იყო. 

წელი - ეგზემპლარი

1990 - 46

1991 - 2 566

1992 - 4 416

1993 - 1 596

1994 - 1 735

1995 - 120

ჯამში 10 479

იმპორტი დიდ ბაზრებზე

ამერიკის შეერთებული შტატები - 1528

იაპონია - 1 184

დიდი ბრიტანეთი - 29

კანადა - 45

ჯამში - 2 786 

 

რა ტექნიკური მონაცემები ჰქონდა 500E-ს?

500 E-ს ატმოსფერული 5.0-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 500 SL (R129) როდსტერისგან ისესხეს. 1992-1993 წლების მოდელებს SL500-ის 300-მილიმეტრიანი დისკოები ჰქონდა. 1993-1994 წლის მოდელებმა კი 320 მილიმეტრიანები 600 SL-დან.

იმ დროს მედიაში ამ ავტომობილს ცხვრის ტყავში გადაცმულ მგელს უწოდებდნენ. ამ ავტომობილმა ტესტირებებზე შესანიშნავი შედეგები აჩვენა. 0-100კმ/სთ-მდე 5.5 წამში აღწევდა. 0.4 კილომეტრს 14.1 წამში ფარავდა. მაქსიმალური სიჩქარე  - 260კმ/სთ. ქალაქში 100კმ-ზე 16.8 ლიტრს მოიხმარდა, ტრასაზე კი 13.8-ს.

უფრო ფართო საბურავებით, 23 მილიმეტრით დაბალი კლირენსით, ფართო ფრთებითა და გვერდითი გარსშემომდენებით, წინა სპოილერით, 500 E სხვა მოდელებისგან ადვილად გამოსარჩევი იყო.  მისი აგრესიული გარეგნობით, ხელნაკეთი კონსტრუქციით, შეზღუდული წარმოებით, ეს ავტომობილი სამართლიანად მიიჩნევა „თანამედროვე კლასიკად“. 

ეს ფაქტი ნაკლებად ცნობილია, თუმცა, წარმოების სრულ შეწყვეტამდე, 1995 წელს იანვარში 120 ავტომობილი ააწყვეს, რომელიც სპეციალური მოთხოვნით განსაკუთრებულ კლიენტებს მიუყვანეს. ეს კონკრეტული მოდელები ისევ Porsche-ს ქარხანაში Audi RS2 სპორტულ უნივერსალებთან ერთად იწყობოდა. წარმოებაზე ისევ ის გუნდი მუშაობდა, რომელმაც 500E და E500 შექმნა.

500 E/E 500 წარმოების განმავლობაში სულ რამდენიმე ცვლილება გაიარა. 1992 და 1993 წლის მოდელები ერთმანეთისგან გაურჩეველია. ყველაზე შესამჩნევი ცვლილება ამერიკის მოდელებისთვის 7 ცხენისძალის ნაკლებობა იყო. 1994 წლის მოდელის გარჩევა უფრო ადვილია. ცვლილებები მთელ E-Class-ზე აისახა. განახლებული მაშუქები, ცხაურა, საბარგულის ფრთა, ბამპერები. ძრავა კი იგივე დარჩა. 1994 წლის მოდელებს კი განახლებული Becker-ის ან Alpine-ს სისტემა ჰქონდა. 1994 წლის მოდელს უფრო დიდი ზომის მუხრუჭები ჰქონდა, რომელიც  R129 SL600 როდსტერისგან ისესხეს.  

Porsche-ს ნომენკლატურაში E500-ს Type 2758-ად მოიხსენებდნენ.

E 500 Limited ვერსია

1994 წლის მოდელის სახით, Mercedes Benz-მა E500 Limited ვერსია გამოუშვა. თავდაპირველად, მხოლოდ 500 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმებოდა. საბოლოოდ, 1994-1995 წლებში 951 ეგზემპლარი ააწყეს. ამ ვერსიას რამდენიმე განსხვავებული დეტალი ჰქონდა. ინტერიერში მეტი სხვადასხვა ფერის ტყავი და ხე იყო გამოყენებული. ხალიჩებიც განსხვავებული ფერის იყო. 17" EVO-II  ალუმინის დისკები ჰქონდა. კლირენსიც სტანდარტულ მოდელთან შედარებით დადაბლებული იყო. მფლობელის სახელმძღვანელოც ტყავში იყო შეფუთული, რომელიც ფერიც სავარძლის ფერს ემთხვეოდა. ტყავი სამ ფერში იყო ხელმისაწვდომი: წითელი, მწვანე და ნაცრისფერი.

E 60 AMG ვერსია

არსებობდა კიდევ ერთი შთამბეჭდავი,სპეციალიზებული E 60 AMG მოდელი, რომელიც 1994-1995 წლებში შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა. ამ მოდელებს 6.0-ლიტრიანი V8 ძრავა ჰქონდა, რომელიც 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 5.3 წამში აღწევდა. ავტომობილს სპორტული სალონი ჰქონდა. მის აღჭურვილობაში  17" EVO-II ალუმინის დისკები, AMG-ს დაკიდების სისტემა და მაყუჩის მილები შედიოდა. E500-სა და  E 60 AMG-ს უფრო ფართო თაღები, ბამპერები და ნისლსაწინააღმდეგო ფარები ჰქონდა. "957" AMG Technology Package იმის გარანტიას იძლევა, რომ ავტომობილი ქარხნულია. ზოგიერთი E 500 6-ლიტრიანი V8 ძრავის ჩადგმით E 60 AMG-დ გადააკეთეს, მაგრამ მათ  "957" კოდი არ აქვთ. მთლიანობაში კი ორიგინალი E 60 AMG-ს მახასიათებლებია:

  • M119 6.0L V-8 ძრავა, რომელიც 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებს
  • EVO-II 17" ალუმინის დისკები
  • ორტონიანი სპორტული ინტერიერი
  • AMG დაკიდების სისტემა
  • AMG-ს მაყუჩის მილები
  • AMG-ის იარლიყები
  • 957 "AMG Technology Package" VIN კოდში

ეს 4-კარიანი სედანი ნამდვილი ლეგენდაა. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს უბრალოდ სტანდარტული 500E, Limited ვერსია, თუ E60 AMG. რა თქმა უნდა, ის თავის დროზე ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო და არც დღესაა. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა, დღეს მათი ფასი საშუალოდ $35,169-ია. რა თქმა უნდა, ფასი ავტომობილის მდგომარეობასა და პაკეტზეა დამოკიდებული. თუმცა, ვისაც ამ ავტომობილის ფასი კარგად ესმის, მან იცის, რომ მასში გადახდილი არც ერთი თეთრი წყალში გადაყრილი არ არის.

გაზიარება: