Aa Aa
9 ივნისი 2021  |  10:11

როგორ შეიძინა მუჰამედ ალიმ გაკოტრების პირას მყოფი ავტომწარმოებელი

რა თქმა უნდა, მსოფლიო მუჰამედ ალის, არა როგორც ავტოენთუზიასტს, არამედ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივედ და სამოქალაქო აქტივისტად იცნობს. ავტომობილის ხსენებაზე მუჰამედ ალი არავის ახსენდება, მაგრამ მის ურთიერთობაზე ავტოსამყაროსთან რამდენიმე საინტერესო ისტორია არსებობს და დღეს ჩვენ ამ ისტორიებიდან ერთ-ერთს მოგიყვებით. მანამდე, კი უნდა გავიხსენოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი.

1950-იანებამდე ბრაზილია ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევდა. მათი მთავარი პროდუქტი ექსპორტზე ყავა იყო. ავტოწარმოებასთან დაკავშირებული ყველაზე აღსანიშნავი ფაქტი ისაა, რომ იქ „ფორდი“ 1919 წლიდან იყო. სან პაულუში Ford Model T-ს აწყობდა. 1950-იანებში კი მთავრობამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია გადაწყვიტა. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ქვეყანაში ავტოწარმოების წახალისება იყო. ბრაზილიამ იმპორტზე დიდი გადასახადები დააწესა. რაღაც პერიოდით, იმპორტი აკრძალა კიდეც. აკრძალვებმა იმოქმედა. General Motors-მა, Toyota-მ და Volkswagen-მა ბრაზილიაში ქარხნები გახსნეს. სანამ ეს მოხდა, რამდენიმე ქარხანა უკვე ადგილობრივ ავტომწარმოებლებსაც ჰქონდათ.

პირველი Puma DKW Malzoni-ს პროექტის სახელით აიწყო. 1964 წელს სან პაულუში ჯენარიო მალზონიმ ააწყო და პოპულარობა მალევე მოიპოვა. მალზონიმ Lumimari დააარსა. კომპანია წელიწადში მხოლოდ 35 ავტომობილს უშვებდა. მალე ეს რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. 1966 წელს კომპანიას სახელი შეეცვალა და Puma დაერქვა. თუმცა, ამ პატარა კომპანიებისთვის რთული იყო საზღვარგარეთულ ბრენდებთან ჭიდილი. Volkwagen-მა DKW იყიდა და Puma ძრავის და სხვა ნაწილების გარეშე დარჩა. მათი ახალი მოდელი Volkwagen Karmann Ghia-ზე იყო დაფუძნებული.

სუპერქარების დიზაინი უკვე პოპულარული მოდელებით იყო შთაგონებული. მაგალითად, Lamborghini Miura-თი. თუმცა, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ავტომწარმოებელი ნელ-ნელა გაკოტრებამდე მიიყვანა. კომპანია ორჯერ გაიყიდა. ერთხელ 1885 წელს. მეორედ 1986 წელს. Araucaria Vehicle-მა Puma შეიძინა. სწორედ აქ ერთვება საქმეში ლეგენდარული მოკრივე.

ტეხასში Puma-ს წარმომადგენელი კევინ ჰეინსი იყო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მეგობრობდა იმ კაცთან, რომელიც „პეპელასავით დაფრინავდა და ფუტკარივით ნესტრავდა“: რა თქმა უნდა, საუბარია იმ დროს უკვე ყოფილ მოკრივე მუჰამედ ალიზე.   

ჰეინსმა ალი დაარწმუნა, რომ Puma-ში ფული დაებანდებინა. ერთ-ერთი სტატია 1987 წლიდან ამტკიცებს, რომ ალი ახალი სუპერქარის გამოშვებას აპირებდა და მას  Ali Stinger-ი ერქმეოდა. „ყოფილმა მოკრივემ ახალი კომპანია Ali Vehicle Industry დააარსა და ორ ბრაზილიურ კომპანიასთან Araucaria Vehicle Industry-სთან და Inter-American Ltd.-სთან გაერთიანდა.

როგორც სტატია ირწმუნება კომპანიას ყოველ წელს 500 კუპე და კაბრიოლეტი ამერიკაში, შუა აღმოსავლეთსა და ევროპაში უნდა გაეგზავნა.

ფულის დაბანდების გარდა, ალიმ გაყიდვების გაზრდა და არეალის გაფართოებაც გადაწყვიტა. ლეგენდარულმა მოკრივემ საუდის არაბეთის შეიხ ალ ფასისთან გარიგება დადო. შეიხი 400 ეგზემპლარ Puma P-108 კაბრიოლეტს შეუკვეთავდა, რომლებიც (ზოგიერთი წყაროს თანახმად 440 ან 1440) Puma Al Fassi-ს სახელით შუა აღმოსავლეთში გაიყიდებოდა.

1988-1989 წლებში ორი პროტოტიპი და მესამეს კორპუსი აიწყო. Al Fassi-ს იარლიყების გარდა, Al Fassi Puma სტანდარტული Puma P-108-სგან რამდენიმე დეტალით განსხვავდებოდა: ის უფრო ფართო იყო, წინა მაშუქების დიზაინი, მრგვლის ნაცვლად, ოთხკუთხედი გახდა, სალონში უფრო მეტი ხე იყო გამოყენებული. კომპანიამ სცადა ავტომობილი ევროპული სტანდარტებისთვის მიეახლოებინა.  ასევე ამ ავტომობილებს კარის მრგვალი სახელურები ჰქონდა, რომლებიც Fiat Ritmo-სას ძალიან ჰგავს.

ამ პროტოტიპებს უკან მოთავსებული 1600cc VW ძრავა ჰქონდა. თუმცა, უფრო საინტერესო იდეაზეც მუშაობდნენ. ავტომობილები ამერიკაში ძრავის გარეშე უნდა გაეგზავნათ, სადაც მათში Porsche 911-ს 6-ცილინდრიან ძრავებს ჩასვამდნენ. გადარჩენილ ეგზემპლარს VW-ს ძრავა აქვს, ამიტომ, უცნობია რამდენად დაიხვეწა და განხორციელდა Porsche-ს ძრავების იდეა.  

ალის ჩართულობას ხაზი ავტომობილის სახელშიც ესმეოდა: „Puma Al Fassi Muhammad Ali-სგან“.  ალი ბრაზილიაში, კურიტიბაში ჩავიდა და პროტოტიპების წარმოების პროცესი თავად დაათვალიერა.

სამწუხაროდ, სანამ ავტომობილები აიწყობოდა, შეიხს პრობლემები შეექმნა. მან მხარი სადამ ჰუსეინს სპარსეთის ყურეში ომში მხარი საჯაროდ დაუჭირა. მას 3-წლიანი შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ალ ფასი გაიქცა და ყველაფერი თან გაიყოლა, რაც შეძლო. დარჩენილი ანგარიშები კი გაუყინეს. გარიგება ჩავარდა.

ეს Puma-სა და მუჰამედ ალის ბრენდისთვის დამღუპველი იყო. Al Fassi-ს წარმოებაში $36 მილიონი იყო ჩადებული. ეს კომპანიისთვის დიდი დარტყმა იყო. ავტომობილის აწყობის უფლება სხვა კომპანიას - Alfa Metals-ს მიყიდეს, რომელმაც 2006 წელს ბრაზილიაში Puma-ს ბოლო ავტომობილები ააწყო. ამის შემდეგ თითქოს Puma-ს ისტორია დასრულებული იყო, როცა 2013 წელს ის სამხრეთ აფრიკაში Puma Automobiles-ის სახელით დაბრუნდა. თუმცა, ეს უკვე სხვა ისტორიაა.

ბევრი ადამიანი ალის მხოლოდ მოკრივედ იცნობს. თუმცა, მისი ხანმოკლე მოღვაწეობა ავტოსამყაროში ნამდვილი სიგიჟეა. ალბათ ძნელად თუ იპოვით სპორტის ლეგენდას, რომელიც ცდილობდა ავტომობილები საუდის არაბეთის შეიხისთვის მიეყიდა. სამწუხაროა, რომ შეიხმა გადასახადები არ გადაიხადა, რადგან 911-ის ძრავიანი Puma-ს ხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა. თანაც ნებისმიერი ავტომობილი, რომელშიც მუჰამედ ალის სახელი ურევია ნამდვილი „ჩხუბისთავი“ იქნებოდა, არა?  

გაზიარება: