Aa Aa

სენსაციური სუპერქარი, რომელმაც დროს გაუსწრო: McLaren F1-ის დაბადება

ტიტული „ყველაზე სწრაფი“ ავტოსამყაროში ყოველთვის მომხიბვლელი იყო. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ავტომწარმოებლები ამ ტიტულის მოსაპოვებლად 60-იანი წლებიდან იბრძოდნენ: Lamborghini Miura, Ferrari 365 GTB, შემდეგ Countach და Testarossa; საუკუნის ბოლოს კი — „ლამბორგინის“ ეშმაკი Diablo, „ფერარის“ უნიკალური და ლეგენდარული F40 და F50, მათი უმთავრესი კონკურენტი Porsche RUF CTR, Bugatti-ს EB110 და Jaguar-ის XJ220.

ზემოთ ჩამოთვლილი სუპერქარები ერთმანეთის რეკორდებს ხსნიდნენ და აუმჯობესებდნენ. როდესაც არავინ დათმო, ბოლოს კონკურენცია სიგიჟეს დაემსგავსა. ტიტულისთვის — „ყველაზე სწრაფი“ — ბრძოლა 1992 წელს შეწყდა, როდესაც ინგლისურმა ავტომწარმოებელმა McLaren-მა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, F1 გამოუშვა.

ისტორია 1988 წელს დაიწყო, როცა McLaren-ის „ფორმულა 1“-ის გუნდმა 16 რბოლიდან 15 მოიგო და სეზონის გამარჯვებული გახდა. კომპანიის პარტნიორებმა სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს, შეექმნათ უნიკალური ავტომობილი, რომელსაც ექნებოდა შეუდარებელი მონაცემები, სიმძლავრისა და წონის უმაღლესი თანაფარდობა და, ამავდროულად, გამოსადეგი იქნებოდა ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ამ მიზნების მისაღწევად „მაკლარენის“ მთავარი კონსტრუქტორი გორდონ მიურეი მიხვდა, რომ საჭირო იყო, შეექმნა მძლავრი და მსუბუქი, ატმოსფერული V12-ით აღჭურვილი მოდელი, რომელიც არაერთი საპატიო წოდების მფლობელი გახდებოდა. ოთხწლიანმა შრომამ და, რაც მთავარია, „ფორმულა 1“-ში დაგროვილმა უდიდესმა გამოცდილებამ, ასევე უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებამ შედეგი გამოიღო.

ასევე დაგაინტერესებთ: სენსაციური სუპერქარი, რომელმაც დროს გაუსწრო: McLaren F1-ის დაბადება

ინგლისურმა ბრენდმა F1-ის მოდელის პრეზენტაცია პირველად 1992 წელს მონაკოში გამართა. შოუზე პოტენციურმა მყიდველებმა შეიტყვეს, რომ გამოშვებული იქნებოდა მხოლოდ 100 ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირი და, რაც მთავარია, ყველაზე სწრაფი იქნებოდა.

F1 გახდა პირველი სერიული მანქანა, რომლის ძარა ნახშირბადის ბოჭკოსა (კარბონის) და გაძლიერებული პლასტმასისგან შედგებოდა. დაკიდების სისტემაში ინჟინრებმა ალუმინი და მაგნიუმი ერთად გამოიყენეს. მანქანის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მძღოლის სკამი და საჭე განთავსებული იყო სალონის ცენტრში, მგზავრების სკამები კი — ცოტა უფრო უკან.

ავტომობილის საერთო წონა 1140 კგ-ს შეადგენდა. მსუბუქი წონა ერთ-ერთი თვისება იყო, რითაც მოდელი „ფორმულა 1“-ის ბოლიდს მონაცემებით ჰგავდა. ახლად შექმნილი სუპერქარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურძრავიანი იყო და მისი ორივე კარი ე.წ. butterfly doors-ის პრინციპით, ანუ ზემოთ იღებოდა.

ჩვეულებრივი F1 არ იყო აღჭურვილი უკანა სპოილერით, თუმცა მისი შასის ფორმა და უკანა დიფუზორი უზრუნველყოფდა ავტომობილისთვის მძლავრი აეროდინამიკური ძალის წარმოქმნას. ავტომობილს გააჩნდა ასევე „ფრთების მოძრაობის“ რამდენიმე რეჟიმი, რისი საშუალებითაც მძღოლს დამწოლი ძალის (downforce) კონტროლი შეეძლო. დამუხრუჭებისას ის ავტომატურად ირთვებოდა და აეროდინამიკური წინააღმდეგობის (drag) კოეფიციენტი 0.32-იდან 0.39-მდე იზრდებოდა. ეს ყველაფერი F1-ს სიჩქარის შემცირებაში ეხმარებოდა.

ავტომობილის დაკიდების სისტემაზე დინამიკოსი სტივ რენდლი იყო პასუხისმგებელი. რენდლის დავალება იყო, F1 ყოველდღიურად გამოსაყენებელი და, ამავდროულად, ტრეკზე მანევრისთვის ორიენტირებული ყოფილიყო. დინამიკოსმა ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა. F1-ის წონის გადანაწილება შემდეგნაირი იყო: 42% — წინ და 58% — უკან.

„მაკლარენის“ მთავარი კონსტრუქტორი გორდონ მიურეი მოითხოვდა, რომ ძრავა ატმოსფერული ყოფილიყო. კონსტრუქტორმა უარი თქვა სუპერქარში ტურბინის ან კომპრესორის გამოყენებაზე. მართალია, ისინი გამომუშავებულ სიმძლავრეს ბევრად ზრდიდნენ, თუმცა რთული სისტემები მძღოლს ძრავის სრული კონტროლის საშუალებას არ აძლევდნენ. 

პროექტის დასაწყისში „მაკლარენში“ 550 ცხენისძალიანი „გულის“ ჩადგმა იგეგმებოდა, მიურეიმ კი ამისთვის Honda-ს მიმართა. იმ დროისთვის „ჰონდა“ „მაკლარენის“ ძრავების უმთავრესი მიმწოდებელი იყო.

იაპონურმა გიგანტმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. წარუმატებელი აღმოჩნდა ასევე Isuzu-ს 3.5-ლიტრიანი პროექტიც. F1-ის კონსტრუქტორებმა უფრო აგრესიული ძრავა მოითხოვეს.

საბოლოოდ, სუპერქარის აღჭურვაზე ინტერესი BMW-მ გამოთქვა, რაზეც მიურეი სიამოვნებით დათანხმდა. ასე დაიწყო ახალი პროექტის შექმნა, რომელსაც სათავეში BMW Motorsport-ის განყოფილების ძრავების ექსპერტი — პოლ როშე ჩაუდგა.

ბავარიულმა გიგანტმა F1-ისთვის 6.1-ლიტრიანი, 60-გრადუსიანი, V ტიპის 12-ცილინდრიანი ძრავა შექმნა. 48-სარქველიანი ძრავის შემადგენლობაში ნახშირბადის ბოჭკო (კარბონი), ხოლო ტემპერატურის კონტროლისთვის ოქრო გამოიყენებოდა — თითო ავტომობილში დაახლოებით 25 გრამი.

უნიკალური მეთოდების გამოყენებით, 250-კილოგრამიანი ძრავის მგრეხავმა მომენტმა 651 ნიუტონ-მეტრი შეადგინა, სიმძლავრე კი 627 ცხენის ძალას გაუტოლდა. ძრავის კომპრესია 11.1-ს შეადგენდა, „რედლაინი“ კი 7500 ბრუნზე მდებარეობდა.

ძრავის შემშვები სისტემის საიდუმლო, რა თქმა უნდა, BMW M Power-ის დამოუკიდებელ, 12 დროსელში მდგომარეობდა, გამომშვებ სისტემაში კი ინჟინრებმა 4 კატალიზატორი გამოიყენეს. ძრავის ტექნოლოგიურ მახასიათებლებშია BMW VANOS-ის მსგავსი VVT სისტემა, რამაც გამანაწილებელი ღერძის ფაზების ცვლილება ძრავის სხვადასხვა ბრუნზე უზრუნველყო.

1140-კილოგრამიანი სუპერქარის ძრავა იმ დროისთვის სიმძლავრისა და წონის საუკეთესო შეფარდებას უზრუნველყოფდა, რაც ავტომობილის შემქმნელების მთავარი მიზანი იყო. „მაკლარენის“ სიმძლავრე ერთ ტონაზე 550 ცხენის ძალას შეადგენდა.

კონსტრუქტორებმა მიღებული სიმძლავრის მუხლა ლილვიდან გადაცემათა კოლოფამდე გადატანა სამდისკიანი კარბონის გადაბმულობით (Clutch) შეძლეს. სუპერქარის გადაცემათა კოლოფი 6-სიჩქარიანი მექანიკური იყო, რომელიც ბრიტანულმა კომპანია Weismann-მა შეიმუშავა. ავტომობილის უკანა ხიდზე გამოიყენებოდა შეზღუდული ხოშის დიფერენციალი (LSD) 40%-იანი ბლოკირებით.

McLaren F1-მა გამოშვებისთანავე სიჩქარის მსოფლიო რეკორდი მოხსნა და ეს ტიტული 11 წელი შეინარჩუნა! 1998 წელს „ფოლკსვაგენის“ საცდელ ტრასაზე McLaren F1-მა მსოფლიო სიჩქარის მორიგი რეკორდი დაამყარა. ბრიტანელმა პილოტმა ენდი უოლესმა სუპერქარით 391 კმ/სთ განავითარა.

McLaren-ის გუნდმა პროექტი წარმატებით დაასრულა. სულ 106 ავტომობილი გამოუშვეს. მათგან 64 ჩვეულებრივი, საგზაო ვერსიაა, 5 — LM (ლე მანი), 3 — GT და 28 — GTR სარბოლო მოდელი (ასევე 6 საცდელი პროტოტიპი).

McLaren F1-ის ფასი 970 000 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მას იმ დროისთვის წარმოებულ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებულს ხდიდა. McLaren F1-ის წარმოება 1998 წელს შეწყდა. მიუხედავად ამისა, ის დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად მიიჩნევა.

გაზიარება: