Aa Aa
24 ივლისი 2021  |  13:35

Vauxhall Lotus Carlton-ის ისტორია - 90-იანების ჰიპერ-სედანი

ეს ამბავი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სუპერ-სედანს ეხება.

თუ თქვენ ბაზარზე სუპერ-სედანს ეძებთ, რომელშიც 4 მგზავრს ჩაისვამთ, კომფორტულად იმგზავრებთ და გზად 911 Turbo-ს იმედგაცრუებულს დატოვებთ, მაშინ ეს საქმე BMW M5-ის არჩევით დასრულდება. იმ შემთხვევაში თუ უნივერსალი ვერსია არ გსურთ - თუმცა ასეთი ვერსიის M5-ის მოდელებიც არსებობს - M5-ს ბადალი არ ჰყავს. ეს სიტყვები უბრალო შექება არ გეგონოთ, M5 ასეთი სტატუსისა და ღირებულების მინიჭებას ყოველთვის იმსახურებდა. ნუ, თითქმის ყოველთვის.

E34 M5 90-იანებში მშვენიერი ავტომობილი გახლდათ. სიმძლავრე არ აკლდა, თუმცა, სუპერ-სედანების მეფე არ ყოფილა. ბევრი ავტომოყვარულის აზრით, მოკრძალებული ფესვების მქონე რაღაც მოდელმა M5 ტახტიდან ჩამოაგდო. ეს ავტომობილი Vauxhall Lotus Charlton-ი გალხდათ. ეს ისტორია კი სწორედ ამ შესანიშნავ ავტომობილზეა.

Vauxhall Lotus Carlton-ის, ან უბრალოდ Lotus Carlton-ის, წარმოშობის ნაკვალევი Vauxhall Carlton GSi 3000-დან მოდის. თავის დროზე GSi საკმაოდ სპორტული სედანი იყო. 24-სარქველიანი 3-ლიტრიანი ერთრიგა ძრავით აღჭურვილი ვერსია 204 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. 1990-იანი წლებიs გარიჟრაჟშს კი ცხენისძალების ეს რაოდენობა სტანდარტებს აღემატებოდა.

ამ პერიოდში Vauxhall-ს General Motors-ი Lotus-ის სახელით ფლობდა. Carlton-ი საკმაოდ დაბალანსებული და პოპულარული მოდელი გახლდათ. GM-მა კი იფიქრა, რომ Lotus Carlton GSi-ის უფრო სპორტული ვერსიის გამოშვება წარმატებული იდეა იქნებოდა და ისინი ნამდვილად არ შემცდარან.

Lotus-მა ზემოთხსენებული 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავის ტრანსფორმაციის პროცესი რამდენიმე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით დაიწყო. პირველ რიგში, მათ მოცულობა 3-დან 3.6 ლიტრამდე გაზარდეს. შემდეგ, საკმაოდ გასაოცრად, მათ ძრავზე 2 Garrett T25 ტურბინები მიამაგრეს, რომელიც დაბერვისას 10.2psi-ს აჩვენებდა. თუმცა, ცვლილებები აქ არ შეწყვეტილა.

ცხენის ძალებისა და სიმძლავრის გაუმჯობესების შემდგომ, Lotus-მა ავტომობილის საიმედოობაზეც იფიქრა. სპორტული დეტალები შესანიშნავი დანამატი იყო, თუმცა ძალოვან აგრეგატს დამატებითი ძალისთვის უნდა გაეძლო და პრობლემები არ შექმნოდა. ამისათვის ძრავის ბლოკის გარეგანი კედლები გაძლიერდა, გაუმჯობესდა მუხლა ლილვი, პისტონები და დამაკავშირებელი წნელები. ანთების მანაწილებელი მოიხსნა და მის ნაცვლად სამრგოლიანი პირდაპირი სინქრონული ანთების სისტემა დაუმონტაჟდა. თუმცა, ანთების მანაწილებელი ახალი ინტერქულერისთვის წყლის ტუმბოს მუშაობაში მაინც ჩართეს. შემდეგ ეტაპზე კი დეტონაციური კაკუნის შესამცირებლად კომპრესია 10.0:1-დან 8.2:1-მდე შეამცირეს.

დამატებითი ენერგიის სწორად გადანაწილებისთვის ორიგინალი კოლოფი C4 Corvette ZR1-ის 6-სიჩქარიანი მექანიკურით ჩანაცვლდა. გეტყვით იმასაც, რომ ეს ტრანსმისია კომპრესორიან Aston Martin Vantage-შიც გვხვდება. ძალოვანი აგრეგატის მნიშნველოვან გაუმჯობესებად ითვლებოდა V8 ძრავიანი Holden Commodore-ის ბლოკირებული ხიდიც. ამის შემდეგ უკვე Lotus-ის ჯადოქრებმა დაკიდების სისტემაზეც წაიმუშავეს.

Carlton-ს ორიგინალი GSi-ს დაკიდების სისტემა დარჩა, თუმცა, Lotus-მა მაღალი სიჩქარის სტაბილაზაციისთვის ის საფუძვლიანად გააუმჯობესა, რამაც მანევრულობაზე და ბალანსზე იმოქმედა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია სამუხრუჭე სისტემა გახლდათ. ავტომობილს წინ 328მმ-იანი სამუხრუჭე დისკები და 4-პისტონიანი AP სუპორტები დაუმონტაჟეს. ხოლო უკან - 300მმ-იანი დისკები და 2 პისტონიანი სუპორტები იდგა.

ძრავის ზემოთ ჩამოთვლილი მოდიფიკაციები დინამომტრზე გატესტეს. შედეგად 204-ცხენისძალიანი აგრეგატი 377 ცხენისძალას გამოიმუშავებდა, ხოლო მაბრუნი მომენტი 568 ნიუტონ მეტრს აღწევდა.

Carlton-ი მსუბუქი მანქანა არ ყოფილა. ის 1653კგ-ს იწონიდა თუმცა, სიმძლავრე, რომელიც მძღოლის განკარგულებაში იყო, ავტომობილს 0-დან 100კმ/სთ-მდე 5 წამში ასაჩქარებლად ეხმარებოდა. გასაოცარი შედეგი იყო, როგორც 0-დან 160კმ/სთ-ის 10.6 წამში განვითარებაც, ისე მაქსიმალური სიჩქარეც, რომელიც 284კმ/სთ მაინც იყო. სიტყვა „მაინც“ იმიტომ, რომ ავტოჟურნალისტების მიერ გამოსაცდელად წაყვანილმა Carlton-მა 299კმ/სთ დააფიქსირა.
და გახსოვდეთ, რომ ეს 1990 წელს ხდება!

შედარებისთვის გეტყვით, რომ E34 BMW M5 ამ პერიოდისთვის 311 ცხენისძალას და 360 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. მაბრუნი მომენტის მხრივ კი ბავარიელი Cartlon-ს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. M5 100კგ-ით მეტსაც იწონიდა. შედეგად, ეს ავტომობილი 0-დან 100კმ/სთ-ის განვითარებას 6.3 წამს ანდომებდა, ხოლო 0-დან 160კმ/სთ-ის მიღწევას 14.4 წამი სჭირდებოდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-მდე ელექტრონულად იყო შეზღუდული. როგორც ხედავთ, Cartlon-ი საერთოდ სხვა ლიგაში ასპარეზობდა.

Carton-ის სისწრაფე იმდენად გასაოცარით იყო, მისი სუპერქარებთან შედარებაც შეიძლება. თუ ადრე Ferrari Testarossa-ს მართავდით და შუქნიშანზე Lotus-ის მიერ გაუმჯობესებულ საოჯახო ავტომობილს ამოუდგებოდით, მაშინ წარმოუდგენელი იმდეგაცრუებისთვის უნდა მომზადებულიყავით. რატომ? მიუხედავად Testarossa-ს 12 იტალიური ცილინდრისა ის 0-დან 160კმ/სთ-მდე მთელი ერთი წამით ჩამორჩებოდა თავმდაბალ Vauxhall-ს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი თვალი ვიზუალურ გაუმჯობესებებს შეატყობს, ხალხის უმეტესობისთვის ეს Vauxhall-ის ჩვეულებრივი სედანი იყო. ცვლილებები იყო მცირედი, მაგრამ საკმარისი. სპორტული და ოდნავ დაბერილი კორპუსი, სპოილერითა და რაც ყველაზე მთავარია - უნიკალური ფერით, “Impreial Green-ით“.

კომპიუტერის ან სმარტფონის ეკრანზე ყურებისას ალბათ ამ ფერს როგორც შავს ისე აღიქვამთ, რომელსაც მწვანე ფერი დაჰკრავს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, დღის შუქზე ეს ულამაზესი ფერია, რომელშიც Lotus-ის მოდელები იღებებოდა. Carlton-ის შეძენა კი მხოლოდ ამ საღებავით შეიძლებოდა.

გერმანული დაწესებულების სპორტულობას უფრო მოხდენილობა და "ჯენტლმენური" მანერები ახასიათებდა. ამ დროს Lotus-ი უფრო მეტი იყო, ვიდრე მძიმეწონიანი მებრძოლი. იმ პერიოდისთვის მსოფლიოს Carlton-ის მსგავსი ექსტრემალური ავტომობილი ნანახი არ ჰყავდა. არავინ იფიქრებდა, რომ საოჯახო ავტომობილი სიჩქარის ასეთ მწვერვალებს დაიპყრობდა და ავტოინდუსტრიის გმირად მოგვევლინებოდა.

Lotus Carlton-ი ეპოქის ყველაზე სასურველი ავტომობილი კრიმინალური ბანდებისთვისაც იყო. ქურდების თვალებში, არაფერი იყო ისეთ ავტომობილზე მიმზიდველი, რომლის მეშვეობითაც ისინი და მათი დაჯგუფების წევრები პოლიციელებს დაჩაგრავდნენ. ამ საქმიანობისთვის Lotus-ს რეალურად იყენებდნენ. აღნიშნულ ავტომობილებს პოლიციელებისგან გაქცევა ისე შეეძლოთ, თითქოს არ ყოფილან დანაშაულის ადგილას. იმ პერიოდისთვის ყველაზე სწრაფი პოლიციის ავტომობილი 240 კმ/სთ-იანი Vauxhall Senators-ი იყო, რომელიც საქალაქთაშორისო გზებისთვის იყო განკუთვნილი. ურბანულ არეალებში კი პოლიცია მცირე ზომის მანქანებს იყენებდა, რომელთა სიჩქარე 150კმ/სთ-ს არ აჭარბებდა. ეს აღჭურვილობა კი Carlton-ის მსგავსი ავტომობილების დასაჭერად საკმარისი არ იყო.

Lotus-ის წარმადობა იმდენად შოკისმომგვრელი გახლდათ, რომ კომიკოსებმა სკეჩების დადგმაც კი დაიწყეს. მეტიც, ბრიტანეთში ამ ავტომობილით გადაადგილების აკრძალვაც სურდათ. თუმცა, Vauxhall-ის ევროპელმა ძმამ - ოპელმა - მოდელის სავარაუდო შეზღუდვაზე უარი თქვა. გმადლობთ თქვენო უდიდებულესობავ!

Carlton-ის წარმოება 1990 წელს დაიწყო. ჯამში სულ 1100 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმებოდა. მისი ფასი კი 48 000£ გახლდათ, რაც დღევანდელ მსოფლიოში 110 000£-ს უდრის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე იაფია, შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის მსგავსი წარმადობის მქონე მოდელები რამდენჯერმე უფრო ძვირი ღირდა. აღსანიშნავია Carlton-ის ოთხი კარიც და უზარმაზარი საბარგულიც, მაშასადამე - პრაქტიკულობა. Lotus-ის პოპულარობის მიუხედავად, 90-იანების რეცესიამ კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რამაც წარმოების შემცირება გამოიწვია. შედეგად კი ქარხანა 950-მა მოდელმა დატოვა.

950 ეგზემპლარიდან 320 ბრიტანეთში Vauxhall Lotus Carlton-ის სახელად გაიყიდა. დანარჩენი 630 მოდელი კი ევროპაში Opel Lotus Omega-დ გაიცნეს. ყველა მათგანის გამოჩენა პოლიციას შიშს ზარს ნებისმიერ კონტინენტზე სცემდა.

დღეს Lotus-ის წარმადობა მივიწყებულია და მის მნიშვნელოვანებაზე ბევრს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ პერსპექტივა ყველაფერია. შეგიძლიათ იმის წარმოდგენა, რომ Vauxhall Insignia დღეს არამარტო M5-ზე, არამედ Ferrari 812 Superfast-ზე სწრაფიც იყოს? დიახ, ამ მაგნიტუდის მიღწევა ჰქონდა Carlton-ს იმ პერიოდისთვის.

სამწუხაროდ, დღეს Lotus Carlton-ის მართვა ან შეძენა ძალზედ რთულია. წლების წინ დაბალგარბენიანი ეგზემპლარის შეძენა 20 000 £-ად შეიძლებოდა. დღეს კი კარგად შენახულ მოდელს 100 000 £-ზე ნაკლებად ვერ ნახავთ.

ეს ფასი ზუსტად ირეკლავს ავტომობილის მნიშვნელოვანებასაც და განსაკუთრებულობას. თუ E34 M5 სუპერსედანად მიიჩნეოდა, Lotus Carlton-ი უდაოდ ჰიპერსედანია.

გაზიარება: