Aa Aa
17 ივლისი 2021  |  10:45

Mercedes-Benz CLR: როგორ ააწყო Mercedes-მა თვითმფრინავი

Mercedes-ს ავტოსპორტში უდიდესი ისტორია აქვს. ის რბოლებში 100 წელზე მეტია მონაწილეობს. ფორმულა 1-ში Mercedes-მა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია. 1990-იანებში კი ავტომწარმოებელი FIA GT1 კლასში დომინირებდა, რასაც Mercedes CLK GTR-ს საინტერესო განვითარება მოჰყვა - CLR. როგორც ხშირად ხუმრობით ამბობენ, ეს  უფრო თვითმფრინავი იყო, ვიდრე ავტომობილი და არაერთხელ „იფრინა“ კიდეც.

1955 წელს ლე მანის 24 საათზე მომხდარი ავარია „ლემანის კატასტროფის“ სახელითაა ცნობილი. ავარიისას გაბნეულმა დეტალებმა 83 მაყურებლის გარდაცვალება და 180 ადამიანის დაშავება გამოიწვია. ავარიაში ფრანგი პილოტი პიერ ლევეგი დაიღუპა. ლევეგის Mercedes-ი ჰაერში აიჭრა, მაყურებლების ბარიერს ორჯერ შეეჯახა. შემდეგ კი ისევ ტრასაზე დაეცა. ეს იყო ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე, რამაც Mercedes-Benz-ის 1989 წლამდე ავტოსპორტიდან წასვლა გამოიწვია.

80-იანი წლებიდან Mercedes-მა ავტოსპორტში დაბრუნება ნელ-ნელა დაიწყო. 1996 წელს კი FIA GT Championship-ში მონაწილეობა გადაწყვიტა. იქ კონკურენცია Porsche-სა და McLaren-ისთვის უნდა გაეწია. ამისთვის, რაღაც განსაკუთრებული სჭირდებოდა.

1997 წელს Mercedes CLK GTR-ი დაიბადა. ეს იყო Mercedes-ისა და AMG-ს თანამშრომლობის საუკეთესო პროდუქტი. 128 დღეში მათ FIA GT Championship-ში მონაწილეობისთვის იდეალური ავტომობილი შექმნეს. რეგულაციების თანახმად, მწარმოებელს სარბოლო ავტომობილის საგზაო ვერსიაც უნდა ჰქონოდათ. ამიტომ Mercedes-მა 25 ეგზემპლარად CLK GTR Strassenversion-ი ააწყო. დღეს ეს ავტომობილი მულტიმილიონერებისთვისაც კი რთულად ხელმისაწვდომია. აუქციონზე მისი საშუალო ფასი $10,000,000-ია.

რა არის Mercedes CLR-ი?

CLR-ი CLK GTR-ის მემკვიდრეა, რომელმაც FIA და LeMans GT1 კლასში გაიბრწყინა. ავტომობილი HWA RACELAB-მა, AMG-ს ნაწილების ცნობილმა დამამზადებელმა, აფალტერბახში ააწყო. CLR-ი სპეციალურად LMGTP-სთვის (LeMans GT Prototype) კლასისთვის აიწყო. LMGTP ავტომობილები საგზაო ავტომობილებზე იყო დაფუძნებული. ამ შემთხვევაში კი Mercedes CLK – ზე, მაგრამ ეს ავტომობილები საგზაო ვერსიისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.

LMPGT უნიკალური იყო იმით, რომ სპეციალურად LeMans-ისთვის იყო შექმნილი და არა რამდენიმე სხვადასხვა ჩემპიონატისთვის. Mercedes CLR კი კიდევ უფრო რადიკალური CLK GTR იყო, რომელიც სპეციალურად LeMans-ის ტრასისთვის აიწყო.

რატომ შექმნა Mercedes-მა LEMANS-ისთვის სპეციფიკური ავტომობილი?

Mercedes-ი თავისი სარბოლო ისტორიით ამაყობს. FIA GT1-ში დომინაციის მიუხედავად, მათ 1998 წლის LeMans-ის რბოლაზე სერიოზული ტექნიკური პრობლემები ჰქონდათ. ყველა ავტომობილმა რბოლა დასაწყისშივე დაასრულა. 1999 წლისთვის მათ CLR–ის, CLK GTR-ის გზის გამგრძელებლის განვითარება გადაწყვიტეს.

CLR-ი სამჯერ აფრინდა

1999 წელს CLR-ი LeMans-ზე გამოჩნდა. პირველი „გაფრენა“ ხუთშაბათს, კვალიფიკაციის დროს მოხდა. მარკ ვებერი ნომერი 4 CLR-ს საჭესთან იჯდა.

მარკის თქმით, ავტომობილი 300კმ/სთ სიჩქარეზე ჰაერში აიჭრა.

„ისე სწრაფად მოხდა, თითქოს თვითმფრინავი აფრინდაო. ცა დავინახე, მიწა და მერე ისევ ცა“. - ამბობდა მარკ ვებერი.

სასტარტო პირველ ათეულში 3 Mercedes CLR-ი აღმოჩნდა. მეოთხე პოზიციაზე მყოფ ავტომობილს პედრო ლემი, ბერნდ შნაიდერი და ფრენკ ლაგორსი მართავდნენ. მეშვიდე ავტომობილის საჭესთან ნიკ ჰაიდფელდი, კრისტოფ ბოშუტი და პიტერ დამბრეკი ისხდნენ. 10 ადგილას მყოფ AMG Mercedes ავტომობილს მარსელ ტიმანი, მარკ ვებერი და ჟან-მარკ გუნო მართავდნენ.

მეორედ ავტომობილი მაშინ აფრინდა, როცა საჭესთან ისევ მარკ ვებერი იჯდა და, არა, ეს პილოტის ბრალი არ ყოფილა.

რბოლა ჯერ კიდევ დაწყებული არ იყო. რბოლამდელი გახურების დროს CLR ისევ ჰაერში აიჭრა. რბოლის დაწყებამდე ინჟინრებმა AMG-ს უკანა დაკიდების სისტემა უფრო ხისტი გახადეს, მაგრამ ეს ავტომობილის გზაზე შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

აშკარა პრობლემის მიუხედავად, CLR რბოლაზე მაინც გავიდა. 5 საათის შემდეგ, 75 წრეზე პიტერ დამბრეკის ავტომობილი Toyota TS020-ს დევნისას მესამედ გაფრინდა. CLR ჰაერში მომენტალურად აიჭრა, ჰაერშივე რამდენჯერმე გადატრიალდა და ბოლოს ბარიერებს იქეთ, ხეებს შორის დაეშვა. საბედნიეროდ, დაზიანება არც ერთ მძღოლს მიუღია, თუმცა, დამბრეკის ფრენამ Mercedes-ი რბოლიდან გადადგომის აუცილებლობაში დაარწმუნა.

რამ გამოიწვია CLR-ის ფრენისკენ მიდრეკილება?

Mercedes-ი უბრალოდ დიზაინის განვითარებაში ზედმეტად ღრმად შეიჭრა და ერთი მნიშვნელოვანი რამ დაავიწყდა: აეროდინამიკული სტაბილურობა. ეს არის ის თუ, როგორ რეაგირებს მოძრავი ავტომობილი ჰაერში ცვლილებებზე, რომელსაც სხვა ავტომობილები იწვევს. დიზაინის რამდენიმე ელემენტმა ფრენისკენ მიდრეკილება გამოიწვია.

Circuit de la Sarthe საკმაოდ რთული ტრასაა. ის ავტომობილის ძრავას, დაკიდების სისტემას, მუხრუჭებს და აეროდინამიკას რთულ გამოცდას უწყობს. ავტომობილი, რომელიც ამ ტრასისთვის მზადაა, მაღალ სიჩქარეზე კარგ ჩაჭიდებას და მიმჭერ ძალას უნდა უზრუნველყოფდეს. მაღალ სიჩქარეზე დაბალი წინაღობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ძლიერ მიმჭერ ძალას მაღალი შუბლური წინაღობა მოჰყვება. ამიტომ, ამ ორის ბალანსი ძალიან რთულია.

გრძელი კიდულები

CLR იმდენად გრძელი იყო, რამდენადაც ამის საშუალებას რეგულაციები იძლეოდა - 4,890 მმ. თვლების ბაზა კი მხოლოდ 2,670 მმ იყო. მთავარი იდეა კიდულების მაქსიმალურ ზომამდე გაზრდა იყო, იმისთვის, რომ აეროდინამიკული დანამატები მოეთავსებინათ. რეგულაციის მიხედვით წინა და უკანა დიფუზორი შეიძლებოდა იმხელა ყოფილიყო, რამხელაც ჩარჩოზე დაეტეოდა.

ეს ავტომობილის ძირის მიმჭერ ძალას ზრდის, რაც ნაკლებ წევის ძალას იწვევს. სწორზე Mercedes-ს უფრო მაღალი სიჩქარეების მიღწევის საშუალებას აძლევდა. თავის მხრივ, ეს ავტომობილს წინ და უკან რყევისკენ მიდრეკილს ხდის.

კუთხის დახრილობა

მიმჭერი ძალის კიდევ უფრო შემცირებისთვის Mercedes-მა დახრილობის კუთხის თითქმის ანულირება მოახდინა. სარბოლო ავტომობილებს, როგორც წესი, დახრის უარყოფითი კუთხე აქვს. ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ახლოსაა წინა ნაწილი მიწასთან უკანასთან შედარებით. ეს ზრდის მიმჭერ ძალას და ასევე წინაღობასაც. სარბოლო ავტომობილების უმეტესობის დახრის კუთხე -2.5 გრადუსია. Mercedes-მა კი კუთხე -0.7 გრადუსამდე შეამცირა.

ამან ის გამოიწვია, რომ წინა ნაწილმა მიმჭერი ძალა დაკარგა, რამაც მან ადვილად აწევისკენ მიდრეკილი გახადა. მკვეთრი დამუხრუჭებისას წინა ნაწილი იხრებოდა და უკანა ნაწილი მაღლა იწეოდა. მდგომარეობას გზის მცირე უსწორმასწორობები ართულებდა.

INDIANAPOLIS-ის მოსახვევი

ვებერის ავარია Mulsanne-ს სწორზე, ინდიანაპოლისის მოსახვევში შესვლისას მოხდა. ეს მოსახვევი თავისი ოღროჩოღრო ზედაპირით არის ცნობილი, თუმცა, ეს ავარიის მიზეზი არ ყოფილა. ვებერის CLR-ი წინა ავტომობილის „სლიფსტრიმში“ იყო. რამაც CLR-ს წინა ნაწილს მიმჭერი ძალა დააკარგვინა. უსწორმასწორობებმა დახრის კუთხის +2.0 გრადუსამდე ცვლილება გამოიწვია. ავტომობილმა ჰაერში აწევა დაიწყო.

დამატებით, ავტომობილს აწევისკენ მიდრეკილი კაბინა აქვს, რაც ავტომობილის დანარჩენმა ნაწილმა უნდა დაარეგულიროს. ამას ჰაერის წნევა წინ გადააქვს. წინა ნაწილის წევა უფრო ძლიერია, ვიდრე უკანა ნაწილის მიმჭერი ძალა.

რა ცვლილებები მოჰყვა Mercedes-ის ამ შეცდომას?

ამ გაფრენებმა და დამბრეკის უბედურმა შემთხვევამ ცვლილებებს დაუდო სათავე. 1999 წელს Mercedes-მა რბოლებში მონაწილეობა აღარ მიიღო. LeMans-ის ორგანიზატორებმა კიდულების ზომა დაარეგულირეს. Mulsanne-ს სიგრძე 8 მეტრით შეამცირეს. ინდიანაპოლისის მოსახვევში კი უსწორმასწორობები გაასწორეს.

მიუხედავად იმისა, რომ მაყურებლებისთვის შესაძლოა, ეს საინტერესო სანახავი იყოს, კაბინაში მყოფი პილოტისთვის სულაც არაა სასიამოვნო ის ფაქტი, რომ უცებ შესაძლოა მისი სარბოლო ავტომობილი თვითმფრინავად იქცეს და საფრანგეთის საჰაერო სივრცეში აიჭრას.

გაზიარება: