Aa Aa
3 აგვისტო 2021  |  09:49

დაბალი და ნელი: „ლოურაიდერების“ ისტორია

სამხრეთ კალიფრონიაში 50-იანების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში ახალგაზრდა ავტომოყვარულებმა ახალი სტილი შექმნეს და მასლოურაიდერიდაარქვეს. ეს სტილი მათ სიამაყესა და მექსიკურ-ამერიკული კულტურის მრავალფეროვნებას გამოხატავდა.

„ლოურაიდერების“ კულტურის პიკი 1970-იანებში იყო, როცა ლოს ანჟელესში, უიტიერის ბულვარის ფართო ქუჩებში კვირა საღამოს მექსიკელ-ამერიკელები თავისი დადაბლებული ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. ამ ადამიანებს საბურავების გაცვეთა და მაღალი სიჩქარეები არ ადარდებდათ, არც ჰოთ როდერობა უნდოდათ. მათი მთავარი პრინციპი იყო bajito y suavecito: დაბალი და ნელი.

უიტიერის „კრუიზი“ ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ღონისძიება იყო. ადამიანები ერთმანეთს ხვდებოდნენ, იცნობდნენ, მეგობრდებოდნენ, ოჯახებს ქმნიდნენ. მათი პოლიტიკური და ისტორიული ცნობიერება მაღლდებოდა.

1976 წელს ჟურნალისტი ტედ ვესტი წერდა: „ლოურაიდერები მექსიკელ-ამერიკელების წინააღმდეგობაა ანგლიციზმის მიმართ. ასე ცალსახად ავტომობილები ეთნიკურობის გამომხატველი არასდროს ყოფილა“ .

დღეს ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს ლოურაიდერი. თუმცა, უმეტესობა ანთროპოლიგისტ ბენ ჩაპელის მოსაზრებას ეთანხმება: დადაბლებული შასი, ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემა, მოდიფიცირებული დისკები, ვიწრო საბურავები, მოდიფიცირებული სალონი, მაგალითად, ხავერდის საფარით, მრავალფეროვანი ექსტერიერით.

„ლოურაიდერების“ ისტორია არც თუ ისე მარტივია. ერთ-ერთი ვერსიით ყველაფერი 1920-იანებში დაიწყო, როცა სამხრეთ კალიფორნიაში ავტომობილების შეძენის ბუმი იყო.

1908 წლიდან უამრავი Model T იყიდებოდა. 20-იანი წლებისთვის კი კალიფორნიაში 2.25 ადამიანზე 1 ავტომობილი მოდიოდა, ზოგადად კი 7 ადამიანზე ერთი ავტომობილი.

ლოს ანჟელესში 20-იან წლებში მეორადი ავტომობილები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ახალგაზრდები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან, მეორად Model T-ებს ან A-ებს ყიდულობდნენ, „ზედმეტ“ ნაწილებს აცლიდნენ და წონას ამცირებდნენ, ძრავებს აუმჯობესებდნენ და მეტ სიჩქარეს იღებდნენ. ასე შეიქმნა ჰოთ როდები.  

1950-იანებში ჰოთ როდერებმა სიჩქარისადმი ინტერესი დაკარგეს. უფრო მეტად სტილით და კომფორტით დაინტერესდნენ. მაგალითისთვის, აიღებდნენ 1936 წლის Ford-ს, ადაბლებდნენ იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას კანონი იძლეოდა. ხრიდნენ ჩარჩოს და კუთხეებს ამრგვალებდნენ. აძრობდნენ ემბლემებს. ამგვარად, მოსაწყენი Ford-ი უფრო დაბალი, განსხვავებული და ამაღელვებელი ხდებოდა.

გადაკეთებული ავტომობილები 40-იანების მასკულტურა იყო. მექსიკელმა ძმებმა ჯილ და ალ აიალებმა აღმოსავლეთ ლოს ანჟელესის, ოლიმპიის ბულვარში მაღაზია გახსნეს, სადაც კლიენტებს იდეებს უზიარებდნენ.

თვითნაკეთი ავტომობილების ჰობი 1950-იანი წლების ბოლოსა და 60-იანების დასაწყისში განვითარდა. ბევრმა მძღოლმა დაბალი კლირენსის, ნელ ავტომობილებზე უარი თქვა და უფრო ფუტურისტულ, სწრაფ ავტომობილებზე გადავიდა. აღმოსავლეთ ლოს ანჟელესის მექსიკელები კი ახალ ტრენდს არ აჰყვნენ. მათ ლოურაიდერების განვითარება გააგრძელეს და მას ჰიდრავლიკა დაუმატეს.

ლოურაიდერების ჰიდრავლიკა ძირითადად საჰაერო ხომალდებიდან იყო. რეგულირებადი დაკიდების სისტემა შექმნეს. ღილაკის გადართვით ავტომობილის რამდენიმე სანტიმეტრით დადაბლება ან ამაღლება შეეძლოთ. ამ ხერხებით ისინი პოლიციის შემოწმებებს თავს კარგად ართმევდნენ. ასე განვითარდა ე.წ. hopping-ი.

ერთი ავტომოყვარულის სიტყვები პეიკ ერ პენლანდმა თავის ნაშრომში "Lowrider: History, Pride, Culture" გადმოგვცა:

„ბიჭები მიყვებოდნენ იმ ჰიდრავლიკის შესახებ, რომელიც ავტომობილს აწევის და დაწევის შესაძლებლობას აძლევდა. მე ვფიქრობდი, ვის რატომ უნდა უნდოდეს, რომ მისი ავტომობილი აიწიოს და დაიწიოს? ყველაზე სასაცილო რამ იყო, რაც მსმენოდა. ერთ დღეს კი დავინახე, როგორ ჩაიარა Chevy-მ. მისი უკანა ნაწილი დაიწია და მონუსხული დავრჩი. ეს უბრალოდ უნდა გენახათ“.

ლოურაიდერები ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემით უბრალოდ გამორჩეული არ იყო. სახალისოც იყო.

ისტორიის სხვა ნაწილი - ლოურაიდერებმა კალიფორნიის მოსახლეობა მოიცვა

1900-იანების დასაწყისში შტატში მექსიკის მოსახლეობა ძალიან სწრაფად გაიზარდა. ძალიან ბევრი იმიგრანტი სამსახურს სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში ეძებდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლოს ანჟელესში მექსიკური პოპულაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი იყო.

ისტორიკოსი ჯეიმს დი ჰარტის თქმით, მექსიკელები დაბალ ხელფასად მუშაობდნენ, გეტოებში ცხოვრობდნენ და რასიზმის მსხვერპლი ხდებოდნენ. მათ pachuco-ებს ეძახდნენ. ეს არის ტერმინი ადამიანებისთვის, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ და 40-იანებში ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს.  

ამ თაობის მშობლები შორ მანძილზე თითქმის არ გადაადგილდებოდნენ. მიჯაჭვულები იყვნენ საკუთარ სახლებს. ახალი თაობა მშობლებსა და სახლებზე დამოკიდებული ნაკლებად იყო. ისინი მიეშურებოდნენ სავაჭრო ცენტრებისკენ, სანაპიროებისკენ და, რაც მთავარია, ჰოლივუდისკენ. ისინი ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. თანაც ამის გაკეთება საკუთარ სტილში უყვარდათ. პოლიცია მათ არ ასვენებდა, მაგრამ ეს მათ მოგზაურობას ხელს ვერ უშლიდა. ისინი უბრალოდ თავისუფლებას იხვეჭდნენ და თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ.

ლოურაიდერების იდეა კი 60-70-იან წლებში განვითარდა და ის უკვე მექსიკელების უფლებების სახალხო მოძრაობის ნაწილი გახდა. 1975 წელს სიმღერა "Low Rider" ჯგუგ War-ის შესრულებით ტოპ 10 ჰიტში მოხვდა. ლოურაიდერები ტელევიზორის ეკრანებსა და ჟურნალ გაზეთების ფურცლებზე ხშირად ხვდებოდა.

1979 წლის ფილმი "Boulevard Nights," უიტიერის ბულვარშია გადაღებული და ის ლოურაიდერების განსგსტერ ბანდებთან კავშირს უსვამს ხაზს. მართალია, განგსტერები ნამდვილად სარგებლობდნენ ამ ავტომობილებით და მათგან იარაღის ხმაც ხშირად დაუდონიათ, მაგრამ ეს ავტომობილები უფრო ოჯახებს უკავშირდება და არა განგსტერებს. პირიქით, ამ კულტურამ, ლოურაიდერების კლუბებმა ბევრი ახალგაზრდა ბანდებს ხელიდან გამოგლიჯა.

1990-იან წლებში ამ ავტომობილებმა კიდევ ერთხელ მიიპყრო ყველას ყურადღება, როხა Ford-ი სახელად "Dave's Dream" (დეივის ოცნება) Smithsonian Institution-ის გამოფენაზე მექსიკის კულტურის ნაწილად გამოჩნდა. გამოფენის კურატორის, ბილ უიტუნის თქმით, ავტომობილი მზეში პირდაპირ ბრწყინავდა და მნახველებს მაგნიტივით იზიდავდა.

დღეს ამერიკის ქუჩებში ლოურაიდერებს ნაკლებად შეხვდებით. პოლიციის სიმკაცრის გამო, ბევრმა შტატმა მათზე უარი თქვა. თუმცა, ორგანიზებული შეკრებები ისევ ტარდება. მათ შორის, ლას ვეგასში, ლოს ანჟელესში, სან ფრანცისკოში, ფენიქსში, პორტლენდში, დალასში, ჰიუსტონში, ინდიანაპოლისსა და მაიამიში. როგორც ჩანს, ლოურაიდერების მიმართ ვნება არ გაქრობიათ, რადგან ამ სანახაობებს ათასობით ადამიანი ესწრება.

ამ კულტურამ ფეხი აფრო-ამერიკელებში მოიკიდა, მაგალითისთვის, ჰიპ ჰოპ არტისტი Snoop Dogg-ი აშკარად ლოურაიდერების გულშემატკივარია.  

როგორც ჟურნალისტი დიკ დელოცი აღნიშნავს „ლოურაიდერები ავტოსამყაროში ისევ წარმატებულია და რეკლამებისთვის მიმზიდველია“.

გაზიარება: