Aa Aa
18 თებერვალი 2022  |  14:51

აკუმულატორზე დატანილი ეტიკეტების წაკითხვა: ის, რისი ცოდნაც გვჭირდება

ყველა საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის მიხედვით, ავტომობილის ბატარეაზე ეტიკეტი აუცილებლად უნდა იყოს დაკრული. ალბათ, სახელიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ ეს ერთგვარი „იარლიყია“, რითაც აკუმულატორებს კონკრეტული ნიშნებით განასხვავებენ. დატანილი მარკები ტენიანობას, მჟავას უნდა უძლებდეს და ბატარეაზე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს დაკრული.

მისი შემჩნევა საკმაოდ მარტივია, თუმცა, რა უნდა გავიგოთ მაშინ, როდესაც მასზე დატანილ ციფრებსა და ასოებს გადავაწყდებით? ამ სტატიაში სწორედ ასეთ დეტალებს განვიხილავთ, რის შემდეგაც ავტომობილის აკუმულატორის ეტიკეტებზე წარმოდგენა შეგექმნებათ.

ბატარეის ეტიკეტის ნიმუში


განხილვისთვის ზემოთ მოცემული ნიმუში ავიღოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეტიკეტები აკუმულატორის ტიპისა და მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება.

წარმოების რიცხვი

ბატარეის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეტიკეტზეა დატანილი. წარმოების თარიღის აღნიშვნის უნივერსალური სტანდარტი არ არსებობს. ის სხვადასხვა ბატარეაზე სხვადასხვანაირადაა განთავსებული. მწარმოებლების უმეტესობას აკუმულატორის შექმნის რიცხვი ასოებისა და ციფრების სერიების ფორმით აქვს გამოსახული.

წარმოების თარიღი შეიძლება დატანილი იყოს წინა ეტიკეტზე, ხუფზე, ან ეტიკეტის განცალკევებულ გრაფაში.

ვთქვათ, ბატარეის კოდი არის 9MKB - პირველი ორი სიმბოლო წარმოების წელსა და თვეს აღნიშნავს. 9MKB-ს შემთხვევაში 9 2019 წელს ნიშნავს, ხოლო M-ი დეკემბერს აღნიშნავს.

ქვემოთ იმ ხრილს წარმოგიდგენთ, რომლის მიხედვითაც წარმოების წლებსა და თვეებს გაარჩევთ.

ბატარეის შექმნის თარიღის ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ძველი ბატარეები ნაკლებად ეფექტურია და იმავე წარმადობის არაა, როგორიც ახალი. რაც უფრო ახალია ბატარეა, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ მას უახლოეს პერიოდში პრობლემა შეექმნას. 

მწარმოებლის ნაწილის ნომერი (MPN)

მწარმოებლის ნაწილის ნომერი (MPN) იმ ნაწილების იდენტიფიცირებას ახდენს, რომლებიც ამა თუ იმ მწარმოებლის მიერაა დამზადებული. კომპანიები თავიანთ პროდუქტს მათივე შედგენილი ნომრებით ნიშნავენ (გლობალური სტანდარტი არ არსებობს). მაგალითად, თქვენი ავტომობილის აკუმულატორზე დატანილი ნომერი შესაძლოა სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ ხუნდებს დაემთხვეს. ასეთ შემთხვევებში კი არ უნდა დაიბნეთ. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. MPN-ი დიდ ინფორმაციას არ გაწვდით, საჭიროების შემთხვევაში გეცოდინებათ როგორ მონახოთ ის. 

სარეზერვო სიმძლავრე

დატენვადი ბატარეის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მახასიათებელი სარეზერვო სიმძლავრეა, რომელიც ეტიკეტზეა დატანილი. ამით თქვენ მყისიერად შეძლებთ იმის თქმას, თუ რა მიზნისთვისაა ეს აკუმულატორი წარმოებული და ზოგადად რა შეუძლია. ეს პარამეტრი ამპერ-საათებში იზომება.

რატომ ამპერ-საათებში? სიმძლავრე აჩვენებს, რამდენი ხანი შეძლებს ბატარეა ენერგიის მიწოდებას შესაბამისი დატვირთვით. თუ ბატარეა 100 ამპერ-საათიანია და დატვირთვას 10 ამპერი სჭირდება, მაშინ ის ამ ბატარეით 10 საათი იმუშავებს.

ბაზარზე აკუმულატორების სარეზერვო სიმძლავრე 30-დან 225 ამპერ-საათამდე მერყეობს. ავტომობილის შიდა ელექტრო ქსელური დატვირთვა საკმაოდ მაღალია და ბატარეამ ენერგია მუდმივად საჭირო რაოდენობით უნდა მიაწოდოს.

შესაძლებელია თუ არა, რომ განსხვავებული სიმძლავრის ბატარეა დაყენდეს?

დიახ, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო. აკუმულატორი იმაზე დაბალი სიმძლავრის არ უნდა იყოს, რაც მანქანას სჭირდება. ის დატვირთვას ვერ გაუძლებს და იმაზე მეტად განიმუხტება, ვიდრე დაიტენება. ერთ დღესაც კი აკუმულატორი გიმტყუნებთ და ავტომობილს ვერ დაქოქავთ.

უფრო დიდი სიმძლავრის აკუმულატორის დაყენება სავსებით შესაძლებელია, თუმცა, ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს. ბატარეის სიმძლავრე გენერატორის სიმძლავრეს 10%-ზე მაღლა არ უნდა აჭარბებდეს. სხვაგვარად, გენერატორი დამუხტვის საჭირო ზღვარს ვერ შეავსებს და აკუმულატორი მუდმივად ბოლომდე დაუმუხტავი დარჩება.

ვოლტაჟი


ბატარეის სტანდარტული ვოლტაჟი 12.7 ვოლტია. ვოლტის მცირედით შემცირებაც კი ბატარეის განმუხტვაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბატარეის ტერმინალების ვოლტაჟობა ავტომობილის ოპერირებისას საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს. როდესაც მას გენერატორი ტენის, ვოლტაჟობამ შესაძლოა 13ვ-საც მიაღწიოს.

საწყისი დენი ან ცივი ამუშავება (Starting Current ან CCA)

საწყისი დენი ან ცივი ამუშავება შესაძლოა ბატარეის ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრადაც ჩაითვალოს. ხშირად მწარმოებლები ტესტირების შესახებ გაზვიადებული საწყისი დენის მონაცემებს იღებენ, რაც ოპერირებისას რეალურად არ ხდება. გამომდინარე აქედან, ბატარეის არჩევისას ეტიკეტზე დატანილ ინდიკატორებს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ.

ბატარეა ამძრავს ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მაშინ აწვდის, როდესაც ძრავა მუშაობას იწყებს. ბატარეამ ასეთი ენერგია 10 წამის განმავლობაში უნდა მიაწოდოს - ამას საწყისი დენი ეწოდება (ან ცივი ამუშავება). ასეთი რაოდენობის დენის მიწოდებისას ვოლტაჟობა 9-ს არ უნდა ჩამოსცდეს.

ცივი ამუშავება (CCA) საწყისი დენის ამერიკული სტანდარტია. მისი ევროპული ანალოგი კი EN-ით აღინიშნება.

დასკვნა

ავტომობილის ბატარეას რამდენიმე პარამეტრი აქვს, რის მიხედვითაც მას კონკრეტული ავტომობილისთვის არჩევენ. ეს მხოლოდ ზომას, წონას და ტერმინალების ადგილს არ ეხება. მათი შერჩევისას ელექტრო მახასიათებლების გათვალისწინება აუცილებელია. უნდა იცოდეთ ისიც, რომ უეტიკეტო ბატარეის შეძენისგან თავი შორს დაიჭიროთ.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ ავტომწარმოებლის რეკომენდაციასაც. მიზანშეწონილია, რომ ახალი აკუმულატორი ქარხნული მოთხოვნების მიხედვით შეარჩიოთ. იმ შემთხვევაში თუ შეუსაბამო ბატარეას აირჩევთ, შესაძლოა პრობლემები მუშაობის პროცესში გამოვლინდეს. სწორი არჩევანის გასაკეთებლად კი ძირითად პარამეტრებთან ერთად ეტიკეტზე დატანილი ინდიკატორებიც უნდა გავითვალისწინოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სტატია საჭირო ინფორმაციის წაკითხვაში დაგეხმარებათ.

გაზიარება: