Aa Aa
11 ნოემბერი 2021  |  16:21

დამალული განძი: Alpina B11 საქართველოდან

თუ გაგიმართლებთ, შთაგონება თქვენ ყოველდღიურად გეწვევათ. მისი პოვნა მუსიკაში, წიგნებში, მოგზაურობაში, ოჯახთან ურთიერთობაში, მედიტაციაში ან სულაც ქუჩაში გასეირნებით არის შესაძლებელი. ჩვენი, თქვენი და ანდრეის მსგავსი ადამიანებისთვის კი შთაგონების წყარო ავტომობილებია. ანდრეი რამდენიმე წლის წინ საქართველოს განსაკუთრებული მიზეზით ეწვია. მას ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე კლასიკური ავტომობილების პოვნა და მათზე სტატიების გამოქვეყნება ჰქონდა განზრახული.

ანდრეის ერთ-ერთი მეგობარი ნოდარი გახლავთ, რომელიც მშობლიურ ქალაქში დიდ დროს ატარებს. მოსკოვიდან ჩამოსული სტუმარისთვის საქართველო კლიმატურად სასიამოვნო და მზიანი ქვეყანაა. ანდრეის მასპინძლის მანქანებზე - E28 Alpina-ს რეპლიკაზე და 2002 track car-ზე - უკვე დაწერილი აქვს. ეს ორივე მოდელი SportKB-ს მიერ იყო დამუშავებული.

თუ ანდრეის საქართველოს სამი სიტყვით დახასიათებას მოსთხოვთ ის ამგვარ პასუხს გაგცემთ: ხალხი, კერძები და ავტომობილები. ჟურნალისტი ქართულ სტუმართმოყვარეობას ყველგან აღნიშნავს. მის თვალებს არც ქართველების გერმანული ავტომობილებისადმი განსაკუთრებული სიყვარული გამორჩენია.

ანდრეის განსაკუთრებულ მოდელზე დაწერა სურდა და მერაბიც, ამ 1990 წლის Alpina B11 3.5-ის მფლობელიც, ზუსტად ასე გაიცნო. მასპინძელმა სტუმარს იაპონიიდან იმპორტირებული მწვანე ლამაზმანის შესახებ ყველაფერი მოუყვა.

მერაბს ავტომობილები მთელი ცხოვრებაა უყვარს, მაგრამ მანქანების შეგროვება შედარებით გვიან დაიწყო. მისი ისტორიის საწყისი წერტილი BMW Z3 M Coupe გახლავთ. მოდელის გაყიდვის შემდეგ 10 წელი იყო გასული და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა. მერაბი E23 745i-ში, R129 Mercedes-Benz SL60 AMG-ში, E24 BMW 6 Series-ში და ყველა სხვა თავის მფლობელობაში არსებულ ავტომობილებში ამ Alpina-ს გამოარჩევს.

„ჩემი აზრით, E32 თაობა სხვა მეშვიდე სერიებთან შედარებით ყველაზე მხეცური გარეგნობისაა. პირველად ნახვისას ამ ყველაფრის აღქმა და დაჭერა რთულია, მაგრამ ეს მანქანები მართლაც განსხვავებული და გამორჩეულია. Alpina-ს ვერსია კი უფრო მეტადაც“, ამბობს მერაბი. „Alpina Grun-ის ფერი, ოქროსფერი ზოლების მასკულინობა, ჰაერის უზარმაზარი გამყოფი და უშველებელი უკანა მხარე ამ მანქანას ჩემთვის შეუდარებელს ხდის.“

არ აქვს მნიშვნელობა რომელი კუთხიდან შეხედავთ მას, კლასიკური ბასრი ხაზები საოცრად გრძელი მოგეჩვენებათ. ავტომობილი დიდია, თუმცა მასში ზედმეტი არაფერია. თუ ამ ყველაფერს Alpina-ს უნიკალურ ხედვასა და საოცარ დიზაინერული გადაწყვეტებს დავუმატებთ, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მოდელი BMW-ს გულშემატკივრებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.

იყო თუ არა ეს ყველზე სწრაფი მანქანა? არა. უფრო სწრაფი მდიდრული სედანები იმ პრიოდშიც და იმ პერიოდამდეც იწარმოებოდა. თუმცა, ატმოსფერული ძრავიდან გამომუშავებული 260 ცხენის ძალა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ასეთი მასიური მანქანა სწრაფად გადაადგილებულიყო. მიუხედავად ამისა, Alpina-ს სისწრაფისთვის არავინ ყიდულობს. B11-ში მთავარი ვიზუალი, ელეგანტურობა და გამორჩეულობაა.

31 წლის მანქანა კი ჩინებულ მდგომარეობაშია. მზრუნველი მფლობელის ხელი ავტომობილს უდაოდ ეტყობა.

ანდრეი კი მშობლიურ ქვეყანაში ბედნიერი დაბრუნდება. საქართველოში ჩამოსვლისას ქართველი ავტომოყვარულები მას კიდევ უფრო მოხიბლავენ!

გაზიარება: