პოპულარული გერმანული ავტომობილები 90-იანი წლების საქართველოში (მე-2 ნაწილი)
Aa Aa

პოპულარული გერმანული ავტომობილები 90-იანი წლების საქართველოში (მე-2 ნაწილი)

ბევრისთვის ნაცნობია, თუ როგორი დიდი სისწრაფით შემოედინებოდა გერმანიიდან ავტომობილები ჩვენს ქვეყანაში. იმდენად პატარა დროში მოხდა ადაპტაცია „ჟიგულებიდან“ გერმანულ მანქანებზე, რომ ვერც კი შევამჩნიეთ. ამ სტატიის პირველი ნაწილის მსგავსად, მეორე ნაწილშიც იმ გერმანულ ავტომწარმოებლებზე მოგითხროთ, რომლებიც საქართველოში 90-იან წლებში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა და ჩვენს ქუჩებში ყველაზე მეტი რაოდენობით დადიოდა.

AUDI 80-90 (B3-B4)

Audi-ს ეს ორი მოდელი გავაერთიანოთ, რადგან ბაზა ერთია და კომპანია „აუდი 90“-ს როგორც განახლებულ 80-ის მოდელს ისე განიხილავდა. ყველასთვის ცნობილია, რომ „აუდი“ Volkswagen-ის კონცერნს მიეკუთვნება. ამ ფაქტორმა დიდი როლი შეასრულა მოცემული ბრენდის ქართულ ბაზარზე გამყარებაში. საწყის ეტაპზე ყველაზე ხშირი 4 ცილინდრიანი „აუდი 80“-ები იყო, მომდევნო პერიოდში 6-ცილინდრიანი 90-ებიც გამოჩნდნენ. „აუდის“ ხსენებისას არ შეიძლება Quattro მოდელებზე არ ვისაუბროთ. ოთხივე ამძრავიანი მოდელების მიმართ სიყვარულო სწორედ ამ ავტომწარმოებელმა ჩაგვინერგა. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა თქმულება, რომ Quattro მოსახვევში უძლეველი იყო, თუმცა ეს სინამდვილეში რეალობა არ იყო. მისი უმძიმესი წინა ნაწილი ვერ უზრუნველყოფდა სხარტ და ზუსტი მართვადობის უნარებს. ეს ოთხივე ამძრავიანი სისტემა უნიკალური იყო საფარის ისეთ ზედაპირზე, სადაც მოჭიდება შეზღუდული იყო, თოვლში, ტალახიან და გრუნტიან ზედაპირებზე. ასეთ მოცემულობაში თავის მოწინააღმდეგე ბრენდებთან მიმართებაში აუდი ნამდვილად უკონკურენტო იყო. „აუდის“ ყოველთვის ჰყავდა თავისი ერთგული მომხმარებელი და ჩვენს წარსულში განსხვავებული სტილის მქონე გერმანულ ავტომობილად გვევლინებოდა.

BMW (E32)

მიუხედავად იმდროინდელი გაჭირვებისა, მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფინანსური შესაძლებლობა და გემოვნება ერთად ჰქონდათ. მე-7 სერიის  ეს მოდელი სხვა მოდელებთან შედარებით იშვიათად გვევლინებოდა, თუმცა თავისი კლასიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ ამ სიაში ყოფნას იმსახურებს. დღეს მე-7 სერიის BMW E32 უკვე ძნელად მოსაპოვებელი კლასიკაა. მეშვიდე სერია ყოველთვის იყო კომფორტის და მაღალი ხარისხის ეტალონი. ასეთი დონის ავტომობილი მაშინდელ საქართველოში ყველას გულში უვარდებოდა. ამ მოდელის ხაზში ბევრი ძრავთა გამა და კომპლექტაცია იყო გათვალისწინებული. ჩვენ ყველაზე ხშირად 730 და 735 გვხდებოდა. თუ სადმე V12-ს გადავაწყდებოდით, ცოტა ხნით პარალელურ სამყაროში გადავდიოდით. ყველამ კარგად ვიცით ის ფაქტიც, რომ 90-ანების ავტომობილები დეტალების მიმართ პედანტურები იყვნენ და ხარისხის ძალიან მაღალი ნიშა ეჭირათ. დღემდე ბევრი თანამედროვე წამყვანი ბრენდის მოდელი ახლოსაც ვერ მივა BMW E32-თან. ისე გადავიდა კლასიკაში, რომ ამ მოდელზე ცუდი არავის ეთქმის.

MERCEDES BENZ (W123)

სანამ ეს ბრენდი E class-ის ოფიციალურ წარმოებას W124-ით დაიწყებდა, მანამდე საშუალო ზომის სედანების კლასს ამ მოდელით ავსებდა. 90-იან წლებში საქართველოში ამ მოდელის გამოჩენამ ადამიანებს მერსედესის ცნობა ასწავლა, რომელიც საიმედოობასთან და კომფორტთან ასოცირდებოდა. მთელს მსოფლიოში საიმედო ავტომობილის იმიჯით სარგებლობდა. დიდი რაოდენობით არ ყოფილა საქართველოში, თუმცა, რაც იყო ფუფუნების საგნად ითვლებოდა და დღემდე ასეა. თანამედროვე ცხოვრებაში ამ ავტომობილზე მხოლოდ მოგონებებში და საავტომობოლო ისტორიებში თუ შევხვდებით, სწორედ ამიტომ ახლაც წარსულში განვიხილავთ ამ ავტომობილს. დღეს თუ სადმე არის შემორჩენილი ყველა სარესტავრაციოდ იყენებს, რადგან ჯერ კიდევ არიან გემოვნებიანი ადამიანები, რომლებსაც ძველი კლასიკის ფლობა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

OPEL CALIBRA

იყო დრო, როცა „კალიბრა“ თავისი ფუტურისტული ვიზუალით ბევრ ადამიანს მაღალი კლასის სპორტული ავტომობილი ეგონა. მისი აეროდინამიკული შეხედულება უამრავ ავტომოყვარულს იზიდავდა. მისი მფლობელები ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ. სინამდვილეში კი კარგად ჩაცმული „ვექტრა“ იყო. ძირითადი აგრეგატები და სხვა წვრილმანი დეტალებიც კი „ვექტრის“ ჰქონდა. სწორედ ამიტომაც ყიდულობდნენ „კალიბრას“ ახალგაზრდები, რომ ადვილი მოსავლელი იყო და სპორტული შეხედულება ჰქონდა. ჩვენს დედაქალაქში პირველად რომ ქუჩის რბოლები დაიწყო Opel Calibra ჯერ კიდევ იქედან მოდის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ჩვენი სტატიის სხვა გმირებისა, „კალიბრამ“ დროში სანატრელი კლასიკის სახელი მაინც ვერ მოიპოვა. მას ნუ დავაბრალებთ, ეს ყველაფერი ალბათ მისი მშობლის, „ვექტრის“ ბრალია.

AUDI 100 (C3)

საშუალო ზომის სედანებში „აუდისაც’  თვისი წარმომადგენელი ჰყავდა. გაბარიტებით საკმაოდ აღემატებოდა თავის გერმანელ მეგობრებს და არც თუ ისე ხშირად გვხდებოდა. თუმცა 90-იან წლებში ამ ავტომობილის შერწყმა ქართულ ავტოპარკთან მაინც მოხდა. ოთხივე წამყვანის და ხუთი ცილინდრის ერთობლიობა იმ დროინდელმა საქართველომ ამ მოდელით გაიგო. აუდის ამ კომბინაციის მოდელები 90-იანებამდეც იყო ჩვენს ქვეყანაში , თუმცა ევროპიდან 90-იანებში მასიურად AUDI 100 შემოვიდა. საქართველოში ეს მოდელი უკვალოდ გაქრა, ძალიან ცოტა თუ იქნება დარჩენილი, აღარავის ახსოვს, რასაც ვერ ვიტყვით მის შემდგომ გამოშვებულ „აუდი“ 100-ზე.  C3 მოდელს გერმანია თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდა, შემდეგი თაობა 100 მხოლოდ 4 წელი გამოდიოდა, მიუხედავად ამისა მომდევნო მოდელმა ჩვენს ქვეყანაში თავი უკეთესად დაიმკვიდრა და დღესაც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხდება.

MERCEDES BENZ S CLASS (W126)

ამ მოდელს ორი მეტსახელი ჰქონდა - „დიპლომატი“ და „არაბული“. პირველი მეტსახელი მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე კი იმიტომ შეარქვეს, რომ დღემდე არაბი შეიხების საოცნებო „მერსოა“. ავტომობილებისთვის მეტსახელების შერჩევაში ბადალი არ გვყავს. ავტომოყვარულებს ალბათ ერთხელ მაინც გვქონია სიამოვნება, რომ ამ მოდელის შეუდარებელი და კომფორტული სვლით გვესიამოვნა. ყველაზე გავრცელებული მოდელი 280 SE, 300 SE და 500 SE იყო. იშვიათად შეხვდებოდით დიზელის ძრავიან მოდელებს. აგრეთვე არსებობდა SEL და SEC მოდელები. ამ მოდელების ბოლო ასო ძარის ტიპს განსაზღვრავდა. SEC  Coupe-ს და SEL Long (გრძელი) ვერსიას ნიშნავდა. ამ ორი მოდელიდან შედარებით უფრო მეტი Long ვერსია იყო. თუ გრძელი ვერსია გყავდათ ესე იგი უბრალოდ სედანზე მაგარი იყო. ეს მცდარი წარმოდგენა მისი ფასიდან  და არა დანიშნულებიდან იყო გამოწვეული.

VOLKSWAGEN PASSAT (B3)

„სახალხო მანქანა“- სახელიდან გამომდინარე ამ ბრენდის სამიზნე ყოველთვის გასაგები იყო. ავტომობილი, რომელიც ფართო მასაზე გათვლილი უნდა ყოფილიყო. „გოლფით“ სახელწოდება აშკარად გაამართლეს. „პასატით“ Golf-ის სიმაღლეებს ვერ მიაღწიეს, მაგრამ კლასის ერთერთი ლიდერი ყოველთვის იყო. Passat-ი ევროპელების ძირითად მასაზე კარგად რომ გაეთვალათ, ამისთის ეს ავტომობილი უნდა ყოფილიყო ეკონომიური და ამავე დროს საშუალო ზომის სედანებში ღირსეული ადგილიც უნდა მოეპოვა. 90-იანი წლების საქართველოში ამ მოდელის შერჩევა ზუსტად ამავე პრინციპით ხდებოდა. განსაკუთრებულად დაბალი წვის მაჩვენებლით დიზელის ძრავები გამოირჩეოდა. 6 ლიტრი დიზელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამოქალაქო პირობებში 100 კმ დაგეფარათ. 90-იანი წლების საქართველოში ეს მაჩვენებელი ძალიან შთამბეჭდავი და აუცილებელი იყო.

OPEL KADETT (E)

ჩვენს სამშობლოში ამ ბრენდის პოპულარიზაცია „კადეტმა“ დაიწყო. იგი ტიპური „ოპელის“ ანარეკლი იყო. იაფი, ეკონომიური და ყოველგვარ კომფორტს მოკლებული ავტომობილი. თუმცა პირველი ორი კრიტერიუმი უფრო საყურადღებო აღმოჩნდა ვიდრე ბოლო. საბჭოეთის გმირებიდან დიდად არაფრით განსხვავდებოდა. „კადეტების“ უმრავლესობას კომფორტის ისეთი საწყისები, როგორიცაა შუშის ელექტრო ამწევები და საჭის გამაძლიერებელიც კი არ ჰქონდათ, თუმცა, ოდნავ მომრგვალებული ფორმა საქართველოს ავტოპარკში სიახლედ გამოჩნდა. ერთფეროვანი „ჟიგულების“ მრავალწლიანი დომინირების შემდეგ ყველასთვის საინტერესო და სიახლის მომტანი იყო. მოდელებში არ იყო დიდი არჩევანი, ძირითადად საბაზისო 1.4 და 1.6 ლიტრი მოცულობის აგრეგატები გვხდებოდა. „კადეტი“ საკმაოდ დიდხანს და ერთგულად ემსახურა ქართველ ხალხს. 

სტატიის ბოლოს გვინდა გითხრათ, რომ „მერსედესის“ W140 მოდელი არ გამოგვრჩენია, უბრალოდ 90-იან წლებში მოცემული მოდელით საქართველოს მე-2 პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დადიოდა და აქ ვერ ვუპოვეთ ადგილი.

 

შევარდნაძის ავტომობილი ტერაქტის შემდეგ

გაზიარება: