Aa Aa
17 მარტი 2022  |  10:03

BMW-ს ისტორია ფორმულა 1-ში: რა არ გამოვიდა?

ხშირად გვესმის კითხვა: რატომ არ დევს BMW-ის ძრავა ფორმულა 1-ის არც ერთ ბოლიდში? მით უმეტეს, „მერსედესი“, მისი მთავარი კონკურენტი საგზაო ავტომობილების წარმოებაში, ფორმულა 1-ში რეკორდებს ხსნის და მწვერვალებს იპყრობს. სინამდვილეში, BMW-ს ამ ავტოსპორტთან თავისი ისტორია აკავშირებს. ის ფორმულა ერთში თითქმის 2 ათწლეულის განმავლობაში იყო.

ყველაფერი 1982 წელს დაიწყო, როცა ბავარიული ავტომწარმოებელი ბერნი ეკლსტოუნის Brabham-ის გუნდს ძრავით ამარაგებდა. თუმცა, BMW ოფიციალურად კონსტრუქტორი 2006 წლამდე არ გამხდარა. ამ წელს მათ Sauber-ის გუნდი შეიძინეს.

2009 წელს გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო, BMW-ს ფორმულა 1-დან წასვლა მოუწია. მისი მოღვაწეობა კი ისტორიის ფურცლებზე დარჩა.

ბერნი ეკლსტოუნის გუნდმა და BMW-მ თანამშრომლობაზე ხელი 1980 წელს მოაწერეს. BMW-ს ძრავები კი Brabham-ის ბოლიდში 1982 წელს გამოჩნდა. ძრავას განვითარებას დიდი დრო დასჭირდა, თუმცა, დასაწყისი იმედის მომცემი იყო. 1982 წელს კანადის გრან პრიზე ნელსონ პიკემ ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.

შემდეგ სეზონში, BMW-ს ძრავიანი Brabham BT52 ნელსონ პიკეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოგებაში დაეხმარა. 

ეს 1.5-ლიტრიანი M12/13 ტურბოდაბერვის ერთრიგა ძრავა იყო. ის 1 499-კუბატურიან 4-ცილინდრიან M10 ძრავაზე იყო დაფუძნებული. როცა 1981 წელს ეს ძრავა წარმოადგინეს, ის 80 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. იმ დროისთვის ტურბოდაბერვის ძრავებს F1-ში 1.5-ლიტრამდე ჰქონდა შეზღუდვა. ასე რომ M10 ძრავა ამ პროექტისთვის იდეალური გამოდგა.  

M12/13 ძრავას თავდაპირველად ფორმულა 2-ში იყენებდნენ. BMW-მ დაინახა, როგორ მიაღწია 1977 წელს წარმოდგენილმა Renault-ის პირველმა ტურბოდაბერვის ძრავამ წარმატება ფორმულა 1-ში. ეს მათთვის ფორმულა 1-ში მონაწილეობის მოტივაცია გახდა.

1985 წელს კვალიფიკაციებზე M12/13 ძრავამ 1 350 ცხენის ძალა გამოიმუშავა. პოლ როშემ, რომელსაც საჩემპიონო ძრავების მამას უწოდებენ, აღიარა, რომ BMW-მ არც კი იცოდა, სინამდვილეში რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებდა მათი ძრავა.

„1400 უნდა იყოს, მაგრამ ზუსტად რამდენია არ ვიცით, რადგან დინამომეტრი 1280-ზე მეტს არ ზომავს“, - თქვა მან.

M12/13 მიიჩნეოდა ყველაზე ძლიერ ძრავად, რაც ფორმულა 1-ის ისტორიაში შექმნილა. თუმცა, მას ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა - არ იყო სტაბილური. 1984 წელს 16 რბოლიდან 9 პოლ პოზიცია მოიპოვა, თუმცა, სეზონის განმავლობაში ფინიშის ხაზის გადაკვეთა მხოლოდ რბოლების ნახევარში შეძლო. მიუხედავად ამისა, პიკემ ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა.

ამ ბოლიდების საწვავის მოხმარება ძალიან მაღალი იყო. რაც პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ფორმულა 1-თა საწვავის ლიმიტების შემოღება დაიწყო. ამასთან ტურბო არც ისე სანდო იყო. ტურბოს დაყოვნება (ე.წ. ტურბო ლაგი) დიდ პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ის ატმოსფერულ ძრავებთან ნელ მოსახვევებში აგებდა.

მიზეზი იმისა, რომ BMW- ს ძრავები ხშირად ფუჭდებოდა შეიძლება მათი ფილოსოფია ყოფილიყო. ისინი სპეციალურად ირჩევდნენ ძრავებს, რომლებსაც 100,000 კილომეტრამდე ჰქონდა გარბენი. იდეა ის იყო, რომ თუ ძრავა გაფუჭდებოდა, ეს პირველი შემთხვევა არ იქნებოდა.

მოგვიანებით BMW-ს ძრავების გამოყენება Arrow-მ და Benetton-მაც დაიწყეს.

Arrow-მ პირველად BMW-ს ტურბოდაბერვის M12/13 ძრავას გემო 1984 წელს გაუგო. იმ წელს მათ კონსტრუქტორთა თასში მეცხრე ადგილი დაიკავეს. შემდეგ სეზონში კი მერვე.

Benetton-მა კი BMW-ს ძრავები ფორმულა 1-ში მის პირველ სეზონში 1986 წელს გამოიყენა. იმ წელს მათ მექსიკის გრან პრი მოიგეს. იტალიის გრან პრიზე კი გერჰარდ ბერგერმა Benetton B186-ით სწორზე „ტურბოს ერაში“ ტურბოკომპრესორის მქონე ბოლიდით ყველა დროის ყველაზე მაღალი სიჩქარე დააფიქსირა -  351.22 კმ/სთ. მიუხედავად ამისა, შემდეგ სეზონში Benetton-ი BMW-ს ვეღარ ენდო და თანამშრომლობა Ford-თან გააგრძელა.

Arrow-ს  M12/13 ძრავის გამოყენების სურვილი ჯერ კიდევ ჰქონდა. 1987 და 1988 წელს ამ ძრავის გაუმჯობესებული ვერსია გამოიყენეს. მათ ძრავას „მეგატრონი“ დაარქვეს. ეს ორი წელი Arrow-ისთვის საუკეთესო აღმოჩნდა. მათ 1987 წელს მეექვსე და 1988 წელს მეხუთე ადგილი დაიკავეს.  

1987 წელს „მეგატრონს“ Ligier-იც იყენებდა. 1988 წლის ბოლოს კი ფორმულა 1-ში ტურბოჩაბერვიანი ძრავები აკრძალეს.

Williams-BMW პარტნიორობა

1998 წლის სეზონის ბოლოს „უილიამსის“ გუნდმა თავისი კონსტრუქტორი ედრიან ნიუი დაკარგა. ის „მაკლარენში“ გადავიდა. ძრავებით მომმარაგებელმა Renault-მა კი ფორმულა 1 დატოვა. ფრანგულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობამ William-ს პილოტის 4 ჩემპიონის ტიტული და 5 კონსტრუქტორთა თასი მოუტანა. Renault-ის ძრავიანი ორი ბოლიდი FW14B და FW15C დღემდე „ტექნოლოგიურად ყველაზე რთულ ბოლიდებად“ ითვლება.

Williams-ის გუნდს ახალი მომმარაგებელი სჭირდებოდა. 1999 წელს მათ კონტაქტი BMW-სთან გააფორმეს. იმ დროისთვის გუნდში გერმანელი პილოტი უკვე ჰყავდათ. ეს ფაქტი მათ რალფ შუმახერის გადაბირებაში დაეხმარათ.

ახალი ძრავა ტრასაზე 2000 წელს გამოჩნდა. თუმცა, დებიუტი წარმატებული არ გამოდგა. მომდევნო წელი კი უკეთესი იყო. იმ წელს Williams-ის ბოლიდის საჭეს ხუან პაბლო მონტოია და რალფ შუმახერი მიუსხდნენ. ბოლიდ FW23-ს ატმოსფერული V10 ძრავა ჰქონდა, რომელიც 830 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ ბოლიდმა გუნდს 4 გამარჯვება მოუტანა, მათ შორის იმოლაზეც. იქ გუნდს 1997 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტორთა თასში „უილიამსმა“ მესამე ადგილი დაიკავა, პილოტები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, რადგან BMW-ს ძრავა სანდო არ იყო და პილოტები რბოლების ნახევარში ფინიშის ხაზის გადაკვეთას ვერ ახერხებდნენ.

2002 წელს ძრავა უფრო სანდო აღმოჩნდა. იმ სეზონში Williams-მა მეორე ადგილი დაიკავა. სეზონის განმავლობაში ზედიზედ ხუთჯერ პოლ პოზიციაზე იდგა. მონცაზე მონტოიამ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი წრეც დააფიქსირა. წრეზე მონტოიას საშუალო სიჩქარე 256.8კმ/სთ იყო.

კვალიფიკაციის შემდეგ  BMW-ს ავტოსპორტის დირექტორმა მარიო ტისენმა თქვა:

„ინჟინრისთვის ამაღელვებელია ფაქტი, რომ ციფრები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინაც წარმოუდგენელი იყო, რეალობა ხდება“.

„უილიამსმა“ იმ წელს მხოლოდ ერთი რბოლა, მალაიზიის გრან პრი მოიგო, მაგრამ ეს მაინც კარგი მიღწევა იყო. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. შუმახერის და Ferrari-ს ჯერ არნახული დომინირება! იმ წელს მხოლოდ 2 რბოლა დასრულდა ისე, რომ Ferrari-ს პილოტს არ მოუგია. ­BMW-ს ინჟინერიით მოხიბლულმა Williams-მა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

2003 წელი ყველაზე წარმატებული გამოდგა. ძლიერი ძრავით გუნდმა 4 რბოლა მოიგო. ხუან პაბლო მონტოიამ კი ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. კონსტრუქტორთა თასში კი Williams-ი მეორე ადგილზე გავიდა. მიუხედავად ამისა, პილოტები და BMW-ს ინჟინრები FW25-ს ცუდი აეროდინამიკისა და მართვადობის გამო დაუფარავად აკრიტიკებდნენ. BMW-ს თანამშრომლებმა ერთ-ერთ სატვირთოში ამ ბოლიდის დასამცირებლად კუს სურათიც კი გამოაკრეს.

მიუხედავად ამისა, 2003 წლის ივნისში თანამშრომლობა კიდევ 6 წლით გაახანგრძლივეს. Williams-ს იმედი ჰქონდა, რომ BMW მის რესურსებს კიდევ უფრო მეტად გამოიყენებდა და მიუნხენში F1 ქარხნიდან მეტი მხარდაჭერა წამოვიდოდა.

2004 წლიდან ყველაფერი ცუდად წავიდა. BMW „უილიამსს“ ადანაშაულებდა იმაში, რომ საჩემპიონო ბოლიდს ვერ აწყობდნენ. ურთიერთობა დაიძაბა და მათ შორის უთანხმოება საჯარო გახდა.

„ჩვენი თანამშრომლობა Renault-თან და Honda-სთან უფრო წარმატებული და შეთანხმებული იყო“, - თქვა ფრენკ უილიამსმა 2005 წლის ივნისში.

„მუდმივი თითის გაშვერა. ჩვენ ხომ მუდმივად არ ვახსენებთ BMW-ს, რომ 2000 წელს მათი ძრავა 150-ჯერ გაფუჭდა“.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა BMW-მ, რომ „უილიამსთან“ დამშვიდობებისა და საკუთარი გუნდის შექმნის დრო იყო. თავდაპირველად მათ „უილიამსის“ გუნდის შეძენა სცადეს, თუმცა, მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და საბოლოოდ არჩევანი Sauber-ის გუნდზე შეაჩერეს. 

BMW Sauber

2005 წელს BMW-მ Sauber-ის აქციების 80% $100 მილიონად შეიძინა. ძრავა მიუნხენში უნდა აწყობილიყო, კონსტრუქცია კი Sauber-ის Hinwil-ის ქარხანაში. ბოლიდი ბავარიულ ფერებში უნდა ყოფილიყო, რომელსაც წითელი ფერიც ემატებოდა.

Petronas-ი და Credit Suisse Sauber-ის სპონსორები გახდნენ. მოგვიანებით BMW-მ Intel-თან თანამშრომლობაც გამოაცხადა. 

შემდეგ რაც მოხდა, ყველას გვახსოვს. BMW Sauber-ის საქმე კარგად არ წავიდა. 4 წლის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ 1 რბოლა მოიგო. თუმცა პოდიუზე ასვლა 17-ჯერ მოახერხეს. ეს გუნდი რობერტ კუბიცასა და სებასტიან ფეტელს ფორმულა 1-ში გამოჩენაში დაეხმარა.

2008 წელს წელს რობერტ კუბიცა გუნდს ხშირად აკრიტიკებდა.  2009 წლის სეზონის დასაწყისში BMW-მ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. გუნდმა აეროდინამიკის გაუმჯობესება ახალი დიფუზორით გადაწყვიტა. შუა სეზონისთვის გუნდს 10 ქულაც კი არ ჰქონდა მოგროვებული. ახალმა ტექნიკურმა რეგულაციებმა BMW-ს პროგრესი შეაყოვნა. ფინანსური კრიზისის გამო, 2009 წელს BMW-მ ფორმულა 1-დან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ასე დასრულდა BMW-ს თითქმის 2-ათწლეულიანი მოღვაწეობა ფორმულა 1-ში. BMW-ს სიჩქარის პრობლემა არ ჰქონია. მისი ძრავების მთავარი ნაკლი ის იყო, რაც ფორმულა 1-ში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - გამძლეობა. 2009 წლის შემდეგ, მედიაში BMW-ს დაბრუნებაზე არაერთხელ სპეკულირებდნენ, თუმცა, ბავარიული ავტომწარმოებელი ჭორებს უარყოფდა. დღეს ხშირად კამათობენ იმაზე, შემოვა თუ არა კიდევ ერთი გერმანული ავტომწარმოებელი ფორმულა 1-ში. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს Volkswagen Group-ს ოჯახის წევრი იქნება: Porsche ან Audi. დაბრუნდება BMW როდისმე ფორმულა 1-ში? ამას დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ცხადია, ფორმულა 1 მსოფლიოში ერთ-ერთი ძვირადღირებულია და ამ რისკის გაღება ყველას არ უღირს.

გაზიარება: