Aa Aa
15 მარტი 2022  |  10:12

5 მოულოდნელად არასაიმედო მანქანა, რომელიც არ უნდა შეიძინოთ

ავტომობილი, რომელიც ძვირფას დროს სახელოსნოში დაგახარჯინებთ უბრალოდ არ უნდა შეიძინოთ.

საქართველო ავტომოყვარულების სიმცირეს არ უჩივის. მეტიც - შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს მანქანები განსაკუთრებულად გვიყვარს. საკმაოდ საინტერესოა ქვეყნის მრავალფეროვანი ავტოპარკიც, რომელიც, იაპონური მანქანებიდან დაწყებული, გერმანულით გაგრძელებული და ამერიკულით დამთავრებული, თითქმის ყველა ბრენდს მოიცავს.

თუმცა, რას აქცევენ მანქანის შერჩევისას ქართველი მძღოლები ყველაზე დიდ ყურადღებას? ერთ-ერთ ქართულ ჯგუფში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 4 000-ზე მეტ წევრს მოიცავს, აჩვენა, რომ მანქანის საიმედოობა და გამძლეობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, ვიფიქრეთ თქვენთვის იმ ავტომობილების ჩამონათვალი შემოგვეთავაზებინა, რომლებიც არასაიმედოობის რისკს ყველაზე მეტად შეიცავს, მაგრამ საამისო არაფერი ეტყობა. მათი ასეთი რეპუტაციის შესახებ კი ავტომოყვარულ ნათესავებსა და მეგობრებს, შესაძლოა, საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდეთ.

ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალს ზურგს პირადი გამოცდილებები უმაგრებს. თუ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი მოდელი გყავთ და მითითებულ პრობლემას არ შეუწუხებიხართ, მაშინ გილოცავთ, ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით.

Mazda 6 Skyactiv-D


შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ Mazda 6-ის ფლობა და შენახვა დიდ ხარჯებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. იაპონური ბრენდი საიმედო მოდელების შექმნითაა ცნობილი (როტორული ძრავებიც კი მოყვარულთა ნაწილისთვის გამართლებულია), ხოლო დიზელის ძრავა ყოველდღიური გადაადგილების ეკონომიურობას უნდა განსაზღვრავდეს. დიახ, ეს ყველაფერი თეორიულად მართალია, თუმცა ამ ავტომობილს ძალზედ დიდი ნაკლი აქვს - ის გამძლე და საიმედო არ არის.

Mazda 6 Skyactiv-D-ის (დიზელი), განსაკუთრებით 2010-2014 წლის მოდელს, ზეთმიმღები მილის პრობლემა აქვს. შედეგად ძრავას საკმარისი რაოდენობის ზეთი არ მიეწოდება და კატასტროფულად ზიანდება.

„უზეთო“ ძრავასთან ერთად, მოდელებს მანაწილებელი ლილვის ამძრავი ჯაჭვის გაჭიმვა, დიზელის ჭვარტლის ფილტრის გაჭედვა და ტურბინების მწყობრიდან გამოსვლაც აწუხებს. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ Mazda 6 Skyactiv-D-ისგან თავი შორს დაიჭიროთ.

2014 წლის შემდეგ პრობლემები გამოსწორდა, მაგრამ 2014 წლამდე მოდელებისთვის ის პრობლემები არსებობს, რაც ჩამოგითვალეთ. ალტერნატივისთვის კი ბენზინზე მომუშავე Mazda 6-ს გირჩევთ. ვერსია უფრო ჩუმია, შემაწუხებლად ბევრ საწვავსაც არ მოიხმარს და საიმედოცაა.

Nissan Qashqai (ახალი თაობაც და ძველიც)


ნამდვილ ავტომოყვარულებს არა თუ Nissan Qashqai, არამედ მათი მძღოლებიც არ ეხატებათ გულზე. ისინი თვლიან, რომ ამ მანქანას ყიდულობს ადამიანი, რომელსაც წარმოსახვის უნარი საერთოდ არ აქვს.

მიუხედავად კერძო მოსაზრებებისა, რომელთა უმეტესობაც შესაძლოა უაზროდ გეჩვენოთ, ვერ გაექცევით ფაქტს, რომ Qashqai ყველა ბედნიერებასთან ერთად არასაიმედოცაა: შენახვის ხარჯები მაღალია, რადგან ცვეთადი ნაწილები იაფი არ ღირს, მარტივად ჟანგდება კორპუსი, საბარგულის გაღებისას სახელური შესაძლოა ხელში შეგრჩეთ, ხოლო 1.2 და 1.6-ლიტრიან ვერსიებს ძრავის ღვედების პრობლემა აქვს.

ზემოთ ჩამოთვლილი მინუსები მხოლოდ მაღალგარბენიან მანქანებს არ აქვს. ცალკე საკითხია დიზელის ძრავით აღჭურვილი მოდელები, რომლებსაც ტურბინის, გამათბობლის პრობლემები აქვთ და აწყობის ზოგადი ხარისხიც ძალზედ დაბალია.

თუ მაინცდამაინც „ქროსოვერი“ არ გსურთ, მაშინ ამ ფასში Honda Civic-ი უკეთესი ავტომობილია. თუ „ქროსოვერს“ ეძებთ, მაშინ Honda CRV-ი ან ბენზინისძრავიანი Rav4 უკეთესი ალტერნატივაა.

Toyota Rav4 (მესამე თაობა)


კი, მაგრამ ახლახან ხომ Rav4-ის შეძენა გვირჩიეთ? დიახ, მართალი ბრძანდებით. თუმცა, ჩვენ ბენზინზე მომუშავე ძრავით გირჩიეთ, ხოლო დიზელის აგრეგატით აღჭურვილ მესამე თაობის Rav4-ს უნდა ერიდოთ.

2006-2012 წლებში წარმოებულ Rav4 Diesel-ს ზეთის ტუმბოს პრობლემა აქვს. შედეგად ძრავას ზეთი მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ მიეწოდება და მწყობრიდან გამოდის. ამ მოდელის ძრავები კი საკმაოდ ძვირია.

მესამე თაობის Rav4 Diesel-ის პრობლემა ცილინდრთა ბლოკის თავების შუასადებიც გახლავთ. ძრავა შესაძლოა ნებისმიერ დროს გადახურდეს ისე, რომ ვერც გაიგოთ. ძვირი დაგიჯდებათ ამ დეტალიც მოგვარებაც.

ზოგადად, Toyota-ს დაბალკუბატურიანი დიზელი ძრავები არც ისე საიმედო გახლავთ. მფლობელებს ბევრი პრობლემა ჰქონიათ მწარმოებლის ისეთ დიზელისძრავიან მოდელებთან, როგორიც Avensis-ი და Yaris-ია.

Mini


ვიცით, რასაც ახლა ჩვენი მკითხველის უმეტესობა ფიქრობს - „რომელი Mini? Mini-ს უამრავი მოდელი არსებობს!“. თუმცა ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - ყველა! ყველა მათგანი არასაიმედოა, თითქმის ყველა თაობა დაბალი დონისაა. რატომ? ძრავა არ ვარგა, გადაცემათა კოლოფები არ ვარგა, მექანიკური გადაცემათა კოლოფებიც კი საშინლად არასაიმედოა, ხოლო ავტომატურ კოლოფზე კომენტარსაც არ გავაკეთებთ.

ამ ყველაფერთან ერთად პრობლემატურია ელექტროობაც. ვისაც Mini-ს ელექტროობასთან შეხება ჰქონია, გეტყვით, რომ ეს სისტემა არანორმალურმა ადამიანმა დააპროექტა.

მანაწილებელი ლილვის ამძრავი ჯაჭვი კიდევ ერთი სისუსტეა, ხოლო ზეთის „ჭამა“ და აალების გამოტოვება ტორტზე მარწყვივითაა.

2001 წლიდან წარმოებული Mini-ს მოდელები მართლაც საოცრად გამოიყურება. ამიტომაც ისინი უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს. სახალისოა მართვაც. ეს მოდელები გზას საოცრად ეწებება. ქალაქის პირობებში იდეალური ზომისაა, ხოლო Cooper S-ი საკმაოდ სხარტიც მოგეჩვენებათ. თუმცა, ეს ყველაფერი რის ფასად? იმისათვის, რომ Mini იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოთ ბევრი მუშაობა და უამრავი რესურსის დახარჯვა დაგჭირდებათ.

ლურჯი ოვალი (Ford-ი)

კი, მაგრამ Ford-საც პრობლემები აქვს? დიახ, განსაკუთრებით დიზელის ძრავის მქონე მოდელებს. ახალი მოდელების უმეტესობას ინჟექტორებისა და საწვავის ტუმბოს პრობლემა აქვს. აქ ლაპარაკი დაბალგარბენიან მოდელებზე გვაქვს. გარდა ამისა, ნამუშევარი აირების რეცირკულაციის სარქველი და დიზელის ჭვარტლის ფილტრის ხშირი გაჭედვაც შეგაწუხებთ.

თუმცა, Ford-ის აქილევსის ქუსლი ავტომატური კოლოფებია. თუ მსოფლიოში ყველაზე არასაიმედო ტრანსმისიის ტიტული იარსებებდა სწორედ ეს კოლოფი მოიგებდა - რობოტიზირებული მექანიკა, რომელსაც როგორ უნდა მოუაროთვერავინ ამბობს. მფლობელები საცობში გაჭედვისას ხშირად „ნეიტრალსაც“ იყენებენ. გამოდის, რომ ის რობოტი, რომელიც ტრანსმისიას მართავს, გარკვეულწილად, თქვენც უნდა იყოთ. 

15-20 წლის წინ Ford-ი გამძლე მანქანებს უშვებდა. კარგ ავტომობილებს დღესაც უშვებენ. ასეთი გარღვევები კი ნამდვილად არ ეკადრებათ. 

იყო თუ არა ჩვენი სტატია თქვენთვის ინფორმატიული? გაქვთ თუ არა საწინააღმდეგო აზრი? ნებისმიერ შემთხვევაში, დააფიქსირეთ თქვენი ხედვა კომენტარებში.

გაზიარება: