Aa Aa
31 იანვარი 2022  |  11:36

"ოპელის" ვინტაჟური ავტომობილები საქართველოში

არსებული საავტომობილო კომპანია საქართველოში სახარბიელო იმიჯით ვერ სარგებლობს. მიუხედავად ეკონომიური ავტომობილის სტატუსისა, რომელიც არც თუ ისეთი ცუდი საიმედოობით გამოირჩევა, მაგრამ ქართველი ავტომოყვარულების გულებში მაინც ვერ შეაღწია. ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში უამრავი ცნობილი მოდელი დაგროვდა, მაგრამ არსებობდნენ ისეთი მოდელებიც, რომლებიც ცოტას თუ ემახსოვრება. ამ სტატიით შევეცდებით „ოპელის“ ის მოდელები გაგახსენოთ, რომლებიც ავტომოყვარულებში ერთ დროს დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ. ჩვენს ქვეყანაში ეს მოდელები უხვი რაოდენობით არ გვხდებოდა, თუმცა მათი დანახვისას წარსული აუცილებლად გაგახსენდებათ.

Opel Senator V6 3.0-24 Valve

Pin on Opel

ამ კომპანიის არსებობის ისტორიაში ესეთი კლასის მოდელს იშვიათად თუ შეხვდებით. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე დასაწყისშივე გასაგები იყო, თუ როგორი კომფორტული და მაღალი კლასის ავტომობილი იქნებოდა. დღეს ჩვენ მეორე თაობა „სენატორზე“ ვისაუბრებთ. ზოგადად 80-90 წლებში ყველა მწარმოებელი ცდილობდა, რომ თავისი კონკურენტისთვის საკადრისად ეპასუხა, ამაში რესურსებს არ იშურებდნენ და ხშირად დიდი დანახარჯების გამო, ზოგიერთი მოდელი მალევე დავიწყებას მიეცა. „სენატორიც“ ამ სიას განეკუთვნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის უვარგისი მანქანა იყო, პირიქით, ძალზედ ძლიერი, გამძლე და კომფორტული ავტომობილია. ამ მოდელში ძრავების და ოფციების ბევრი კომბინაცია არსებობდა, მაგრამ ჩვენი ყურადღება მხოლოდ V6 3.0-24 Valve მოდელზე იქნება მიპყრობილი. მოცემული ციფრების და ასოების აბრევიატურა ნიშნავს: V ტიპის 6 ცილინდრიანი, 3.0 ლიტრი მოცულობის მქონე 24 სარქველიანი ძრავა. „სენატორის“ არსებობის პერიოდში ერთ ცილინდრზე 4 სარქველი დიდი ფუფუნება იყო და მსგავსი ძრავა ბევრ ცხენისძალას გამოიმუშავებდა. კონკრეტულ მოდელს 204 ცხენის ძალა ჰქონდა, რაც იმ დროისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ავტომობილის ძარა საკმაოდ დიდი იყო და მისი წონა 1640 კილოგრამს შეადგენდა, თუმცა არსებული ძრავით აჩქარება პრობლემას არ წარმოდგენდა. ამ ყველაფერს კლასიკური უკანა წამყვანი ავტომობილის კონფიგურაცია ამშვენებდა. ვინც ამ მოდელის ინტერიერში ერთხელ მაინც ხართ მოხვედრილი, მაჩვენებლების განსხვავებული ელექტრო დაფა ყველას გემახსოვრებათ. მისი განსხვავებულობა მდგომარეობდა იმაში, რომ ძრავის ბრუნვათა რიცხვის, სიჩქარის და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც ელქტრო იყო. Opel Senator-ი „ომეგის“ ბაზაზე იყო აწყობილი და მიუხედავად ამ ფაქტორისა „ომეგაზე“ მაღალი კლასის ავტომობილად ითვლებოდა.

Car Interiors — 1987 Opel Senator Worldwide

Opel Monza

1983 Opel Monza GSE | conceptcarz.com

ბრიტანეთში მას „სამეფო კუპე“ უწოდეს. „მონზა“ პირველი თაობა “სენატორის“ ბაზაზე იყო წარმოებული. იგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და თავის კონკურენტებს არაფრით ჩამორჩებოდა. ეს მოდელი არა თუ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც იშვიათი იყო. საქართველოშიც თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნებოდა და ეს ფაქტი მას მეტად ნოსტალგიურს ხდის. იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ  მისი დანახვისას სხვა უფრო პრესტიჟულ ბრენდში გვერეოდა. თანამედროვე საქართველოში ესეთი მოდელები მხოლოდ ისტორიაა. ცუდ მდგომარეობაშიც კი ვეღარ ნახავთ, დინოზავრების ბედი გაიზიარეს. იყო დრო, როდესაც თბილისის ქუჩებში „ოპელის“ ისეთი რარიტეტული მოდელები დადიოდნენ, როგორიც „მონზა“ იყო.

Opel Vectra 2000 GSI

Riwal888 - Blog: !NEW! 25 Years Ago the First Opel Vectra Modernized the  Mid-size Class

ამ მოდელს მოყვარულები დღესაც ბევრი ჰყავს, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე მასზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. ყველა GSI-ის საბარგულზე 2000 16 Valve ეწერა, რაც ზემოდხსენებული „სენატორივით“ ძრავის მოცულობას და სარქველების რაოდენობას გულისხმობდა. 80 da 90-იან წლებში, „ოპელი“ თავის სპორტულ მოდელებს GSI-ის ნიშნით გამოარჩევდა, რაც Grand Sport Injection-ს ნიშნავდა და მის სპორტულ ხასიათს უსმევდა ხაზს. ამ მოდელის ძრავა დღემდე გამოიყენება ავტოსპორტში და კვლავ ლეგენდარულია. მას 150 ცხენის ძალა ჰქონდა. საბარგულზე არსებული ლოგოს გარდა, ამ კონკრეტული მოდელის ამოცნობა გამნაბოლქვის სისტემის კუთხოვანი ფორმის დაბოლოებებით იყო შესაძლებელი, რაც „ვექტრა 2000-თვის“ ძალიან სახასიათო იყო. ყველა „ვექტრის“ მსგავსად მოცემული მოდელიც წინა წამყვანი იყო, თუმცა არსებობდა 4x4-ზე მოდელებიც, რაც შედარებით იშვიათი იყო. ჩვენს ქვეყანაში „ოპელის“ ამ მოდელს დღესაც შეიძლება შეხვდეთ, თუმცა რაც დრო გადის ამის ალბათობა კიდევ უფრო მცირდება.

Opel Corsa GSI

Opel Corsa GSi (A) '1988–90

მისი მცირე გაბარიტებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ მისი დანიშნულება მხოლოდ ნაკლები საწვავის მოხმარება და გადაადგილებაა. 90-იანი წლებში სტანდარტული მოდელის სპორტულ ავტომობილად გადაქცევა ავტომწარმოებლებისთვის ერთგვარი მოდა იყო. ჩვენი ყურადღება პირველ თაობა „კორსაზე“ იქნება მიმართული. ერთი შეხედვით „კორსის“ ეს მცირე და მსუბუქი ძარა, მხოლოდ პატარა მანძილების დასაფარად თუ გამოდგებოდა. ავტოინჯინერის გენიალურობა, მარტივი ხერხებით არაფრისგან რაიმეს შექმნაა. მთავარი ფაქტორი GSI-ის შექმნაში მისი სიმსუბუქე იყო. ავტომობილი დაახლოვებით 850 კილოგრამს იწონიდა და მასში 1.6 ლიტრიანი ძრავა იყო მოთავსებული, რომელიც 101 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ამ მონაცემებით ნებისმიერი ავტომოყვარული მიხვდება, რომ 80 და 90-იან წლებში, ესეთი პატარა ავტომობილისთვის, მოცემული მახასიათებლები კარგად გართობისთის საკმარისი იყო. ამ ყველაფერს მისი ინერტული მართვის უნარებიც ხელს უწყობდა. იგი მალევე დამწყები ავტომრბოლელების საყვარელი ავტომობილი გახდა. ამ მოდელს გასულ წლებში საქართველოში იშვიათად შევხდებოდით. სამწუხაროდ დღევანდელობაში მისი ნახვა უკვე წარმოუდგენელია.

Opel Calibra Turbo 4x4

1992 Opel Calibra Turbo 4x4 - price and specifications

მიუხედავად იმისა, რომ „კალიბრასაც“ ჰყავდა GSI ვერსია, ტურბინიანი და ოთხივე წამყვანი მოდელი გაცილებით ვინტაჟურია. 90-იანების საქართველოში „ევოდ“ და „იმპრეზად“ ეს ავტომობილი გვევლინებოდა, რადგან ბოლო ორი მოდელი, ფასიდან გამომდინარე მიუღწევადები იყვნენ. დიდი რაოდენობით არც ტურბინიანი „კალიბრა“ გამოირჩეოდა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მცირე რაოდენობით მაინც არსებობდა. ამ მოდელშიც ძრავების ძალიან ბევრი არჩევანი იყო, დაწყებული 115 ცხენის ძალიანი 2.0-დან, დამთავრებული V ტიპის 6 ცილინდრიანი 2.5-მდე, რომელიც 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ტურბინით აღჭურვილ „კალიბრას“ 204 ცხენის ძალა ჰქონდა და მოდელთა გამაში ყველაზე მძლავრი იყო. ამას ემატებოდა 4x4-ზე სისტემა, რომელიც საფართან დიდ მოჭიდებას განაპირობებდა. 6.8 წამი საკმარისი იყო 0-დან 100-მდე აჩქარებისთვის, რაც იმ დროისთის ძალზედ შთამბეჭდავი იყო.  მას 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ტურბინიან მოდელში იყო ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, თუ რა აგრეგატებით იყო აღჭურვილი, იგი მაინც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, თუმცა ტურბინიანი მოდელის ფლობა სხვებისაგან ბევრად გამოგარჩევდათ. იმ ადამიანებს, რომლებიც 2000-იანების ქართული „დრეგ რეისინგით“ იყვნენ მოხიბლულები და შეჯიბრებს მუდმივად თვალს ადევნებდნენ, ალბათ ამ სტატიის წაკითხვისას მწვანე ტურბინიანი „კალიბრა“ გაგახსენდებათ, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო.

Opel Omega 3000 24 Valve

Opel Omega 3000 (A) 1987–94 wallpapers

ძველი ავტოწარმოება ავტომოყვარულებს ბევრი მიზეზის გამო იზიდავს. ერთერთი მიზეზი არის ის ფაქტი, რომ უამრავ კომპანიას თითქმის ყველა მოდელის სპორტული ვერსია ჰქონდა. მისი საბაზისო მოდელი შეიძლება ძალიან მოსაწყენი და არასპორტული ყოფილიყო, თუმცა ინჟინრები საქმეში იმდენად ერეოდნენ, რომ ერთი შეხედვით დიდი და მოსაწყენი Opel Omega ნამდვილ მონსტრად გადააქციეს. ზემოდნახსენები „სენატორის“ ძრავა ედგა, თუმცა მასთან შედარებით 200 კილოგრამით ნაკლები იყო და ყველა მოდელი ბლოკირებული უკანა დიფერენციალით გამოდიოდა. უბრალო მოდელისგან დამატებითი სპოილერებით  და გაცილებით აგრესიული ვიზუალით გამოირჩეოდა. ეს ყველა დეტალი მის სპორტულ გენეტიკაზე მიუთითებდა. საქართველოში ბევრი ფლობდა საბაზისო „ომეგას“, რადგან ძალიან პოპულარული იყო, ამიტომ იმ ავტომოყვარულებს, რომლებსაც სხვებზე მეტად უყვარდათ სისწრაფე, არ გამორჩენიათ „ოპელის“ ეს გიჟური მოდელი და BMW-ს მოყვარულების წინაშე სიამოვნებით იწონებდნენ თავს.

Opel Astra GSI

Opel Astra GSi (F) 1991–98 photos

წარმოდგენილი მოდელი 90-იანი წლების ერთერთი საუკეთესო „ჰეთჩბექი“ იყო. საკვანძო აგრეგატები Opel Vectra 2000-სგან ჰქონდა. „ასტრა“ უფრო მსუბუქი და მოქნილი იყო. საქართველოში ვისაც ეს ავტომობილი ხშირად უნახავს, ძრავის ხუფზე არსებული გაგრილების საჰაერო ჭრილები აუცილებლად ემახსოვრება, რომლებიც მარტივად გამოარჩევდნენ სხვა უბრალო „ასტრებისაგან“. შეუმჩნეველი არ დაგრჩებოდათ მისთვის დამახასითებელი Bodykit-იც, რომელიც მას ძალიან აგრესიულ ელფერს სძენდა. საქართველოში ვისაც BMW 525 ან „ჰონდის“ სპორტული მოდელი ჰყავდა, ყველამ იცოდა, რომ Astra GSI-თან ცუდად ხუმრობა არ შეიძლებოდა. 90-იან წლებში გერმანიიდან ყველაზე მეტი ავტომობილი შემოდიოდა და ეს კონკრეტული მოდელი „ცხელ ჰეთჩბექებში“ ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი იყო, რასაც მის იაპონელ კონკურენტებზე ვერ ვიტყვით. მსოფლიო მასშტაბით, კერძოდ რალიში ეს მოდელი ძალიან დიდი წარმატებით ასპარეზობდა, მაგრამ ძალიან ცოტა ქართველ მფლობელს თუ ეცოდინებოდა ის ფაქტი, რომ მათ ჰყავდათ ავტომობილი, რომლითაც მსოფლიო რალის ვარსკვლავები ჩემპიონატის ეტაპებს იგებდნენ.

გაზიარება: