Aa Aa
13 მაისი 2022  |  10:01

არის თუ არა უკანა ფრთა ფუნქციური კაბრიოლეტ ავტომობილებზე?

იყო დრო, როდესაც დამწყები მრბოლელები სარბოლოდ კაბრიოლეტ ავტომობილებს ირჩევდნენ. ასეთი ტიპის მანქანებს საოცარი ვიზუალი ჰქონდათ და მეტ ყურადღებასაც იპყრობდნენ. გაიხსენეთ Fast and Furious-ის პირველი რამდენიმე ნაწილი. ადრეულ 2000-იანებში კაბრიოლეტზე ყველა გიჟდებოდა. ამ სილუეტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი უკან გახლდათ, რომელსაც უზარმაზარი სპოილერი ამშვენებდა.

მოგვიანებით „სუპერქარების“ ცნობილმა მწარმოებლებმაც აქტიურად დაიწყეს განსხვავებული ვიზუალის მქონე ავტომობილების წარმოება. ვიხილეთ Pagani-ს, Koenigsegg-ისა და Lamborghini-ს ექსკლუზიური ღიასახურავიანი მოდელებიც. ზოგიერთ მათგანს უზარმზარი უკანა ფრთა ჰქონდა შენარჩუნებული, ზოგიერთს კი არა. ფრთებს კი, როგორც იცით, თავისი ფუნქცია და დატვირთვა აქვს. თუმცა, როდის აქვს აზრი უკანა ფრთის არსებობას და როდის არა?

ამ კითხვაზე პასუხს Youtube-ის ერთ-ერთი არხზე, KYLE.ENGINEERS-ზე, განთავსებული ვიდეო გვაძლევს. სადემონსტრაციოდ პირველი თაობის Mazda MX5 Miata არის მოყვანილი. ეს ზუსტად ის მანქანაა, რომლის მოდიფიცირებასაც დამწყები ენთუზიასტები არ მოერიდებიან.

ერთ-ერთი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით, რომელსაც CFD-ი ჰქვია, ვიდეოს ავტორი გვაჩვენებს თუ როგორ მონაცვლეობს როდსტერ ავტომობილზე ჰაერი ღია და დახურული სახურავით. ასე ჩვენ ჰაერის ნაკადის მოძრაობაზე სრულფასოვან ინფორმაციას ვიგებთ.

„პროგრამის მეშვეობით მანქანა უზარმაზარი უკანა ფრთით აღვჭურვე. ის საკმაოდ განიერია და მასზე დიდი ზომის ფრთის ამ მანქანაზე დამონტაჟება შეუძლებელიც კია. ასეთ პირობებშიც კი კაბინიდან წამოსული ჰაერის მასა იმდენად მოქმედებს, რომ მიმჭერი ძალა თითქმის საერთოდ აღარ არსებობს,“ - ხნის კაილ ფორსტერი, F1-ის ყოფილი აეროდინამიკოსი.

მართლაც, ავტომობილის ზედაპირიდან წამოსული წნევა ფრთას მთლიანად ფარავს. შედეგად ფრთის ზედაპირზე საკმარისი ჰაერი არ ხვდება, რაც ამ დეტალს მთლიანად უსარგებლოს ხდის. გარდა ამისა, იზრდება შუბლური წინაღობის კოეფიციენტიც და საბოლოო ჯამში მანქანა ძალზედ არააეროდინამიკური ხდება.

კაილ ფორსტერის ამ შესანიშნავი დემონსტრაციით მტკიცდება, რომ როდსტერისთვის, მიმჭერი ძალის გასაძლიერებლად, უზარმაზარი ფრთის დაყენებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება სახურავი დახურული იქნება. კაბრიოლეტის ხიბლი ღიასახურავში გახლავთ. როგორც ჩანს ასეთი ტიპის ავტომობილების მძღოლებს კომპრომისზე წასვლა აუცილებლად მოუწევთ.

გაზიარება: