Brabus EV12-"შავი ბარონის" ძალა
Brabus-ი გერმანული ავტომობილების გაუმჯობესებითაა დაკავებული. ამ კომპანიის სამოდელო სიაში უამრავი "თავზეხელაღებული" პროექტი და რეკორდია. ტიუნინგ ატელია ყოველთვის დაუჯერებელი მოდელების წარმოებით იწონებდა თავს. ეს გერმანული კომპანია დაბრკოლებებს არ ცნობს და ყოველთვის საპირისპიროს დამტკიცება შეუძლია.

„ბრაბუსის“ ხელებში არაერთი სედანი ყოფილა, თუმცა ყველაზე მეტად EV12 One of Ten-ი გამოირჩევა. ამ „გიჟური“ პროექტისთის კომპანიამ W212 ძარა აირჩია, მასში 6.3 ლიტრიანი V12 Biturbo ძრავა მოათავსეს. „ბრაბუსის“ იდეა პირველი ნაბიჯებიდანვე გასაგები იყო: მათ რაღაც არანორმალური უნდა შეექმნათ. 800 ცხენის ძალა და არაამქვეყნიური 1420 ნიუტონი მიიღეს. ავტომობილის მაბრუნი მომენტი იმდენად ბევრი გამოუვიდათ, რომ მოგვიანებით 1100-მდე ელექტრონულად შეზღუდეს, რადგან გადაცემათა კოლოფი ასეთ კოლოსალურ დატვირთვებს უბრალოდ ვეღარ უძლებდა. ამ ყველაფერს კიდევ ერთი მაჩვენებელი ამძაფრებდა, მაბრუნი მომენტის პიკი სულ რაღაც 2100 ბრუნვათა რიცხვიდან იყო შესაძლებელი.
ასევე დაგაიტერესებთ: გამოუვალი მდგომარეობიდან მსოფლიო რეკორდებამდე - BRABUS-ის ისტორია
წარმოიდგინეთ, 20-30 კმ/სთ-ით მიმავალ მანქანაზე, აქსელერატორის საფეხურზე ბოლომდე დაჭერით აი ეს მონაცემები ერთ წამში პიკს აღწევდა, შესაბამისად ავტომობილის აჩქარება სასწაული გამოვიდა. 2 ტონიანი სედანი 0-100 აჩქარებას 3.7 წამში ახერხებდა, ხოლო 0-200კმ/სთ-მდე 9.9 წამში. მისი მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ს აღწევდა და ის ელექტრონული შემზღუდველით იყო განპირობებული. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ ავტომობილს გააჩნდა, გზის საფართან მოჭიდება იყო.

„ერთი ათიდან“ მოდელს წინ უზარმაზარი 12 დგუშიანი და უკან 6 დგუშიანი სამუხრუჭე სისტემა დაუყენეს, აგრეთვე დაკიდების სისტემაში მნიშვნელოვნად ჩაერივნენ. დაკიდების სისტემას სვლის რამოდენიმე ფუნქცია ჰქონდა, აგრეთვე სიმაღლის რეგულირებაც ხელმისაწვდომი იყო. ავტომობილის ძარაში კარბონის დეტალებს ბევრგან შეხვდებოდით. გარე ვიზუალში უამრავ დამატებით სპოილერსა და განმასხვავებელ დეტალებს შეამჩნევდით, მაგრამ ყველაზე მეტად, რაც თვალში მოგხვდებათ, დაფარული უკანა ფრთაა. ეს დეტალი ავტომოყვარულებისთვის საკამათო აღმოჩნდა, თუმცა Brabus-მა მოგვიანებით განაცხადა, რომ მოცემული დეტალი ესეთი სწრაფი სედანის აეროდინამიკისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა.

კომპანიამ პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ EV12 0ne of Ten-ის წარმოება შეზღუდული იქნებოდა და სულ 10 ეგზემპლარის აწყობა იქნებოდა შესაძლებელი. მოცემული მოდელები ხელით აწყობილი იქნებოდა და მისი ფასი 875 000$ შეადგენდა. მას “შავი ბარონი“ შეარქვეს და 2009 წელს ყველაზე სწრაფი სედანის სტატუსი მოიპოვა.