Aa Aa
7 მაისი 2022  |  10:43

1987 წლის ახალთახალი Buick GNX-ი ფარდულში 35 წლის განმავლობაში იდგა

1980-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მიმზიდველი სპორტული ავტომობილი კომპრესორიანი Buick GNX-ი იყო. ეს ყველამ იცოდა, რის გამოც მყიდველების ნაწილმა ამ მანქანებისგან სამუზეუმო ექსპონატის ქცევა გადაწყვიტა. ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ ვხედავთ GNX-ის აუციონზე გამოტანილ ეგზემპლარებს დაბალი გარბენით.

სურათებზე ნაჩვენები GNX-ი განსხვავებული და განსაკუთრებულია. მოდელი, შასის ნომრით 414, 1987 წლის შემდეგ გამოშვებული 547 ეგზემპლარიდან ერთ-ერთია. მის ოდომეტრზე კი მხოლოდ 15 კმ-ია გამოსახული.



დიახ, სწორად წაიკითხეთ. არა 15 000, 1 500 და 150 კმ, არამედ 15. მანქანა თავისმა პირველმა მფლობელმა შეძენისთანავე „დააპარკინგა“ და მას შემდეგ აღარ გამოუყენებია. სამწუხაროდ, ამ Buick-ის მფლობელი გარდაიცვალა. ახლა კი ეს მანქანა ლი პოლსკის, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული საავტომობილო კომპანიის ხელმძღვანელს ხელში ჩაუვარდა. ის ამ ავტომობილის შეძენას მთელი ერთი წელი ელოდა.

მოწოდებული სურათები მაღალი ხარისხის არ გახლავთ, მაგრამ უდავოდ საინტერესოა. მოდელის მდგომარეობა სიტყვა „ნაპოვნს“ სრულად შეესაბამება. ფარეხში ამ კლასიკასთან ერთად უამრავი ხარახურა ინახებოდა. თუმცა, GNX-ს გასაყიდი სტიკერი ისევ აქვს, რომელიც ფანჯარაზეა მიმაგრებული. სალონი კი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 1987 წელს გამოიყურებოდა. საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია კორპუსის საღებავიც. პოლსკის ცნობით, ნაკაწრები მხოლოდ რამდენიმე ადგილას შეინიშნება, რისი გამოსწორებაც უმარტივესია.


ზამთრის ძილის შემდეგ სრული სერვისი ჩაუტარდა 276-ცხენისძალიან 3.8-ლიტრიან V6 ძრავასაც. აგრეგატი საათივით ამუშავდა, რაც ნიშნავს, რომ ახალ მფლობელს მანქანის აჩქარების გატესტვა უპრობლემოდ შეეძლება. შეგახსენებთ, რომ ახალი GNX-ი 0-დან 100-მდე 4.7 წამში ჩქარდებოდა. თუმცა, ეს ეგზემპლარიც ახალია.

პოლსკი ამ ავტომობილს ყიდის. განცხადება eBay-ს აუქციონზე სულ რამდენიმე დღეა რაც განათავსეს და მანქანის ფასმა 180 000$-ს გადააჭარბა. ამჟამინდელი მფლობელი კი მის სანაცვლოდ 350 000$-ს ითხოვს.

როგორ ფიქრობთ, ღირს ეს ავტომობილი 350 000$? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: