Aa Aa
11 მაისი 2022  |  17:23

როგორ იქცა მაქს ფერსტაპენი მსოფლიო ჩემპიონად

როცა ხედავდა, როგორ მიდიოდა მამამისის ფურგონი მის გარეშე, მაქს ფერსტაპენი ცდილობდა გაეაზრებინა, რა დააშავა. თავისი სიცოცხლის 14 წლისა და 11 თვის განმავლობაში მამა ისეთი გაბრაზებული არასდროს უნახავს, როგორც რამდენიმე საათის წინ კარტინგებზე. რაღა თქმა უნდა, მანამდე სამხრეთ იტალიის ბენზინგასამართ სადგურზეც მარტო არასდროს დაუტოვებიათ. ყველაფერი რთულად იყო.

მხოლოდ ერთი გამოსავალი რჩებოდა: დედასთან დარეკვა.

სანამ დედას ელოდებოდა, რომელიც იმავე გზაზე სხვა ავტომობილით მოდიოდა, თავში მხოლოდ ის შეცდომა უტრიალებდა... სულელური შეცდომა იყო. შეცდომა, რომელიც ძვირად დაუჯდა. როცა ბევრ ერთმანეთთან დაუკავშირებელ ფაქტორს იმ წამიერ გადაწყვეტილებასთან მიჰყავხარ, რომელიც მთელი კვირის შრომას წყალში გიყრის.

არადა უიკენდი იმედისმომცემი იყო. ეს მოხდა KZ2-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფინალური რბოლაც სარნოში, ნეაპოლთან ახლოს გაიმართა. ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და მაქსის მამა იოს ფერსტაპენი ვაჟიშვილის მექანიკოსიც იყო და შვილს ყოველთვის საჭირო აღჭურვილობით ამარაგებდა. მაქსი მასზე უფროსი მრბოლელების წინააღმდეგ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. შემდეგ კი შეცდომა დაუშვა...

თუმცა, ეს შეცდომა ბოლომდე მაქსის ბრალი არ ყოფილა. როცა მის კარტზე საბურავებს ცვლიდნენ, მაქსს ტემპის დასაბრუნებლად მათი გახურება სჭირდებოდა. ამიტომ მოსახვევებში კარტს აცურებდა და დროს კარგავდა, რომ შემდეგი წრისთვის რეზინი მზად ყოფილიყო.

უფრო დიდმა ბიჭმა ახალი ზელანდიიდან დენიელ ბრეიმ მაქსს გადაასწრო. არადა მაქსი მთელი კვირის განმავლობაში ლიდერი იყო. ბრეიმ მას მეორე მოსახვევის წინ სწორ მონაკვეთზე გადაასწრო.  მაქსს  პირველი პოზიციის დაბრუნება სურდა. აგრესიულად შეუტია. მას შემდეგაც, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამ მომენტზე ხშირად ფიქრობს.

„რახან ასეთი სწრაფი ვიყავი, ვიფიქრე, რომ გადავასწრებდი. როცა მოძრაობა დავიწყე, მივხვდი, რომ ზედმეტად ოპტიმისტი ვიყავი და ჩვენ შევეჯახეთ. მე რბოლის დასრულება მომიწია“, - ამბობს ახლა 24 წლის მაქსი.

„მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ასე გავანიავე რბოლაში, რომელიც დღემდე ჩემთვის ყველაზე მარტივი უნდა ყოფილიყო“.

კარტი მტვერში დაბზრიალდა და გაჩერდა. მაქსმა ხელები მაღლა ასწია. მწველი მზე აცხუნებდა. კარტიდან გადმოვიდა და მისი სხეულის ენა დიდ იმედგაცრუებაზე საუბრობდა.

ის პიტ ლეინზე დაბრუნდა. მამა არსად ჩანდა. მაქსი კარვის მსგავსი ადგილისკენ გაემართა, სადაც რბოლისთვის კარტებს ამზადებენ ხოლმე.  

იოსი იქ იყო და ფერსტაპენების ფურგონში აღჭურვილობას ალაგებდა. მამას სიტყვები მაქს დღემდე მკაფიოდ ახსოვს:

„კარტი შენ მოგაქვს. არ მადარდებს. არ დაგეხმარები“.

თვალცრემლიანმა მაქსმა, დასახმარებლად მის ბავშვობის მეგობრებს იორიტ ფექსს და სტენს მიმართა. მათ ტრასიდან კარტი გამოიყვანეს და ფურგონთან მიიყვანეს.

„რა თქმა უნდა, ვტიროდი. მამა ჩემით იმედგაცრუებული იყო და ჩემი დახმარება აღარ უნდოდა“, - იხსენებს მაქსი.

„როცა უკან დავბრუნდი, მამა უკვე კარავს იღებდა. ის ასეთი არასდროს მინახავს. კარტი ფურგონში უბრალოდ შეაგდო.

მახსოვს, არ მინდოდა მამასთან ერთად ნიდერლანდებში დაბრუნება, მაგრამ სამხრეთ იტალიიდან სახლში მეგობრებთან ერთად დაბრუნების უფლებას არ მომცემდნენ“.

მაქსს უნდოდა მამასთან შეცდომაზე ესაუბრა. თუმცა, იოსს არაფრის გაგონება უნდოდა.

„როცა ფურგონში ჩავსხედით, რა თქმა უნდა, მამასთან საუბარი მინდოდა. „გაჩუმდი. შენი მოსმენა არ მინდა. უბრალოდ იჯექი და შეწყვიტე საუბარი“- თქვა მან“.

„მაგრამ, მე ისევ საუბარს ვცდილობდი, სანამ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე არ გააჩერა: „გადადი. გადადი და შენი ხმა აღარ გავიგო“.

„ასე გადმომაგდო ფურგონიდან და წავიდა... და თანაც სამხრეთ იტალიაში“.

იოსმა შემდეგ  განმარტა, რომ მისი განზრახვა მაქსის იქ მარტო დატოვება არ ყოფილა. იცოდა, რომ უკან მაქსის დედა მოდიოდა. უკან მობრუნებაც გადაწყვეტილი ჰქონდა. იოსმა თავი იმით იმართლა, რომ კარტებში ყველაფერი იმდენად მარტივად გამოსდიოდა მაქსს, შეცდომებიდან ვერასდროს ისწავლიდა.

„საბედნიეროდ, დედაც იქ იყო. მას დავურეკე და 5 წუთის შემდეგ მოვიდა.

დაძვრას ვაპირებდით, როცა მამას ფურგონიც გამოჩნდა. „ჩაჯექი, მაგრამ ხმა არ ამოიღო“. მაშინ მამას ახალი მეგობარი გოგონა ჰყავდა. როგორც ჩანს, მან დაარწმუნა, რომ ასე მოქცევა არასწორი იყო.

მოგზაურობა 17 საათს გაგრძელდა და ჩვენ არ გვისაუბრია. სახლში მივედით. თუ სწორად მახსოვს მთელი კვირა არ მესაუბრებოდა. სკოლაში დავდიოდი და ჩვეულებრივად ვიქცეოდი. ყოველთვის, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ, სახელოსნოში მივდიოდი ხოლმე. 1 კვირის განმავლობაში არ მივსულვარ. მამა არ მელაპარაკებოდა. ეს დიდი სასჯელი იყო. ვიცოდი, რომ შეცდომა დავუშვი.  

ჩემთვის ეს კარგი იყო. შემდეგ წელს გასწრებებზე უფრო ფრთხილად ვიყავი. ვაანალიზებდი, რომ რბოლა  მხოლოდ ერთი წრე არ იყო. თუ ნამდვილად უფრო სწრაფი ხარ, გაასწრებ“.

რთული გაკვეთილი იყო, მაგრამ საბოლოოდ კარგი“.

მომხდარს იოსიც იხსენებს:

„როცა ერთად დავსხედით, ჩემს გრძნობებზე ვესაუბრე. მთელი კვირის განმავლობაში თავს არაკომფორტულად გრძნობდა. მინდოდა მიმხვდარიყო, რომ უნდა დაფიქრებულიყო.

შემდეგ სეზონში ყველაფერი მოვიგეთ. ევროპის ორი ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი. მან ყველა რბოლა მოიგო. ფოკუსირებული იყო. ვხედავდი, რომ რბოლისას ფიქრობდა. იმ რბოლაზე მომხდარმა ის უკეთეს პილოტად აქცია“.

10 წლის შემდეგ, იოსის მეთოდებს ბევრი გააკრიტიკებს, თუმცა, ფაქტია, რომ მამის სიმკაცრემ შედეგი გამოიღო. მაქსის დღევანდელი წარმატება იოსის დიდი დამსახურებაა.  

მსოფლიო ჩემპიონობა

2021 წელს მაქსს ყველაზე რთული გამოცდა ელოდა. მთელი ცხოვრების შრომა აბუ დაბის გრან პრის საღამომდე მივიდა. ახალგაზრდა პილოტის მთავარი კონკურენტი 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი იყო.

სეზონის განმავლობაში იღბალი მაქსის მხარეს ნამდვილად არ იყო. ჰამილტონმა აბუ დაბიმდე ბოლო სამი რბოლა მოიგო და სხვაობა 19 ქულიდან ნულამდე შეამცირა. ბოლო რბოლაზე პოლ პოზიცია მაქსმა მოიპოვა. თუმცა, Mercedes-ის ტემპმა Red Bull-ისას აჯობა. ნიდერლანდელს ტიტული ხელიდან ეცლებოდა. შემდეგ კი მოვლენები მის სასარგებლოდ განვითარდა.

„გუნდმა ტიტულის მოსაგებად ყველაფერი გააკეთა. ვფიქრობდი, „მე უბრალოდ ყველაფერს გავაკეთებ მოსაგებად. მას დიდი სხვაობით გამარჯვების უფლებას არ მივცემ. საუკეთესო დროებს ვაჩვენებ. წავაგებ და წავაგო. რაც იქნება, იქნება. ეს მსოფლიოს აღსასრული არაა... ყოველ შემთხვევაში ჩემთვის“.

შემდეგ უსაფრთხოების მანქანა გამოჩნდა და მოტივაცია დამიბრუნდა. შესაძლებლობა დავინახე და გავაგრძელე ტიტულისთვის ბრძოლა. დანარჩენი ისტორიაა“.

როცა ბოლო წრისთვის ემზადებოდა, მარჯვენა ფეხში ტკივილი იგრძნო. ტკივილი აუტანელი იყო. ფეხის გასაშლელი ადგილი კი არ ჰქონდა.

„საშინელება იყო. ასეთი ტკივილი ადრეც მქონია. მალაიზიაში დენიელ რიკიარდოს წინააღმდეგ (2016 წელი), როცა მოსახვევში ვებრძოდი. ფეხში ტკივილი ვიგრძენი და გამასწრო. შემდეგ ვთქვი, როდისმე თუ კიდევ ამტკივდება ფეხი, არ მაინტერესებს რა მოუვა ფეხს. აქსელერატორიდან არ ავიღებ!“

მაქსმა ფეხის ტკივილზე ფიქრი შეწყვიტა და ჰამილტონს გადაუსწრო.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი წრე იყო. თუმცა, ტკივილის გამო, ასევე ყველაზე ცუდი. თუ მონაცემებს დააკვირდებით, ჩემი აქსელერატორთან მუშაობა ბოლო სექტორში საშინლად გამოიყურება. ფეხს ვერ ვაკონტროლებდი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა“.

მთელი ის დღეები კარტის ტრასაზე, ცრემლები და სიხარული... საბოლოოდ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. რომ არა KZ2-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მომხდარი, ალბათ, აბუ დაბის გრან პრიც არ მოხდებოდა.  

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ფერსტაპენს ეს ტიტული აჩუქეს. თუმცა, მაქს ეს საერთოდ არ ადარდებს.

„ჩემი აზრით, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. მგონი ყველას მოეწონა ის ფაქტი, რომ ტიტულის მფლობელი ბოლო რბოლაზე გაირკვა. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ იღბალი მანამდე არ გვწყალობდა. ტიტულის ბედი უფრო ადრეც უნდა გადამწყდარიყო.

რა თქმა უნდა, მოვლენები დრამატულად განვითარდა. მაგრამ, ეს ყველაფერი ამ ტიტულს არ აუფერულებს, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებდა“.

გაზიარება: