Aa Aa
16 მაისი 2022  |  14:09

შარლ ლეკლერმა ნიკი ლაუდას ისტორიული ბოლიდი დაამტვრია

2022 წლის სეზონის ლიდერმა ისტორიულ ღონისძიებაზე ლეგენდარული ბოლიდი დაამტვრია.

Ferrari-ს პილოტი შარლ ლეკლერი მონაკოს ისტორიულ გრან პრიზე ავარიაში მოყვა.

ლეკლერი ამ ღონისძიებაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ის ნიკი ლაუდას 1974 წლის ბოლიდით Ferrari 312-ით საჩვენებელ წრეებს გადიოდა.

ლეკლერმა მოსახვევში შესვლის დროს ბოლიდზე კონტროლი დაკარგა. მოცურდა და უკანა ფრთით ბარიერს შეეჯახა.

„მუხრუჭები დავკარგე! დავამუხრუჭე, სატერფული მყარი იყო და იატაკამდე ჩავიდა. გამიმართლა, რომ ეს იმ მომენტში მოხდა. სხვაგან რომ მომხდარიყო, უფრო ცუდი იქნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ შემეშინდა“, - თქვა შარლმა.

მოგვიანებით, მან პოსტი Twitter-ზეც გამოაქვეყნა:

„როცა გგონია, რომ მონაკოს გრან პრიზე უიღბლობის მთელი მარაგი ამოწურე და მოსახვევში შესვლისას ბოლიდის მუხრუჭებს უბრალოდ კარგავ, მაშინ, როცა ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ბოლიდს მართავ“, - თქვა ლეკლერმა ავარიის შემდეგ.

მონაკოს ისტორიული გრან პრი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება. პირველად ეს ღონისძიება 1997 წელს მონაკოს პრინცების დინასტიის 700 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა. ისტორიული გრან პრის დროს მონტე კარლოს ქუჩებში ვინტაჟური ავტომობილები დადიან და მაყურებლებს დროებით წარსულში აბრუნებენ.

გაზიარება: