Aa Aa
20 მაისი 2022  |  09:52

Zero to 60 Design-ის GTT „მუსტანგისა“ და Ford GT-ის ნაერთია

ავტომობილი, რომელსაც სურათზე ხედავთ კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის - Zero to 60 Design-ის - მიერაა შექმნილი. ქმნილებას GTT-ი ჰქვია, რაც Grand Turismo Tribute-ს აღნიშნავს. GTT-ის დიზაინერული ელემენტები Ford GT-დან და „მუსტანგიდან“ არის აღებული.

მოდელს GT-ის მსგავსი ტუჩი, კაპოტი, კონტურები და უკანა მაშუქები აქვს. დანარჩენი ელემენტები კი Mustang-ისაა. შედეგად, ამ ავტომობილში სპორტული ხასიათი ელეგანტურობასთან იდეალურადაა შერწყმული.


Ford GT-გან განსხვავებით ძრავა წინაა განთავსებული. კაპოტის ქვეშ 5-ლიტრიანი Coyote V8 იმალება, რომელიც ProCharger-ის კომპრესორით არის გაუმჯობესებული. ეს აგრეგატი 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომლის უკანა ღერძზე განაწილებასაც Getrag MT-82 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი უზრუნველყოფს. დისკები 22-იანი HRE P204 გახლავთ, რომელზეც Continental-ის საბურავებია გადაკრული.

კორპუსის ამგვარი ფორმები პურისტებში საერთოდ არ ფასობს. მეტიც, მათ ეზიზღებათ მსგავსი მოდიფიკაციები. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც განიერი ფორმები ქარხნულ ავტომობილს ძალზედ მოუხდა. ეს გარკვეულწილად არაშაბლონურმა დიზაინმაც განაპირობა. აშკარაა, რომ ამ ფორმებზე დიზაინმა ბევრი იმუშავა.


GTT-ი ნაცრისფერშია შეღებილი. შუაში ამერიკული სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი ორი ზოლიც გვაქვს. მოდიფიცირებულია ინტერიერიც, თუმცა, ექსტერიერთან შედარებით, ბევრად მოკრძალებულად. სალონი შავი ალკანტარით, წითელი ნაკერებითა და Recaro-ს სავარძლებითაა წარმოდგენილი.

დამატებითი გაუმჯობესებები 3-დუიმიან MagnaFlow-ს მაყუჩს, Eibach-ის ამორტიზატორებს და Brembo-ს სამუხრუჭე სისტემასაც მოიცავს.



ეს კონკრეტული ავტომობილი ამჟამად იყიდება და მისი ფასი 90 000$ გახლავთ. ეს ფასი Ford GT-ზე ბევრად ნაკლებია, ხოლო სტანდარტულ „მუსტანგზე“ ბევრად მეტი. თუმცა, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ასეთი მანქანა სხვებს არ ეყოლებათ.

როგორ შეაფასებდით GTT-ს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: