Aa Aa
31 მაისი 2022  |  10:10

სერხიო პერესმა მონაკოში დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა

შარლ ლეკლერს გუნდმა რბოლა გაუფუჭა.

ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის მეშვიდე რბოლა მონაკოში გაიმართა. წვიმის გამო, რბოლის დაწყება 20 წუთით გადაიდო.

პილოტები ტრასაზე ფორმაციის წრეზე უსაფრთხოების მანქანის უკან გამოვიდნენ. ტრასაზე ცუდი სარბოლო პირობების გამო, სარბოლო კონტროლმა წითელი დროშების ჩვენება გადაწყვიტა და რბოლის განახლება, ისევ უსაფრთხოების მანქანის უკან, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 3 წრის შემდეგ, პილოტებს მწვანე დროშები უჩვენეს და რბოლაც დაიწყო!

შარლ ლეკლერმა საშინაო რბოლა პოლ პოზიციიდან დაიწყო. მონეგასკი პილოტისთვის ეს ტრასა უიღბლობასთან ასოცირდება. რამდენიმე დღის წინ ამ ტრასაზე შარლმა ნიკი ლაუდას ისტორიული ბოლიდი დაამტვრია. რბოლის ლიდერი მეთვრამეტე წრეზე გარდამავალი საბურავების დასაყენებლად შევიდა. ერთი წრით გვიან, ვიდრე სერხიო პერესი. კარლოს საინსი ტრასაზე დარჩა.

23-ე წრეზე რბოლის დინამიკა კიდევ ერთხელ შეიცვალა. ტრასა შრებოდა. საინსი სველი საბურავებიდან ხისტზე გადასასვლელად პიტზე პირველი შეიყვანეს. ბოქსებში შეიყვანეს ლეკლერიც, რომელსაც საბურავები მხოლოდ 5 წრის წინ შეუცვალეს.

ეს გადაწყვეტილება Ferrari-ს ძვირად დაუჯდა. პერესი რბოლის ლიდერი გახდა. ახალ საბურავებს სწორ ტემპერატურამდე მისვლა სჭირდებოდა. Red Bull-ის ორივე პილოტი ლეკლერის წინ აღმოჩნდა.

30-ე წრეზე რბოლა კიდევ ერთხელ შეჩერდა. მიზეზი ამჯერად მიკ შუმახერის საშიში ავარია იყო, რომლის დროსაც გერმანელის ბოლიდი ორ დიდ ნაწილად გაიყო. საბედნიეროდ, შუმახერი ბოლიდიდან უვნებელი გადმოვიდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა დონეზეა აყვანილი ბოლიდის უსაფრთხოება.

პილოტებს საბურავების გამოცვლის საშუალება მიეცათ. Red Bull-ში მედიუმები აირჩიეს, Ferrari-მ ხისტი საბურავები აირჩია. რბოლა ისევ უსაფრთხოების მანქანის ქვეშ დაბრუნდა.

პილოტებს 77 წრის დასაფარად დრო, 2-საათიანი შეზღუდვის გამო, აღარ დარჩათ. ბოლო 30 წუთში კი პელეტონის პირველი 4 პილოტის შესრულებით დაძაბული სანახაობა ვიხილეთ.

პერესმა საინსის შეკავება რბოლის ბოლომდე შეძლო. მექსიკელმა პილოტმა, ესპანეთში იმედგაცრუების შემდეგ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მეორეზე საინსი გავიდა. პოდიუმის მესამე საფეხურზე კი მაქს ფერსტაპენი ავიდა. მაქსმა რბოლა მისი მთავარი კონკურენტის, შარლ ლეკლერის წინ დაასრულა და ჩემპიონატში სხვაობა 9 ქულით გაზარდა.

ესპანეთის გრან პრის შემდეგ, მექსიკელმა რადიოში თქვა, რომ გუნდთან „დაილაპარაკებდა“. უცნობია შედგა თუ არა ეს საუბარი, თუმცა, ფაქტია, მონაკოს გრან პრის შემდეგ, პერესი ბედნიერად გამოიყურებოდა. 

როდის გადაწყდა რბოლის ბედი?

22/77 - საინსი ბოქსებშია!

საინსი ბოქსებში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ შარლს უთხრეს ტრასაზე დარჩენილიყო, ისიც ბოქსებშია. მონეგასკი ძალიან გაბრაზებულია.

23/77 – Red Bull-ები Ferrari-ს უსწრებენ!

ეს რბოლის გადამწყვეტი მომეტია. პერესი რბოლის ლიდერია. ის საინსის წინაა. ბოქსებში მაქსიც შედის. ახლა ის ლეკლერს უსწრებს!

27/77 - უსაფრთხოების მანქანა!

ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა. ლეკლერი საცურაო აუზის მოსახვევში დიდ ავარიაში მოყვა. გზაზე ბევრი ნარჩენია, რაც უსაფრთხო არაა. წითელი დროშები! შუმახერი კარგადაა. ბოლიდიდან გადმოდის. ბოლიდის უკანა ნაწილი მოცურდა. დაბზრიალდა და ბარიერეს შეეჯახა. ბოლიდი შუაზეა გაყოფილი.

51 – საინსი პერესს ეწევა!

როგორც ჩანს, პერესის მედიუმ საბურავებს პრობლემა აქვს. საინსი მექსიკელს უახლოვდება.

52 - რბოლის დასრულებამდე 10 წუთია დარჩენილი!

პერესის საბურავები განადგურებულია. მდევრები უახლოვდებიან. მეოთხე პოზიციასთან განსხვავება მხოლოდ 2.9 წამია.

57 - საინსი ახლოსაა

საინსი გადასწრების შესაძლებლობებს ეძებს. რბოლის დასრულებამდე 5 წუთია დარჩენილი. პირველი ოთხი პილოტი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა.

63 - დარჩა ერთი წრე!

დრო გავიდა. პილოტები ბოლო წრეზე არიან! პერესმა მონაკოს გრან პრიზე თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა!

დღის რადიო

წრე 22/77 - ლეკლერი რადიოში ძალიან გაბრაზებულია. ლეკლერს სარბოლო ინჟინერმა ბოქსებში დაუძახა. წამის შემდეგ მისი ინჟინერი აზრს იცვლის და ეუბნება, რომ ტრასაზე დარჩეს, მაგრა, უკვე გვიანია. მონეგასკი პილოტი რადიოში ბილწსიტყვაობს.

რამდენიმე მნიშნელოვანი დეტალი

მონაკოში გასწრება მარტივი საქმე არ არის. კარგი რბოლა ჰქონდა პიერ გასლის, რომელმაც რამდენიმე შთამბეჭდავი გასწრება გვაჩვენა. მეცამეტე წრეზე მან გუან ჯოუს სანახაობრივად გადაუსწრო.

ყველაზე სწრაფი წრე ლანდო ნორისმა დააფიქსირა. მან წრე 1:14.693-ში დაფარა და ყველაზე სწრაფი წრისთვის დამატებითი ქულაც მიითვალა.

სებასტიან ფეტელმა ქულების ზონაში შესვლა შეძლო. გერმანელი მეათე ადგილზე გავიდა და Aston Martin-ის გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

ჯორჯ რასელმა ამ სეზონის ტრადიციას არ უღალატა და რბოლა ისევ ტოპ 5-ში დაასრულა. ლუის ჰამილტონი მერვე ადგილას გავიდა.

რბოლის დასრულება Haas-ს ვერც ერთმა პილოტმა მოახერხა. ფინიშის ხაზი ვერც „უილიამსის“ ალექს ალბონმა გადაკვეთა.

შემდეგი რბოლა

შემდეგი რბოლა 12 ივნისს ბაქოს ქუჩებში გაიმართება. პილოტები იქ 51  წრეს გაივლიან. აზერბაიჯანის გრან პრი ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე. ვნახოთ, რა მოხდება წელს. ამჟამად, ჩემპიონატის ლიდერ მაქს ფერსტაპენსა და შარლ ლეკლერს შორის სხვაობა 9 ქულაა. კონსტრუქტორთა თასში კი Red Bull-ი იტალიურ საჯინიბოს 36 ქულით უსწრებს.

გაზიარება: