Aa Aa
9 ივნისი 2022  |  10:34

სან ფრანცისკოს ტაქსების კომპანია მგზავრებს მძღოლის გარეშე ემსახურება

Cruise-ი ამერიკული კომპანია გახლავთ, რომელიც სან ფრანცისკოში მგზავრებს მძღოლის გარეშე ემსახურება. ეს ყველაფერი ეტაპობრივად, თებერვლიდან დაიწყო. თავდაპირველად სისტემა ტესტირების რეჟიმში იყო და მგზავრები საფასურს არ იხდიდნენ. ახლა კი მსურველებს უმძღოლო ტაქსით მგზავრობისთვის ფულის გადახდა მოუწევს.

დამოუკიდებლად მართვადი მანქანების კომპანია სტარტაპია, რომლის მთავარი აქციონერიც General Motors-ი გახლავთ. გასულ კვირას კომპანიამ California Public Commission-ისგან სრული უფლება მიიღო, რომ მგზავრებს ასეთი მანქანები მასობრივად მოემსახუროს. მსურველებს ამისათვის Cruise-ის ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და ავტორიზაციის გავლა მოუწევთ.

კომპანია ასეთი მომსახურების კომერციალიზაციაზე 2013 წლიდან მუშაობს. მათ უდიდესი შრომა გაიღეს იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყვნენ.

დღეს Cruise-ის 52 რობოტაქსი ქალაქს დილის საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე ემსახურება. დღის ამ მონაკვეთში გზაზე მოძრაობა შემცირებულია. შესაბამისად, უსაფრთხოებისთვის ასეთი განრიგი შეარჩიეს. მანქანების მაქსიმალური სიჩქარე 50კმ/სთ-მდეა შეზღუდული. მათ შესაძლებლობებში ქალაქის დატვირთული ადგილების მოძიება და თავისუფალი გზით სიარულიცაა.

გარდა ამისა, მათი ოპერირება გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდულია. Cruise-ის მანქანები მეოთხე დონის ავტონომიური მართვის კატეგორიას განეკუთვნება. კომპანიის მიზანი ტექნოლოგიის მეხუთე დონემდე დახვეწაა. ამ საფეხურზე რობოტაქსები შეუზღუდავად იმოძრავებს.

Cruise-ის უმძღოლო ტაქსები Chevrolet Bolt EV-ზე გახლავთ დაფუძნებული. მალე კომპანია თავის კუთვნილ მანქანას გამოიყენებს, რომელსაც Origin-ი ჰქვია. გარდა ამისა, კომპანია ტვირთების გადაზიდვის სეგმენტშიც ჩაერთვება. გუნდი აქტიურად თანამშრომლობს Walmart-თანაც, რომელიც მალე Cruise-ის ინვესტორად მოგვევლინება.

როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ამგვარი ტაქსი საქართველოში? იქნებ უმძღოლო ტაქსით მგზავრობას ორდიპლომიან ტაქსისტთან ერთად გადაადგილება გირჩევნიათ? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: