Aa Aa
12 ივნისი 2022  |  11:59

გზაზე გაჩერებულ Chevy-ის სატვირთო მთელი სიჩქარით შეასკდა

მინესოტას მკვიდრი ქალი და ბავშვი სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. მათ დაზიანებულ Chevrolet Silverado-ს პიკაპს სატვირთო მანქანა დიდი სიჩქარით შეასკდა.

შოკის მომგვრელ კადრებში შუა გზაზე ავარიულად გაჩერებული პიკაპი ჩანს. მის უკან ორი სატვირთო მოდის. ერთ-ერთი მათგანი დაზიანებული Silverado-ს ზოლში გადაადგილდებოდა. რამდენიმე წამში კი ის პიკაპს დაეჯახა და ცეცხლის ალში გაახვია.

საბედნიეროდ, 42 წლის სიუზან ნორბერგი თავის 12 წლის შვილთან ერთად მანქანიდან ავარიამდე გადმოვიდა. ავარიის შედეგად ისინი არ დაშავებულან. უვნებლად გადარჩა სატვირთოს მძღოლიც.

როგორც მოძიებული მასალიდან ვიგებთ, ქალბატონმა მანქანის გზის პირას გაჩერება ვერ შეძლო. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ შემთხვევამდე მან გზაზე გადმორბენილ ირემს დაარტყა. უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა, ხოლო მანქანის დაქოქვა ვეღარ ხერხდებოდა. რამდენიმე წუთში დედა-შვილმა მანქანიდან გადმოსვლა და გზის პირას დგომა გადაწყვიტეს. რამდენიმე წამში კი პიკაპს მათ თვალწინ დიდი ზომის სატვირთო დაეჯახა. რომ არა ეს გადაწყვეტილება არავინ იცის, თუ როგორ დასრულდებოდა ეს საგზაო შემთხვევა.

ყველაზე საინტერესოა სად იყურებოდა ამ დროს სატვირთოს მძღოლი. პოლიცია ამ ეტაპზე არაფერს ამბობს. სავარაუდოდ, ის რაღაცით იყო გატაცებული. ამას მისი უმოქმედობა გვაფიქრებინებს. მას არც მუხრუჭი გამოუყენებია და ზოლი შეუცვლია.

ეს კლასიკური მაგალითია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ავარიულად გაჩერებული ავტომობილიდან სწრაფად და ფრთხილად გადმოსვლა. არავინ იცის რით არის გართული ჩვენ უკან მომავალი მძღოლი.

გაზიარება: