Aa Aa
19 ივნისი 2022  |  12:44

Everati-ის ელექტრო Ford GT40 800 ცხენის ძალას მალავს

წამყვანი ქვეყნების მთავრობები შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების ჩანაცვლებას აქტიურად ცდილობს. ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ეს კლასიკურ ავტომობილებსაც ეხება.

თუმცა, საკულტო მოდელების გადარჩენა მაინც შესაძლებელი გახლავთ. სამწუხაროდ, ეს საწვავის ძალოვანი აგრეგატის ბატარეებით და ელექტრო ძრავით ჩანაცვლებას გულისხმობს. რამდენიმე კომპანიამ ასეთი სერვისის შეთავაზება უკვე დაიწყო. ეს საქმიანობა იმდენად წარმატებული გახლავთ, რომ ამ ბრენდებთან VW Group-ი, General Motors-ი და Ford-ი თანამშრომლობს.


კომპანია, რომელიც ასეთ პროექტებს საოცრად ოსტატურად ასრულებს ბრიტანეთში დაფუძნებული Everrati-ია. სურათებზე სწორედ მათ მიერ გადაკეთებულ ლეგენდარულ მოდელს - Ford GT40-ს ხედავთ. პურისტების დასაწყნარებლად ვიტყვით, რომ GT40 ორიგინალი წარმოების არ გახლავთ. ამისთვის Everrati-მ Jupiter-ის მიერ შექმნილი ასლი გამოიყენა.

Everrati-ის მიერ სპეციალურად ამ მანქანისთვის დამზადებული ელექტრო აგრეგატი 800 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ტრანსმისია ერთსიჩქარიანია და 6.52:1 ფარდობისაა. მანქანა აღჭურვილია თვითბლოკირებადი დიფერენციალითაც.


60-კილოვატსაათიანი ბატარეა ისე მუშაობს, რომ სარბოლო ტრეკზე უპრობლემოდ გაძლოს. სვლის მარაგი 200კმ-ს შეადგენს, ხოლო 20%-დან 80%-მდე დამუხტვას 45 წუთი სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფი დამმუხტველის საშუალებით.

ელექტრო GT40 0-დან 100-მდე 4-წამზე ნაკლებ დროში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 200კმ/სთ-ია. EV-ის კვალობაზე საკმაოდ მცირეა წონაც. 1 320 კილოგრამი 40:60-ზეა გადანაწილებული (წინ/უკან). ორიგინალი GT40-ის წონის ბალანსი კი იდეალური, 50:50-ზე გახლდათ.


მიუხედავად იმისა, რომ Everrati-ს ეს პროექტი უდავოდ დასაფასებელია ორიგინალი GT40-ის გვერდით მისი დაყენება უბრალოდ არასწორია. ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის შიგაწვის ძრავას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

გვეთანხმებით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: