Aa Aa
29 ივნისი 2022  |  09:51

ქურდებმა Ford-ის ქარხნიდან 4 Shelby GT500 მოიპარეს

ავტომობილების ქურდები ბოლო პერიოდში გააქტიურდნენ. ამჯერად, მათი სამიზნე Ford-ის Flat Rock Assembly-ის ქარხანა გახდა.

რამდენიმე დღის წინ მიჩიგანის პოლიციაში ზარი შევიდა, რითაც მათ ოთხი Mustang-ის გატაცების შესახებ აუწყეს. შედეგად პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი სამძებრო სამუშაოებში ჩართო. მალევე მათ ეჭვმიტანილები დააფიქსირეს. ქურდები მოპარულ მანქანებს ავზებს ბენზინგასამართ სადგურზე საწვავით ავსებდნენ.

პოლიციელების დანახვაზე მათ გაქცევა სცადეს. მალე კი Need For Speed-ის მსგავსი დევნა დაიწყო. პოლიცია ჯამში 5-ზე მეტ ეჭვმიტანილს მისდევდა. საბოლოოდ კი ყველაზე ძვირადღირებულ ვერსიებზე, Shelby GT500-ების დაჭერაზე ორიენტირდნენ. ისინი მათ იქამდე გაჰყვნენ, სანამ მათ საწვავი არ ამოეწურათ. ეს კი ძალიან მალე მოხდა.

ერთმა ქურდმა საკმაოდ აგრესიული მანევრიც შეასრულა, რის გამოც გზიდან გადავარდა და პოლიციის მანქანაც დააზიანა. ოფიცრებმა საბოლოოდ ეს ადამიანიც დააკავეს.

პოლიციელებს მალე ავტობანის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიტოვებული ნარინჯისფერი GT500-ის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სავარაუდოდ, ბენზინი ამ მანქანასაც გამოელია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს გარბენი ქურდებისთვის ძალზედ გასართობი და დასამახსოვრებელი იყო, ამისთვის მათ დიდი საფასურის გადახდა მოუწევთ. არც სიამოვნება გაგრძელებულა დიდხანს. ქარხნისა და პოლიციისთვის სასიკეთოდ, ეს ავტომობილები ძალზედ ბევრს „წვავს“. ამ მიზეზით, კი ოფიცრებს მათი დაჭერა გაუმარტივდათ.

გაზიარება: