Aa Aa
16 თებერვალი 2023  |  11:16

ლეგენდა Ford Bronco-ზე, რომელიც ისევ გრძელდება

Bronco-ს ციებ-ცხელება, მისი გამოსვლის დღიდან, არ დასრულებულა. ახალი ვერსიის გამოსვლამ კი ავტომოყვარულებს ამ მის მიმართ სიყვარული გაუღვივა. 2022 წლის მოდელმა, Raptor და Everglades ვერსიებიც მიიღო, რამაც ეს ყველგანმავალი კიდევ უფრო სასურველად აქცია.

Bronco-მ თავი ამერიკულ კულტურაში დაიმკვიდრა. შეიძლება ითქვას, რომ ის ამერიკული იდენტობის ნაწილია. ეს ავტომობილი 1200 ფილმში გამოჩნდა და მისმა სახელმა 200 სიმღერაში გაიჟღერა. მისთვის ლეგენდარულის წოდება გადაჭარბებული ნამდვილად არაა.

1966 წლის Ford Bronco 

Ford Bronco-ს შექმნა კიდევ ერთ ამერიკულ ლეგენდას Mustang-ს უკავშირდება. ორივე ავტომობილი კომპანიის ვიცე პრეზიდენტის იდეა იყო. დონალდ ფრეის სურდა, რომ Bronco ისეთივე ამაღელვებელი ყოფილიყო უგზოობაში, როგორც Mustang-ია გზებზე.

1966 წლის მოდელს მაღალი კლირენსი და თვლების მოკლე ბაზა ჰქონდა. ყველა ვერსია ოთხივეწამყვანი იყო.

1966 წლის მოდელი პიკაპის და როდსტერის სახითაც გამოდიოდა.

ავტომობილის ფასი $2,20-დან იწყებოდა. დიზაინი მაქსიმალურად გამარტივებული და პრაქტიკული იყო.  წარმოების პირველ წელს Bronco 24,000 ეგზემპლარად გაიყიდა.

1966 წლის Ford Bronco Dune Duster Concept

მიუხედავად იმისა, რომ Bronco ისედაც უკვე წარმატებული მოდელი იყო, Ford-ი დროს არ კარგავდა. 1966 წელს ჩიკაგოს ავტოშოუზე მოდიფიცირებული ვერსია წარმოადგინეს.

ეს ვერსია Barris Kustoms-მა ააწყო. Dune Duster Concept-ი Bronco-ს როდსტერ ვერსიას ჰგავდა. Barris-მა ავტომობილს ქრომის გამოსაბოლქვი სისტემა, კაპოტზე საჰაერო და ალუმინის მორგვები დაუმატა.

სალონში ხის დეტალები დაუმატეს. საფარი კი ზამშის იყო.

1969 წლის Ford Bronco Big Oly

ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული Ford Bronco-ა. Big Oly  ბილ სტროფმა ააწყო და მას პარნელი ჯონსი მართავდა. მსუბუქწონიანი მილოვანი ჩარჩო, ბოჭკოვანი პანელები და V8 ძრავა იდეალურ ყველგანმავალს ქმნიდა.

Big Oly-ს აწყობა Olympia Brewing-მა დააფინანსა. ამ ავტომობილმა ჯონსსა და სტროფს უგზოობაში შეჯიბრებში ბევრი გამარჯვება მოუტანა.

Big Oly Mecum Auctions-ზე 2021 წელს გაიყიდა. ფასი -  $1.87 მილიონი!

1970 Ford Bronco Wildflower Concept

Bronco Dune Duster Concept-ის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, Ford-მა საბაზისო მოდელი გადააკეთა და ფერადი Wildflower Concept-ი ააწყო. მთავარი განსხვავება ექსტერიერი იყო: გარედან ყვითელი, ლურჯი და მწვანე ფურცლები მიახატეს.

შეუცვლელად არც ინტერიერი დაუტოვებიათ. ფერადი თემა სალონშიც გაგრძელდა.

1973 წლის Ford Bronco

1968 წელს Ford-მა როდსტერ ვერსიაზე უარი თქვა. 1972 წელს კი პიკაპ ვერსიის წარმოებაც შეწყდა.

გაზარდეს V8 ძრავას მოცულობა. კონკურენტებისთვის ფეხის ასაწყობად 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფები გამოიყენეს.

ამ ცვლილებების წყალობით, 1973 წელს Ford-მა 21 000 ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო.

1977 წლის Ford Bronco

წარმოების დაწყებიდან ათწლეულის გასვლის შემდეგ,  Bronco დაძველებულად გამოიყურებოდა. სუვების ბაზარზე უფრო დიდი ზომის Dodge Ramcharger და Chevrolet K5 Blazer-ი გამოჩნდა.  

მიუხედავად იმისა, რომ პირველი თაობის Bronco-ს წარმოება დასასრულს უახლოვდებოდა, 1977 წელს Ford-მა 14 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა.  1977 წლამდე ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ჯამში 220 000 ეგზემპლარი ააწყო.

1978 წლის Ford Bronco

მეორე თაობის Bronco-ს აწყობა Ford-მა 1972 წელს გადაწყვიტა. განახლებული სრული ზომის SUV-ის გამოშვება იმ პერიოდში საწვავის კრიზის გამო გადაიდო.

მეორე თაობის მოდელი პირველი Bronco იყო, რომელიც პლატფორმას Ford F-სერიის პიკაპთან იზიარებდა. ახალი შასი, უფრო გრძელი თვლების ბაზით, უფრო ტევად ინტერიერს გვთავაზობდა.

ყველა მეორე სერიის Bronco 3-კარიანი იყო. მოხსნადი ხისტი სახურავი ჰქონდა. სტანდარტულად წინ ორადგილიანი იყო. სურვილის შემთხვევაში სამადგილიანი სავარძლის არჩევა შეიძლებოდა. ასეთი სავარძლის დამატება უკანაც იყო შესაძლებელი.  

1978 წელს ახალი Bronco თითქმის 78 000 ეგზემპლარად გაიყიდა.

1979 წლის Ford Bronco

პირველი თაობისგან განსხვავებით, მეორე თაობის Bronco მხოლოდ V8 ძრავით იყო ხელმისაწვდომი. 1979 წლისთვის ავტომობილს კატალიზატორი დაემატა, რაც ტექნიკურ მონაცემებზე უმნიშვნელო გავლენას ახდენდა.

Bronco სტანდარტულად ისევ ოთხივეწამყვანი იყო. კლიენტებს გადაცემათა კოლოფებში ორი არჩევანი ჰქონდათ: 4-სიჩქარიანი მექანიკური, ან 3-სიჩქარიანი ავტომატური.

ეს წელი Bronco-სთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. Ford-მა 104 000 ეგზემპლარი გაყიდა.

1980 წლის Ford Bronco

მესამე თაობის Bronco-ს დებიუტი 1980 წელს შედგა. Ford-ს სურდა, რომ მესამე ვერსია უფრო ეკონომიური ყოფილიყო.

ეს 6-ცილინდრიანი ძრავის დაბრუნებას ნიშნავდა. 4.9-ლიტრიანი V6-ს გარდა, მსურველებს 5.0-ლიტრიანი ან 5.8-ლიტრიანი V8 ძრავას არჩევაც შეეძლოთ. საწვავის ინჟექტორიანი შეფრქვევა შუალედური განახლებისას დაემატა.

6-ცილინდრიანი მოდელი მხოლოდ 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემით იყო ხელმისაწვდომი. უკვე მოძველებული 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემა იქამდე დარჩა, სანამ Ford-მა AOD გადაცემათა კოლოფი არ ააწყო.

1981 წლის Ford Bronco Montana Lobo Concept

Ford-მა კონცეპტებზე უარი არც 1980-იანებში თქვა. Montana Lobo-ს კონცეპტი 1981 წლის ჩიკაგოს ავტოშოუზე წარმოადგინა. შასი 1977 წლის Bronco-დან იყო. სტილი - SUV-ისა და პიკაპის ელემენტების ნარევი.  

Ford-ს უნდოდა შედარებით მცირე ზომის პიკაპის ვერსია შეემოწმებინა. კონცეპტს ფუტურისტული ელემენტებიც დაუმატა. პერსპექსის (ორგანული მინა) კარები, პიკაპის მსგავსი პატარა საბარგული, ციფრული მონაცემთა დაფა... Ford-მა უფრო რთული ტექნოლოგია გამოიყენა, ვიდრე იმ დროისთვის წარმოებულ Bronco-ებში.   

1984 წლის Ford Bronco II

ეს ავტომობილი Ford Ranger პიკაპთან ერთად წარმოადგინეს. კომპაქტური Bronco II სრული ზომის SUV-თან მხოლოდ სახელს იზიარებდა. Bronco II Chevrolet S10 Blazer-ისა და Jeep Cherokee-ის კონკურენტი უნდა ყოფილიყო.

თავდაპირველად მხოლოდ ოთხივეწამყვანი სისტემით გამოდიოდა. 1986 წელს უკანაწამყვანი ვერსიაც დაამატეს. 2.8-ლიტრიანი V6 სტანდარტული ძრავა იყო, 1986 წლიდან კი უფრო დიდი, ინჟექტორიანი 2.9-ლიტრიანი V6-ით ჩაანაცვლეს. Mitsubishi 2.3-ლიტრიანი ტურბოდიზელის ძრავით ამარაგებდა, თუმცა, ეს ძრავა პოპულარობით არ სარგებლობდა.  .

Ford-მა Bronco II-ის წარმოება გააგრძელა, სანამ ის უფრო დიდი Explorer-ით არ ჩაანაცვლა. ეს მოდელი გადაბრუნებისკენ იყო მიდრეკილი, რამაც კომპანიის რეპუტაცია შელახა და სასამართლო დავების მოგვარება Ford-ს $115 მილიონზე მეტი დაუჯდა.

1987 წლის Ford Bronco

1987 წლისთვის Bronco-მ განახლებული სტილი მიიღო. „აგურისებრი ცხვირი“ შეიცვალა. ცხაურა უფრო პატარა იყო. დაიხვეწა ბამპერები და უფრო მრგვალი ფორმები მიიღო.

ძრავის არჩევნები მეოთხე თაობის Bronco-სთვის იგივე დარჩა. 4.9-ლიტრიან 6-ცილინდრიან ძრავას ინჟექტორის სისტემა დაემატა. ინჟექტორიანი იყო 5.0-ლიტრიანი და 5.8-ლიტრიანი ძრავებიც. Ford-მა გადაცემათა კოლოფები განაახლა.  

ანტიკვარული 3-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი გააქრეს და Mazda-ს 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი დაამატეს.

1992 წლის Ford Bronco

Ford-ი F-სერიის პიკაპს მუდმივად აახლებდა. 1992 წელს Bronco-ს მეხუთე თაობის დროც დადგა. საფარის ქვეშ იგივე შასი იყო. თუმცა, Ford-ი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ყველაზე „ჭკვიანური“ ვერსია, რაც გამოუშვიათ.

მეხუთე თაობის Bronco-ს უფრო დიდი ცხაურა და ახალი მაშუქები ჰქონდა. თანამედროვე სტილი მიიღო მონაცემთა დაფამაც.

უსაფრთხოების ახალი ნორმების გამო, Bronco-ს სახურავი აღარ ეხსნებოდა.

1996 წლის Ford Bronco

SUV-ების ბაზარი ვითარდებოდა. Ford-მა Bronco-ს წარმოების შეწყვეტა გადაწყვიტა. ბოლო ეგზემპლარი 1996 წლის ივნისში მიჩიგანის ქარხანაში აიწყო. წარმოების ბოლო წელს 34 000 Bronco გაიყიდა.

1997 წელს Ford-მა ახალი Expedition-ი გამოუშვა. 5 კარითა და სავარძლების 3-რიგიანი განლაგებით, ის შექმნილი იყო იმისთვის, რომ კონკურენცია Chevrolet Suburban-ის მსგავსი ავტომობილებისთვის გაეწია...

ჯამში მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ, Ford-მა Bronco-ს გზა დაასრულა.

2019 წლის Ford Bronco R Prototype

ორი ათწლეულის შემდეგ, Ford-მა Bronco-ს დაბრუნებაზე საუბარი დაიწყო. Baja 1000-ში მონაწილეობისთვის პროტოტიპი შექმნეს, რომელშიც ძრავა და ტრანსმისიის კომპონენტები გამოცადეს.

პროტოტიპის სტილი იმაზე ინფორმაციას ვერ გვაძლევდა, თუ როგორი იქნებოდა საგზაო ვერსია. მაგრამ ამ პროტოტიპის ხილვა იყო ნიშანი, რომ Ford-ი Bronco-ს დაბრუნების საკითხს სერიოზულად ეკიდებოდა.

2021 წლის Ford Bronco-ს ოჯახი

ათწლეულების შემდეგ, როგორც იქნა, Ford-მა 2020 წლის ივლისში სამი ახალი  Bronco-ს გამოშვება დააანონსა. როგორც წესი ავტომწარმოებლები ვერსიებს დრო და დრო ამატებენ, Ford-მა კი ერთდროულად 2-კარიანი, 4-კარიანი და Bronco Sport ვერსია შემოგვთავაზა და მათ Bronco-ს ოჯახი უწოდა. Bronco-ს დაბრუნებას ავტოენთუზიასტებში დიდი და, რაც მთავარია, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. გაცოცხლებულ ლეგენდას ბევრი მსურველი გამოუჩნდა.

V8 ძრავა Bronco-დან სამუდამოდ გაქრა. სტანდარტული ძრავა ტურბოდაბერვის 2.3-ლიტრიანი 4-ცილინდრიანია, რომელიც 270 ცხენის ძალას და 420ნმ-ს გამოიმუშავებს. მეორე არჩევანი ტვინ-ტურბო 2.7-ლიტრიანი V6-ია 310 ცხენის ძალითა და 542ნმ-ით. ვერსიების უმეტესობას 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აქვს. 7-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი უფრო მცირე ზომის ვერსიაზეა ხელმისაწვდომი.

2021 წლის მოდელზე დეტალურად ჩვენს სტატიაში უკვე გესაუბრეთ.

2022 წლის Ford Bronco

Ford-მა 2021 წლის მოდელის გამოშვება დააგვიანა. 2022 წელს კი მხოლოდ მცირედი განახლებები შეიტანა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ფერების პალიტრაშია შეტანილი. ფერებს მწვანე ლითონისებრი დაემატა. Ford-მა ამ ფერს პირველი თაობის Bronco-ს მწვანე ფერის ახალი ინტერპრეტაცია უწოდა. 2022 წლისთვის ფერების სიას წითელი წიწაკის ფერიც დაემატა.

Bronco მართლაც ლეგენდარული ავტომობილია. ის ამერიკული იდენტობის ნაწილი გახდა და სწორედ ამიტომ, Ford-მა მისთვის მეორე, თანამედროვე სიცოცხლის ჩუქება გადაწყვიტა. ახალი Bronco 1960-იანების სულს აცოცხლებს. ეს კი ხელს არ უშლის იმაში, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით იყოს აღჭურვილი. მართალია, ახალ ვერსიას კრიტიკოსებიც გამოუჩნდა, მაგრამ ამ ავტომობილს ენთუზიასტების გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ამას ვერაფერი შეცვლის.

გაზიარება: