Aa Aa
11 ივლისი 2022  |  12:12

ავსტრიის გრან პრი: შარლ ლეკლერმა მაქსს საკუთარ კედლებში მოუგო

Red Bull-ი საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

2022 წლის სეზონის მეთერთმეტე რბოლა ავსტრიაში, „რებ ბულ რინგზე“ გაიმართა. რბოლის განრიგი წინა რბოლებისგან განსხვავებული იყო: პარასკევს კვალიფიკაცია, შაბათს სპრინტი, კვირას რბოლა.

ავსტრიის გრან პრი „რედ ბულის“ გუნდისთვის საშინაო რბოლაა. რა თქმა უნდა, ფავორიტად ამ ტრასაზე ხარები ითვლებოდნენ, თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. შარლ ლეკლერმა მაქს ფერსტაპენს არაფერი დაუთმო და პოდიუმის პირველ საფეხურზე ავიდა.

მაქს ფერსტაპენმა სპრინტიც და რბოლაც პოლ პოზიციიდან დაიწყო, თუმცა, Ferrari-ს გუნდიც კარგად გამოიყურებოდა და საბოლოოდ, სკუდერიამ ხარებს მოგება საკუთარ მოედანზე გამოგლიჯა ხელიდან. ეს მარცხი „რედ ბულ რიგზე“ შეკრებილ უამრავ გულშემატკივარს ალბათ ისევე არ დაავიწყდება, როგორც „მიუნხენის ბაიერნის“ გულშემატკივრებს არ გვავიწყდება 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

ნარინჯისფერი არმია

„ნარინჯისფერი არმია“ - ასე უწოდებენ საკუთარ თავს „რედ ბულისა“ და მაქს ფერსტაპენის გულშემატკივრები, რომლებიც ტრიბუნებს ნარინჯისფრად გადაავსებენ ხოლმე და ამ ფერის კვამლსაც უშვებენ. „მაკლარენის“ პილოტები, ხშირად ხუმრობენ, რომ ეს არმია მათ საგულშემატკივროდაა მოსული. მართლაც, ასეთ გულშემატკივრობას ნებისმიერი პილოტი ინატრებდა.

დიდ ბრიტანეთში რბოლის დროს ლუის ჰამილტონის გულშემატკივრები მაქს უსტვენდნენ, რაც ლუის ჰამილტონმა დაგმო. ავსტრიის გრან პრიზე მისულმა 50 000-იანმა „ნარინჯისფერმა არმიამ“ სიხარული ვერ დამალა, როცა კვალიფიკაციაზე ლუის ჰამილტონი დაიმტვრა. ამის გამო მაქსმა თავისი გულშემატკივრები გააკრიტიკა:

„ჩემი აზრით, სამარცხვინოა, როცა ფორმულა 1-ის გულშემატკივრები ფეხბურთის გულშემატკივრების მსგავსად იქცევიან, რომლებიც ყველა მეტოქეს უსტვენენ. ნიდერლანდებში ლუისს უსტვენდნენ, ბრიტანეთში - მე. ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა, რადგან ჩვენ ხშირად მაღალი ხარისხის, უხეში ბრძოლა გვაქვს. მეტოქეს პატივი უნდა სცე“, - თქვა მაქსმა.

რბოლა

მაქს ფერსტაპენმა, შაბათის სპრინტში გამარჯვების შემდეგ, რბოლა პოლ პოზიციიდან დაიწყო. მის უკან შარლ ლეკლერი იდგა. მესამე პოზიციას კი წინა რბოლის გამარჯვებული კარლოს საინსი იკავებდა.

სტარტზე ავარიები თავიდან ამჯერადაც ვერ ავირიდეთ. მეოთხე მოსახვევში ერთმანეთს ჯორჯ რასელი და სერხიო პერესი შეეჯახნენ. რასელმა პერესი ხრეშზე გადააგდო, რის გამოც 5-წამიანი ჯარიმა მიიღო. წრის ბოლოს პერესი სტოპზე შევიდა და პელეტონის ბოლოში მოუწია გამოსვლა. მოგვიანებით, მექსიკელს, ბოლიდის დაზიანების გამო, რბოლის ნაადრევად დასრულება მოუხდა.

პირველი 12 წრე ფერსტაპენი რბოლის ლიდერი იყო, მაგრამ პრობლემები ჰქონდა. მისი გარდამავალი საბურავები მალე გაცვდა. შარლმა ნიდერლანდელს გადაუსწრო. მაქსი ბოქსებში შევიდა და ხისტი საბურავებით მერვე პოზიციაზე დაბრუნდა.

26-ე წრეზე ბოქსებიდან ლეკლერიც ხისტი საბურავებით გამოვიდა. Ferrari-ს ერთსტოპიანი სტრატეგია ჰქონდა არჩეული. საინსი, რომელიც, შარლის ბოქსებში შესვლის შემდეგ, რბოლის ლიდერი გახდა, საბურავების შესაცვლელად ერთი წრის შემდეგ შეიყვანეს.

შარლი ისევ მაქსის უკან აღმოჩნდა. უფრო ახალი საბურავებით, 33-ე წრეზე შარლმა მაქს ისევ გადაუსწრო.

მაქს სტოპზე შესვლა მეორედაც მოუწია. 37-ე წრეზე ის ახალი საბურავებით მესამე პოზიციაზე, ორივე Ferrari-ს უკან დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი სტრატეგია 1 სტოპი იყო, 49-ე წრეზე ლეკლერი ხისტი საბურავების კიდევ ერთი კომპლექტისთვის ბოქსებში შეიყვანეს. საინსი ისევ მოგვიანებით შევიდა. მაქსი დროებით ისევ რბოლის ლიდერი გახდა. 53-ე წრეზე შარლმა რედ ბულის პილოტს ისევ მეოთხე მოსახვევში გადაასწრო. ეს იყო მომენტი, როცა რბოლაში გამარჯვებულის ბედი გადაწყდა.

თუმცა, Ferrari-ს ბოლიდმა კარლოს საინსს ისევ უმტყუნა. 57-ე წრეზე ძრავის პრობლემის გამო გაჩერდა. ბოლიდს ცეცხლი გაუჩნდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ესპანელი გადმოსვლას ვერ ახერხებდა. ბოლიდი დაგორდა. სტიუარდები ადგილზე დროულად ვერ მივიდნენ. საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანმა ბოლიდს აგური დაუდო. საინსი უვნებლად გადმოვიდა. ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა ამოქმედდა. ლეკლერმა და მაქსმა უფასო სტოპი მიიღეს და ტრასას გარდამავალი საბურავებით დაუბრუნდნენ.

საინსის გამოთიშვა იმას ნიშნავდა, რომ ლუის ჰამილტონი, რომელმაც რბოლა მერვე პოზიციიდან დაიწყო, პოდიუმზე ხვდებოდა.  

პრობლემები ჰქონდა ლეკლერსაც. ბოლო 10 წრე მონეგასკს აქსელერატორის გამოყენება შეზღუდული ჰქონდა. მას დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ლიდერობა შეენარჩუნებინა და ფინიშის ხაზი პირველს გადაეკვეთა. 2022 წლის სეზონში ეს შარლის მესამე გამარჯვება იყო. მეორე ადგილზე მაქსი გავიდა, მესამეზე - ჰამილტონი.

„რთული დღე იყო. საბურავების პრობლემები გვქონდა. დეგრადაცია ზედმეტად ძლიერი იყო იმისთვის, რომ შარლისთვის შემეტია. თუმცა, ასეთ რთულ დროს მეორეზე პოზიცია კარგი შედეგია“, - თქვა მაქსმა.

„ბოლო ხუთი რბოლის შემდეგ, როცა ყველაფერი ცუდად მიდიოდა, მწვერვალზე დაბრუნება სასიამოვნოა. ვწუხვარ კარლოსის გამო, რადგან 1-2 უნდა გვქონოდა. გავაგრძელოთ ბრძოლა“, - წერს შარლ ლეკლერი სოციალურ ქსელებში.

სხვა მნიშვნელოვანი დეტალები

შარლ ლეკლერი, მაქს ფერსტაპენი და ლუის ჰამილტონი, რბოლის შემდგომი რეგულაციების დარღვევის გამო, 10,000 ევროთი დააჯარიმეს. სტიუარდების მტკიცებით, პილოტების ასისტენტები დახურულ პარკინგზე შევიდნენ. იმ ტერიტორიაზე შესვლა რეგულაციების დარღვევაა, რადგან აწონებამდე პილოტებისთვის რაიმეს მიწოდება აკრძალულია.

25 000 ევროთი დააჯარიმეს სებასტიან ფეტელიც, რომელმაც შაბათს პილოტების შეკრება დროზე ადრე დატოვა. 

ზოგადად, ეს რბოლა ჯრაიმებიტ იყო დატვირთული. ტრასის საზღვრების დარღვევისთვის გაფრთხილება და ჯარიმა არაერთმა პილოტმა მიიღო.

ყველაზე სწრაფი წრე ტრასაზე მაქს ფერსტაპენმა დააფიქსირა: 1:07.275

მიკ შუმახერმა კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. წინა რბოლაში მერვეზე გავიდა. ახლა კი მეექვსე პოზიცია მოიპოვა. ქულები დააგროვა მისმა გუნდელმა კევინ მაგნუსენმაც.

შემდეგი რბოლა

შემდეგი რბოლა საფრანგეთში 24 ივლისს გაიმართება. პოლ რიკარის ტრასაზე პილოტები 53 წრეს გაივლიან. ავსტრიის გრან პრის შემდეგ მაქს ფერსტაპენსა და შარლ ლეკლერს შორის სხვაობა 38-ქულამდე შემცირდა. კონსტრუქტორთა დავაში კი „რედ ბულს“ „ფერარი“  56 ქულით ჩამორჩება.

გაზიარება: