Aa Aa
13 ივლისი 2022  |  09:58

მუხრუჭების გაუმართაობის გამო კაცს 23-წლიანი საპროექტო მანქანა დაემტვრა

ეს ავტოსაგზაო შემთხვევა საკმაოდ მძიმე სანახავია, თუმცა ის ერთ-ორ გაკვეთილს გვასწავლის.

23 წელი, 200 000$-ზე მეტი, ორი მეუღლე - ეს ის ფასია, რაც 1 300-ცხენისძალიანი Mercury Comet-ის სარესტავრაციოდ და მოდიფიცირებისთვის გაიღეს. ამ ისტორიისა და სამუშაოს ფართო მასებისთვის გასაცნობად AutotopiaLA-ის „იუთუბ“ არხის წამყვანმა ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა. თუმცა, ეს წამოწყება, სამწუხაროდ, ყველასთვის ცუდად დასრულდა.

სანამ ინციდენტზე გადავალთ, ჯერ ავტომობილზე მოგიყვებით. ეს 1964 წლის Mercury Comet-ის პროექტია, რომელიც 632 Merlin big block Chevy V8 ძრავითაა აღჭურვილი. დამატებითი სიმძლავრისთვის მას უზარმაზარი კომპრესორიც აქვს. შედეგად მანქანა 1 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის, რაც მოგვიანებით გადამწყვეტ როლს ითამაშებს მუხრუჭებია. მანქანას სამუხრუჭე სისტემა 17 წლის წინ მოუწესრიგეს. წამყვანს ეს დეტალი არ გამოეპარა და მფლობელს ასეთ მძლავრ ავტომობილზე უფრო დიდი სუპორტების დაყენება ურჩია. სავარაუდოდ, ამგვარი რჩევა სტოვერისთვის (მფლობელი) პირველი არაა.




ვიზუალური დათვალიერებისა და დეტალებზე საუბრის შემდგომ Mercury-ის მფლობელი და წამყვანი გზაზე გავიდნენ. რატომღაც მათ უსაფრთხოების ღვედების გამოყენებაზე უარი თვეს და მხოლოდ ქვედა ქამრები მოირგეს. გზაზე გასვლიდან მალევე სალონში მუხრუჭების სუნი დადგა.

წამყვანმა მფლობელს ამ დეტალზე ყურადღება გაამახვილებინა, თუმცა Comet-ის მძღოლი საკმაოდ თავდაჯერებული იყო. ის შუქნიშნიდან შუქნიშნამდე აქსელერატორის ხისტად გამოყენებას არ ერიდებოდა. ავტომობილის შესაძლებლობების ერთ-ერთი ასეთი დემონსტრაცია კი ცუდად დასრულდა. მანქანამ სამუხრუჭე ძალა დაკარგა და მინივენს შეეჯახა. ამ შემთხვევის დროს კიდევ ერთი მანქანა დაზიანდა. სამწუხაროდ, წამყვანი მძიმედ დაშავდა. მან მეტალის კოკპიტზე სახის ქვედა ნაწილი დაარტყა. მან ოთხი კბილი დაკარგა და ტუჩზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. მანქანის მფლობელმა კი მხარი დაიზიანა.


ამ უბედური შემთხვევიდან რამდენიმე გაკვეთილის სწავლა შეიძლება. პირველ რიგში, უსაფრთხოების ღვედები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. არ აქვს მნიშვნელობა საკრუიზოდ ვაპირებთ გასვლას, თუ სარბოლოდ. შემდეგი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის ხშირი ინსპექტირებაა. განსაკურნებით მაშინ, როდესაც მანქანა ქარხნული არაა. ხოლო თუ ჩვენს ავტომობილს 1 000 და მეტი ცხენის ძალა აქვს, მაშინ არამხოლოდ მუხრუჭების მუშაობაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული, არამედ მის სიმძლავრეშიც. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი Comet-ის მფლობელს არ გაუთვალისწინებია. შედეგი კი სახეზეა. ფიზიკური დაზიანების გარდა, მას უდიდესი შრომა, ფინანსები, ალბათ ნერვებიც და დახარჯული დრო წყალში ჩაეყარა.

საავადმყოფოში გატარებული საათების შემდეგ ეს ორი ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. ჩვენ კი ის დაგვრჩენია, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ.

გაზიარება: