Aa Aa
14 ივლისი 2022  |  09:34

ელექტრო ჰიპერქარ Rimac Nevera-ს წარმოება დაიწყო

Rimac-მა განაცხადა, რომ ელექტრო სუპერქარ Nevera-ს წარმოება ხორვატიის ქარხანაში უკვე დაიწყო.

„გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე“ Rimac-მა პირველი წარმოებული Nevera წარმოადგინა, რომელსაც „000“ უწოდა. ამ ავტომობილს Rimac-ი არ გაყიდის და მხოლოდ საჩვენებლად გამოიყენებს. თუმცა, კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ კლიენტებისთვის ავტომობილების აწყობა დაწყებულია.

თითოეული ავტომობილი ხელნაკეთია. წელიწადში მხოლოდ 50 ავტომობილი აიწყობა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი 150 ავტომობილის აწყობას 3 წელი დასჭირდება. პირველი 50 ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. მომდევნო ორ წელიწადში კი მდიდარ მსურველებს შეკვეთის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ. ავტომობილის ფასი 2.4 მილიონი დოლარია.

ამ ავტომობილის წარმოება 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. თითოეული ავტომობილის აწყობას 5 კვირა სჭირდება. ზოგიერთი ნაწილი თვეებით ადრე Rimac-ის სხვა ქარხანაში იწყობა.

Nevera Rimac C_Two-ს წარმოებული ვერსიაა. C_Two-ს დებიუტი 2018 წლის ჟენევას ავტოშოუზე შედგა. ის Rimac Concept_One-ის შთამომავალია. Nevera-ს 120 კვ/სთ-იანი ბატარეა და 4 ელექტრო მოტორი აქვს. ჯამში 1 887 ცხენის ძალასა და 2 360ნმ-ს ვიღებთ. 0-100კმ/სთ-მდე 1.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 412კმ/სთ. 

Rimac-ს თქმით, Nevera-ს წარმოებისთვის მიყვანას „5 წელი და 1.6 მილიონი საათი“ დასჭირდა. ეს პროცესი 18 პროტოტიპის შემოწმებას და 45 შეჯახების ტესტს მოიცავდა.

ამასთან, Rimac-ს საავტომობილო დივიზია Bugatti-სთან გაერთიანდა. კომპანიას Bugatti Rimac ეწოდა. ამ გაერთიანებამ 4 ავტომობილის გამოშვება უკვე დააანონსა.

გაზიარება: