Aa Aa
15 ივლისი 2022  |  09:23

საქართველოში მეორად მანქანებზე ფასები გაიზარდა

საქართველოში იმპორტირებულ მეორად ავტომობილებზე ფასები გაიზარდა. “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე აღნიშნავს, რომ გასული წლის 5 თვესთან შედარებით, წელს იგივე პერიოდში მეორადი ავტომობილების ფასებზე 30%-იანი მატებაა. ფასის ზრდას რამდენიმე განმაპირობებელი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, გაძვირებული ლოგისტიკა და მიკროჩიპების წარმოების შეფერხებით მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის რღვევა.

ანუ, ბაზარზე ავტომობილების შესყიდვაზე მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა დეფიციტურობიდან გამომდინარე მწარმოებლების მიერ ბაზრისთვის მისი სასურველი ოდენობით მიწოდება ვერ ხერხდება.

“რუსეთ-უკრაინის ომს ბაზარზე უარყოფით ასახვა აქვს. აშშ-სა და ევროპაში ავტომობილების მფლობელები ახალ მანქანებს ვერ ყიდულობენ. შესაბამისად, როდესაც ახალ ავტომობილზე მოთხოვნა მცირდება, ბაზრისთვის მეორადი ავტომობილის მიწოდება კლებულობს. მიწოდების შემცირების შედეგად ფასებიც იზრდება. პრობლემაა ლოგისტიკაც, თუ ადრე ავტომობილის ჩამოსაყვანად საშუალოდ 2-3 თვე იყო საჭირო, ახლა უფრო გართულებულია და ტრანსპორტირებას 4-5 თვე სჭირდება. ეს თავისთავად ფასზე გავლენას ახდენს, ლოგისტიკის ხარჯი გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 20-30%-ით გაიზარდა. ასევე ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, რაც ფასს განსაზღვრავს", - განმარტა ალექსი ნონიაძემ.


წყარო: BM.ge

გაზიარება: