Aa Aa
19 ივლისი 2022  |  09:52

Hyundai N Vision 74 წყალბადის ჰიბრიდული სპორტული კონცეპტია

ახლახან Hyundai-მ თავისი უახლესი ტექნოლოგიებით დატვირთული ექსპერიმენტული კოლექცია გაასაჯაროვა. აქედან ერთ-ერთი კი N Vision 74-ია, რომელიც ყველა სხვა დანარჩენისგან გამოირჩევა. ავტომობილი ისეთი შთაგონებით არის შექმნილი, რომელიც არასდროს გვინახავს. რას ვგულისხმობთ ამ სიტყვების მიღმა?

ეს ავტომობილი 1974 წლის Hyundai Pony Coupe-ს მიაგებს პატივს. ეს კონცეპტუალური მანქანა ლეგენდარული დიზაინერის, ჯორჯიტო ჯუჯაროს მიერ გახლდათ შექმნილი. მისი ხედვებით, 70-იანების სპორტული ავტომობილი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს მოდელი წარმოებაში არასდროს ჩაშვებულა.



კომპანიამ კი ამ შეცდომის გამოსწორება ლეგენდარული მოდელის გაცოცხლებით გადაწყვიტა. რეტროფუტურისტული მოდელი ერთის მხრივ კონცეპტუალური, ხოლო მეორეს მხრივ ახალი ტექნოლოგიის საჩვენებელი მოდელია. ფაქტობრივად, N Vision 74-ით მწარმოებელი მომავლის შესახებ გვიყვება. ეს ყველაფერი კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის გახლავთ.

N Vision 74 წყალბადის ჰიბრიდული აგრეგატით არის აღჭურვილი. ის ელექტრო ბატარეებსა და სათბობ ელემენტებს აერთიანებს. ასეთ მოწყობის წყალობით, მანქანა გაგრილების შეუდარებელი ეფექტიანობით ხასიათდება. პარალელურად კი ორი განსხვავებული ტიპის სისტემა მეტ მოქნილობას იძლევა.



მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რთულ ტექნოლოგიურ საკითხებს უკავშირდება Hyundai ამტკიცებს, რომ მანქანა საკმაოდ მანევრული იქნება. მწარმოებელი გვპირდება, რომ მოდელი მძღოლს მართვის დაუვიწყარ სიამოვნებას მიანიჭებს.

სპორტულობასტან ერთად ავტომობილი საკმაოდ პრაქტიკულიც იქნება. წყალბადის საწვავის ავზის შევსების (რასაც წუთი სჭირდება) და 62.4 კვტ.სთ-იანი ბატერეების დამუხტვის შემდეგ N Vision-ი 600 კმ-ს დაფარავს. 600-ვე კილომეტრი მძღოლისთვის დასამახსოვრებელი იქნება, რადგან მანქანა 670 ცხენის ძალას და 900 ნმ-ს გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-მდე ელექტრონულად იქნება შეზღუდული.


Hyundai ამბობს, რომ ჯუჯაროს მემკვიდრეობა ავტომობილის ინტერიერშიც იქნება გაცოცხლებული. კოკპიტი მძღოლზე იქნება ორიენტირებული, ხოლო ძველი სკოლის ანალოგური ღილაკები თანამედროვე ტიპის ციფრულ მაჩვენებელთა დაფასთან იდეალურად იქნება შერწყმული.

Hyundai აქამდე ფუტურისტული დიზანის ავტომობილებს ქმნიდა, რაც ავტომოყვარულთა გემოვნებას ვერ აკმაყოფილებდა. ამ ახალი წამოწყებით კი კორეული ბრენდი ენთუზიასტების გულის მოგებას ახერხებს.

გაზიარება: