Aa Aa
22 ივლისი 2022  |  09:59

GT-R-ის მძღოლი 270კმ/სთ-ით მოძრაობისას დაიმტვრა და გადარჩა

დრაგის რბოლები ძალზედ სახიფათოა. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ აქსელერატორის ბოლომდე მიჭერას და საჭის ერთ პოზიციაში შენარჩუნებას გულისხმობს. თუმცა, შეჯიბრებებში იმდენად მძლავრი მანქანები გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური სიმძლავრის მქონე მანქანის დამორჩილება მარტივი არ არის. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა 2022 წლის GT-R Challenge-ზე, რომელიც Cootamundra Airport-ზე ჩატარდა.

მიკ მანსურის R33 GT-R-ი სტანდარტული მოდელი არ გახლდათ. ავტომობილს, თავისი ტურბინიანი RB26-ით, 2 100 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. შეჯიბრისთვის კი მისი შესაძლებლობები 1 500 ცხენის ძალამდე შეამცირეს.

თავდაპირველად, მანქანა გარბენებს საკმაოდ დამაჯერებლად ასრულებდა. დაბალ წნევაზე Skyline-მა 402 მეტრი 8.70 წამში დაფარა. მეორე გარბენზე ეს დრო 8.40-წამამდე შემცირდა. ეს მონაცემი კი ცუდი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ძრავის მესამე ცილინდრმა აალების გამოტოვება დაიწყო.

სამწუხაროდ, შემდეგ გარბენზე ყველაფერი ასე კარგად არ დასრულებულა. როგორც ვიდეოში ჩანს, მანქანა 270კმ-სთ-ით გადაადგილებისას მოცურებას იწყებს. ავტომობილის გასწორების მცდელობისას ერთი საბურავი ბალახზე გადადის. შედეგად, GT-R-ი გიჟურად წყდება. ამ მომენტში კი მძღოლს შანსი აღარ რჩებოდა, რომ მანქანა გაესწორებინა.

დრამატულ კადრებში ჩანს, რომ GT-R-ი 11-ჯერ ტრიალდება. ტერიტორია კი მისი ნაწილებით ივსება. მანქანა სრულიად განადგურდა. საბედნიეროდ, მანსური მძიმედ დაშავებას გადაურჩა და დამტვრეული მანქანიდან გამოსვლა თავისი ძალებით შეძლო.

ავარიის შემდეგ მან თქვა, რომ ის დამცავმა აღჭურვილობამ გადაარჩინა. გარდა ამისა, ამ GT-R-ის უსაფრთხოების კარკასი საკმაოდ საიმედოდ იყო აწყობილი. ამ ყველაფრის დახმარებით კი მიკმა სიცოცხლე შეინარჩუნა.

გადარჩა R33-ის ნაწილებიც, რაც ძრავას, გადაცემათა კოლოფსა და დიფერენციალს მოიცავს. მანსური შეჯიბრებებში მონაწილეობას აუცილებლად გააგრძელებს, რისთვისაც გადარჩენილი ნაწილები აუცილებლად დაეხმარება. შემდეგში კი ოდნავ მოცურებული ავტომობილის აქსელერატორიდან ფეხს აუცილებლად აიღებს.

გაზიარება: