Aa Aa
9 აგვისტო 2022  |  09:49

ულამაზესი და უიშვიათესი ვიზუალის მქონე McLaren F1 აუქციონზე გადის

როდესაც სტატიას McLaren F1-ზე ვწერ განსაკუთრებული ემოციებით ვივსები. არც იმის დაწერას ვერიდები, რომ ეს მოდელი ჩემი საყვარელი სპორტული ავტომობილია. ტექნიკური დეტალები, დიზაინი და ჟღერადობა გვერდით გადავდოთ. F1 უკვე მესამე ათწლეულია, რაც ყველაზე სწრაფი ატმოსფერული ძრავის მქონე ავტომობილის სტატუსს ინარჩუნებს. ამით ყველაფერი ნათქვამია. მე ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ ავტომობილს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად მიიჩნევს. ამას F1-ის ღირებულების კოლოსალურად ზრდაც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე McLaren-ს მაღალი ფასის გამო ამ ავტომობილების გაყიდვა გაუჭირდა, დღეს კოლექციონერები F1-ზე გაშმაგებით ნადირობენ. ახლახან კი მოდელის უნიკალური ეგზემპლარი გასაყიდად გამოიტანეს.




საქალაქო გზებზე გადასაადგილებლად სულ 64 მანქანა შექმნეს. სურათზე ნაჩვენები F1 მფლობელმა აეროდინამიკური დანამატებითა და 18-იანი დისკებითაც აღჭურვა. ყველა ეს დეტალი ქარხნულია. მის ოდომეტრზე 16 400 მილია (26 400 კმ) გამოსახული. ყველა ეს მილი მანქანამ თავისი უნიკალური გამოხედვით დაფარა, რომლის ცენტრალური ელემენტიც ერთი გამოშვების მაშუქებია.



წარმოების პროცესში McLaren-მა მაშუქების ფუნქციის გაუმჯობესების საჭიროება დაინახა. ამისთვის, ინჟინერთა გუნდმა სატესტოდ BMW Z1 მაშუქის შიდა დეტალები აიღო და F1-ის დაწვრილებულ მაშუქში განათავსა. შედეგით კმაყოფილნი დარჩნენ. ამის შემდეგ McLaren-მა ალტერნატივა გამონახა, რათა მაშუქის შეერთების წერტილი და ბუდე არ შეცვლილიყო. შედეგად, ასეთის სტილის მაშუქები მხოლოდ ამ მოდელს დარჩა.

Pinnacle Portfolio Collection-ის კოლექციის მოდელი RM Sotheby-ს აუქციონზე გავა. კომპანიის პროგნოზით, ავტომობილი 20 მილიონ დოლარამდე უნდა შეფასდეს. ცხოვრებაში არასდროს დამწყვეტია გული 20 მილიონი დოლარის არქონაზე, როგორც ახლა. ალბათ, ამ F1-ის მომავალმა მფლობელმა არც იცის, თუ როგორი იღბლიანია.

გაზიარება: