Aa Aa
21 აგვისტო 2022  |  11:41

BMW M-ი 4-ძრავიან ელექტრომობილზე მუშაობს

50 წლის იუბილესთან დაკავშირებით BMW M-ი უამრავ სიურპრიზს გვთავაზობს. ახლახან გაირკვა, რომ ბავარიელები ისტორიული ფაქტის აღსანიშნად სრულად ელექტრო პროტოტიპებზეც აქტიურად მუშაობენ. ეს BMW i4 M50-ზე დაფუძნებული პროექტია, რომელსაც ოთხი ელექტრო აგრეგატი, მართვის დინამიკის ახალი მაკონტროლებელი და შასის განახლებული მოწყობა აქვს.

BMW-ს ახალი ელექტრო მოდელები i4 M50-ისა და iX M60-ის სახით ვიხილეთ. 2023 წელს i7 M70-იც გამოვა. თუმცა, M-ის EV-ი მზის შუქზე ჯერ კიდევ არ გამოსულა. BMW-ს M დივიზია აქტიურად მუშაობს, რათა სრულად ელექტრო ეპოქას არამხოლოდ მომზადებული დახვდეს, არამედ ჩვეული სტილის მანქანები გამოუშვას. ბავარიელებს სურთ შექმნან ნულოვანი გამონაბოლქვის მოდელები ისე, რომ მართვის ემოციური გამოცდილება არ დაიკარგოს. ჩინებული განაცხადია, არა?

M-ის პირველი სატესტო ავტომობილი, რომელიც მართვის ინოვაციურ სისტემებსა და ტექნოლოგიებს მოიცავს, როგორც ვთქვით, i4 M50-ზეა დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, მანქანას უნიკალური ფუნქციონალებიც აქვს. ეს მანქანის ვიზუალითაც თვალშისაცემია. მოდელს სახის ტრანსპლანტი M3/M4-ის აქვს, განიერი კორპუსი აქვს და საკულტო ფერებშია გაფორმებული. საინტერესო ისაა, რომ მასიური ცხაურა და ჰაერის შემშვები არხები დახურული არ არის. ეს შესაძლოა იმითაც არის განპირობებული, რომ EV-ს გაგრილების კომპონენტებს ჰაერის დახმარებაც სჭირდება. მოდიფიცირებულია სალონიც. კოკპიტზე იმდენი სახის საზომი მოწყობილობაა, რომ ის მოძრავ სატესტო ლაბორატორიას ჰგავს.

ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მანქანის კორპუსი მალავს. BMW M-ის მიერ შემუშავებული უახლესი ძალოვანი აგრეგატი ოთხ ელექტრო ძრავას აერთიანებს, რომელსაც მართვის დინამიკის საკონტროლებელი სისტემა აქვს ჩაშენებული. ეს ნიშნავს, რომ M xDrive-ის სრული ამძრავი სისტემა თითოეული ბორბლის ტრიალს დამოუკიდებლად გააკონტროლებს. მთელი ეს პროცესი კი უზუსტეს გამოთვლებით იქნება ნაკარნახევი. მოდიფიცირებულია დაკიდების სისტემაც, რომელიც M3/M4-დან გახლავთ გადმოტანილი.

მწარმოებელს ჯერ ჯამურ სიმძლავრეზე არ უსაუბრია, მაგრამ ოთხძრავიანი i4-ის პროტოტიპი თავისი მონაცემებით აუცილებლად მოგვხიბლავს. ზემოთ მიბმულ ვიდეოში მოდელი დონატის სტილის ტანკის მანევრს აკეთებს, რაც ადგილზე ტრიალს გულისხმობს. ეს დეტალი კომპიუტერული გრაფიკით არის გაკეთებული. ამით მწარმოებელს სურს ავტომობილის შესაძლებლობები დაგვანახოს.

შეგახსენებთ, რომ სტანდარტული, ორძრავიანი i4 M50 536 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. როგორია თქვენი მოლოდინები? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: