Aa Aa
23 აგვისტო 2022  |  10:00

ბელგიის რალიზე კალე როვანპერა საშიშ ავარიაში მოყვა

21 წლის ფინელი პილოტი ამ ავარიაში არ დაშავებულა, მაგრამ რბოლის დასრულება ამ სეზონში პირველად ვერ შეძლო.

რალიში ავტომობილის გზიდან გადასვლა შესაძლოა ძალიან საშიში იყოს, რადგან ხეს, კლდეს ან ქვას შეეჯახო. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ავტოსპორტი შეცდომებს არ პატიობს. შეცდომებს კი ყველაზე გამოცდილი და ნიჭიერი პილოტებიც უშვებენ. სწორედ ეს დაემართა რალის მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის სეზონის ლიდერს.

ახალგაზრდა კალე როვანპერამ ამ სეზონში 8-დან 5 რბოლა მოიგო. ფინეთში, საშინაო რბოლაში, იმედგამაცრუებელი მარცხის შემდეგ, ბელგიაში გამარჯვებისთვის იბრძოდა. მისი Toyota GR Yaris Rally1 ავარიაში მოყვა და მეორე ეტაპის ბოლომდე ვერ მივიდა. 

როვანპერას მოსახვევში ავტომობილი მოუცურდა. გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე გადაბრუნდა. გზად კი მტვრის დიდი ღრუბელი დატოვა. საბოლოოდ, Yaris-ი თვლებზე დადგა, მაგრამ ავტომობილი განადგურდა.

როვანპერა და მისი შტურმანი საქარე მინიდან გადმოვიდნენ. უფრო სწორად იქიდან, სადაც ავარიამდე საქარე მინა იყო. ამ მძიმე ავარიას ორივე უვნებლად გადაურჩა. თუმცა, საწყენია, რომ წარმატებულ სერიას კიდევ ერთი გამარჯვება ვერ შემატეს.

გაზიარება: