Aa Aa
16 ოქტომბერი 2022  |  11:16

კვლევა - ფიზიკური ღილაკები უფრო მარტივი გამოსაყენებელია, ვიდრე სენსორული

თანამედროვე დიზაინის მქონე ავტომობილის კრიტიკოსები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმაზე, თუ რამდენად სჯობს ფიზიკური ღილაკები სენსორულ ანალოგებს. ღილაკების ორივე ვერსიას დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, თუმცა, რას გვეუბნება პრაქტიკა? შვედურმა კომპანიამ ახლახან კვლევა ჩაატარა, რამაც საინტერესო შედეგები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსები მართლები იყვნენ.

მკვლევრებმა სენსორული ეკრანის მქონე 11 თანამედროვე ავტომობილი გამოცადეს და 2005 წლის Volvo V70-ს შეადარეს. მათ აინტერესებდათ, თუ რომელს გამოიყენებდა ხალხი უფრო მარტივად. ამისათვის კვლევაში მონაწილე ადამიანებს რამდენიმე მარტივი დავალების შესრულება სთხოვეს.

მძღოლებს სავარძლების გათბობის გააქტიურება, ტემპერატურის მომატება, მინასათბობის ჩართვა, რადიოს ჩართვა, და „ბორდ" კომპიუტერის გადატვირთვა სთხოვეს.



ყველა ეს დავალება ისეთი იყო, რასაც ყველა მძღოლი ადვილად გაართმევდა თავს. მონაწილეებმა ეს ყველაფერი 17 წლის Volvo V70-ში 10 წამში შეასრულეს. მანქანა ამ დროს 110 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა და 300 მეტრი დაფარა.

10 წამში იმავე საქმიანობის შესრულება მხოლოდ ორ თანამედროვე ავტომობილში მოხერხდა. ყველაზე ცუდი შედეგი კი MG Marvel R-მა დადო, რომლის დროც 44.9 წამი გახლდათ. მანქანამ 1.3 კმ დაფარა.




მთელი ამ დროის განმავლობაში მძღოლი ამ ფუნქციებს უზარმაზარ ეკრანზე არსებულ მენიუში ეძებდა. რა თქმა უნდა, გზიდან ყურადღება მონიტორზე იყო გადატანილი. ფიზიკური ღილაკების შემთხვევაში კი მათი გამოყენება გააქტიურება/რეგულირება ერთი შეხებით იყო შესაძლებელი.

თუმცა, მულტიმედიის ყველა სისტემას ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონია. Volvo C40-ისა და Dacia Sandro-ს ფუნქციებში გარკვევას თითქმის იმდენივე დრო დასჭირდა, რაც ძველი სკოლის წარმომადგენლის ოპერირებას. მძღოლებმა ყველა ეს დავალება მოდელებში 13 წამში შეასრულეს. ამ მანქანებს ფუნქციების სიმცირე დაეხმარა.



კვლევის მიხედვით, დიდი დრო დასჭირდა BMW iX-ის ფიზიკური და სენსორული ღილაკების „დასწავლას“. მის ფუნქციებში გარკვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა. ამისთვის 30.4 წამი გახდა საჭირო. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ მძღოლს სისტემაში „მოძრაობის“ შესაჩვევად ტესტამდე გარკვეული დრო მისცეს.

სენსორულეკრანიანი მოდელების ოპერირების საშუალო ხანგრძლივობა 24.7 წამი იყო. ეს ნიშნავს, რომ თანამედროვე სისტემების გამოსაყენებლად 2.5-ჯერ მეტი დროა საჭირო, ვიდრე ძველი სისტემების.

ელოდით ამგვარ შედეგს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: