Aa Aa
29 აგვისტო 2022  |  09:33

Bugatti-ის 25 000$-იანი საბურავის ჭრილი

ალბათ იცით, რომ Bugatti Veyron-ის ყველა დეტალი ძალზედ ძვირია. გააჩნია დილერს მიმართავთ თუ კერძო პირს, ამ მოდელის დიდი ალუმინის დისკების ფასი (ცალი) 10 000-40 000$-მდე მერყეობს. ამ ჭრილის გასაკეთებლად YouTube-ის ერთ-ერთი არხის წამყვანებმა მხოლოდ საბურავში 25 000$ გადაიხადეს. ეს 356-სერიის Michelin-ია. ჯამში კი ამ ბორბლის სანაცვლოდ 35 000$ დახარჯეს. წარმოიდგინეთ რა ფასი ექნებოდა ამ დეტალს ახალი რომ ყოფილიყო.

დიახ, ეს საბურავი ახალი არ არის. მასზე დატანილი შტამპის მიხედვით, ის 2016 წელს გამოვიდა. Veyron-ის რეზინები კი ყოველ 5 წელიწადში უნდა შეიცვალოს. გარბენს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ საბურავს ვეღარავინ გამოიყენებს. თუმცა, რა ხდება დისკის შემთხვევაში? ის კარგად გამოიყურება, მაგრამ Bugatti დისკებსაც სკრუპულოზურად აკვირდება. საბურავის ყოველ შეცვლაზე დეტალს მზის სხივის ინსპექცია უტარდება. ასე მცირე ზომის ბზარები მოწმდება.

გამომცდელების მიზანი მარტივია - მათ სურთ გაიგონ განსხვავდება თუ არა Bugatti-ის ბორბალი ჩვეულებრივი ავტომობილის ბორბლისგან.

დავიწყოთ იმით, რომ Bugatti-ის დისკებს შიგნით დამატებითი რგოლი აქვს, რაც საბურავის დაშვებისას დისკს იცავს. დისკები სპეციალურად Bugatti-სთვის OZ Racing-მა დაამზადა. ვიდეოდან ვიგებთ იმასაც, რომ საბურავის დისკზე დამონტაჟებისგან წებოსაც იყენებენ. ორი საბურავის გამოცვლის შემდეგ კი დისკიც უნდა გამოიცვალოს. დიახ, ეს გეგმიური სერვისი გახლავთ, რომელიც 100 000$ ღირს.

ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, რომ მანქანა 400+ კმ/სთ-ით გადაადგილებისას მდგრადი, სტაბილური და უსაფრთხო იყოს. ასეთ სიჩქარეზე მცირედ ხარვეზს შესაძლოა საბედისწერო შედეგი მოჰყვეს. შესაბამისად, კომპანია თავს მაქსიმალურად იზღვევს. ჯამში, საბურავიც და დისკიც ასეთი ძვირი იმიტომ ღირს, რომ შესაბამის დატვირთვას გაუძლოს. „ჰიპერქარის“ შემთხვევაში კი დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსუბუქესაც. ეს ყველაფერი კი ფასზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

გაზიარება: