Aa Aa
8 სექტემბერი 2022  |  09:07

Ferrari-ის SUV-ის დებიუტი ახლოვდება

რამდენიმე თვის წინ Ferrari-მ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ კომპანია SUV-ის სეგმენტისთვის მოდელს სერიულად გამოუშვებდა. „ქროსოვერის“ დებიუტი, რომლის სახელიც Purosangue იქნება, 13 სექტემბერს გაიმართება. ამას კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ანონსი მოწმობს.

დროთა განმავლობაში გავრცელებული პაპარაცული სურათებიდან ჩანს, რომ Purosangue (იტალიურად სუფთა ჯიშის ცხოველი) უფრო სპორტული ტიპის SUV-ი იქნება, ვიდრე უგზოობაში სასიარულო ავტომობილი. ალბათ, ეს არც არავის გაკვირვებია. რთულია ამ კომპანიის ემბლემის წარმოდგენა ისეთ მოდელზე, რომელიც რთულ რელიეფს „შეჭამს“. Ferrari-ის SUV-ი GTC4 Lusso-ს მაღალ ვერსიასაც მოგვაგონებს. ფაქტობრივად, Purosangue სწორედ ამ მოდელს ანაცვლებს. მაგრამ მათთვის, ვისთვისაც აფსალტის საფარიდან გადახვევა უწევს ან სურვილი აქვს, მოდელს კორპუსის ქვედა ნაწილის დამცავი ექნება.



მარანელოს პირველი მაღალკლირენსიანი ავტომობილი წინაძრავინი იქნება, მაგრამ აგრეგატი კორპუსის ცენტრისკენ იქნება შეწეული. ეს კონფიგურაცია ნაცნობია, რადგან Ferrari ამას საკრუიზო მოდელებისთვის იყენებდა. Portofino-ს, Roma-ს და 812 Superfast-საც ძრავა კორპუსის ამ ნაწილში აქვს.

ნამდვილი გულშემატკივრებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გვაქვს. Lamborghini-ს SUV-სგან განსხვავებით, რომელიც 4-ლიტრიანი V8-თია აღჭურვილი, Ferrari გეგმავს, რომ Purosangue 12-ცილინდრიანი აგრეგატით გამოუშვას. კომპანიამ განაცხადა, რომ მოდელი ახალ V12-ს მიიღებს, რომლის დებიუტიც მომდევნო მოდელებში შედგება.

ეს ყველაფერი არ არის. მარანელოს გეგმები ჰიბრიდული ვერსიების გამოშვებასაც გეგმავს, რომლებიც V8-თი ან V6-ით აღიჭურვება. არსებობს ჭორები იმაზეც, რომ Ferrari-ის პირველი სრულად ელექტრო მოდელიც „ქროსოვერი“ იქნება. შესაძლოა ეს Purosangue-ს ხაზში მოხდეს.

მსურველები ყველაზე დამაინტრიგებელი SUV-ის შეძენას წლის ბოლოს შეძლებენ. Purosangue კონკურენციას Aston Martin DBX-ს, Lamborghinin Urus-ს, Porsche Cayenne Coupe-სა და Lotus Eletre-საც გაუწევს.

გაზიარება: