Aa Aa
30 ოქტომბერი 2022  |  10:17

75 წლის ავტომოყვარულის ახდენილი ოცნება - 200 მილი საათში

მოდიფიცირებულ ავტომობილებს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს - საქალაქო გზებზე გადასაადგილებელ მანქანებზე ბევრად სწრაფია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ავტომობილების მძღოლები მათ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებენ. თუმცა, ზოგჯერ ამას დრო სჭირდება.

ბარი ბიგვუდი 2012 წლის Nissan GT-R-ის ამაყი მფლობელია. მას ეს ავტომობილი ძალზედ უყვარს. თუმცა, მოდელის ქარხნულმა შესაძლებლობებმა არ დააკმაყოფილა. სწორედ ამიტომ, 2015 წელს მან მანქანა სამხრეთ აფრიკიდან ინგლისში საფუძვლიანი მოდიფიცირებისთვის გააგზავნა.

ახალი მუხლა ლილვის, წნელის და დგუშის დამონტაჟების შემდეგ, Nissan-ის V6-ის მოცულობა 3.8 ლიტრიდან 4.1 ლიტრამდე გაიზარდა. იმისათვის, რომ ძრავას წუთში 8 000 ბრუნი უსაფრთხოდ შეესრულებინა სარქვლების ზამბარებიც შეცვალეს. გაუმჯობესდა ტურბინებიც. ყველა ამ ცვლილების შემდეგ მანქანა 1 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

სიმძლავრის გაზრდას ტრანსმისიის ძირფესვიანი გაძლიერებაც მოჰყვა. კოლოფის შიგნეულობა მთლიანად შეიცვალა. ახლა ეს მექანიკური დეტალები 2 000-ცხენისძალიან დატვირთვას უძლებს. ყველა ამ ცვლილების შემდეგ, ავტომობილი მეოთხედ მილს (402 მეტრს) 10 წამზე ნაკლებ დროში ფარავს.

ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ბიგვუდის GT-R-ს Bugatti დრაგზე დაემარცხებინა. თუმცა, ბიგვუდს არასდროს მისცემია შანსი, რომ თავისი „რაკეტის“ სრული შესაძლებლობები გამოეცადა.

„ამ ავტომობილით რბოლებზე არ გამოვდივარ,“ - ამბობს ბიგვუდი, „მაგრამ ზოგჯერ ბავშვივით ვერთობი“.

ავტომობილის ძირფესვიანი გაუმჯობესების შემდეგ ბიგვუდმა 20 000 კმ დაფარა. ის თავის GT-R-ს უვლის და დიდ ყურადღებასაც უთმობს. ამის შედეგი ის არის, რომ მოდიფიცირების მიუხედავად, მანქანას საიმედოობის პრობლემა არ ჰქონია. თავის ავტომობილს ის დიდ ნდობას უცხადებს.

წელს ბიგვუდმა გადაწყვიტა, რომ თავისი GT-R-ით დიდი მისია უნდა შეესრულებინა. მან 800 კმ დაფარა იმისთვის, რომ აპინგტონის აეროპორტში გამოცხადებულიყო. ტერიტორიაზე 5 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკია და მას სპორტული ავტომობილების გამოსაცდელად ხშირად იყენებენ. სიაში, სადაც ბიგვუდს თავისი ცხოვრებისეული გეგმები აქვს ჩამოწერილი, ერთ-ერთი 200 მილი/სთ-იანი ბარიერის გადალახვა იყო. ავტომობილმა მას იმედები არ გაუცრუა და 322 კმ/სთ-იანი გარბენიც სიიდან ამოშალა.

გაზიარება: