Aa Aa
15 სექტემბერი 2022  |  10:15

ყველგანმავალი ელექტრომობილი - VW ID. Xtreme Concept-ი

მოდელი ID.4 GTX-ის სატესტო მანქანაზეა დაფუძნებული.

ერთი თვის წინ Volkswagen-მა 2023 წლის ID.4 გაასაჯაროვა. საბაზისო ვერსიის საწყისი ფასიც 38 790$-ა. გერმანული კომპანია კი თავისი ახალი ელექტრო „ქროსოვერის“ უგზოობაში სასიარულო ვერსიას გვაჩვენებს, რომელიც მოდიფიცირებულია და სტანდარტულისგან განსხვავებულია. ID. Extreme-ის კონცეპტუალური იდეით შექმნილი მანქანა ქარხნულად გაუმჯობესებულია და ისეთი აქსესუარებითაა წარმოდგენილი, რომლის შერჩევასაც მსურველები მალე შეძლებენ.


კონცეპტი ID.4 GTX-ზეა დაფუძნებული. ეს ნიშნავს, რომ ის სრულად ამძრავია და პროგრამულად 87 ცხენის ძალით არის გაუმჯობესებული მისი სიმძლავრე 382 ცხენის ძალას შეადგენს. მანქანა რალისთვის განკუთვნილი 18-იანი ყველგანმავალი თვლებითაა აღჭურვილი. მისი მუცელი კი მიწიდან უფრო მაღლაა. მოდიფიცირებული ბამპერი კი მანქანის წინა სარტყელს უფრო მკაცრ ვიზუალს აძლევს. 50 მილიმეტრით განიერია ფრთებიც, რაც მოდელს უგზოობასთან კიდევ უფრო აკავშირებს.


სახურავზე ჰორიზონტალური დიზაინის LED-ი მაშუქი გვაქვს, რომელიც სპეციალურად შექმნილ სადგამზე დგას. იმისათვის, რომ უგზოობაზე სიარულისას კორპუსი არ დაზიანდეს მანქანას ქვემოდან ალუმინის დამცავი აქვს გაკრული.

Volkswagen-მა შექმნა სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მანქანის მართვისას ხმას გამოსცემს. ეს ხმა ბორბლის თაღებიდან გამოდის. VW ფიქრობს, რომ ასე თავისი ელექტრო მანქანები უფრო გასართობი და საინტერესო იქნება. სალონში ალკანტარის დეტალები, ახალი სავარძლები და სტაფილოსფერი აქცენტები შეგხვდებათ.

ამ მომენტისთვის ID.4 Xtreme Concept-ის წარმოება არაა დაგეგმილი. თუმცა, კომპანიაში არაფერს გამორიცხავენ.

როგორ შეაფასებდით VW-ის იდეას? შეიძენდით ამ ავტომობილს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: