Aa Aa
13 სექტემბერი 2022  |  15:26

ამერიკული Hot Rod-ი თანამედროვე ცხოვრებაში

მასიური წარმოების ავტომობილები შაბლონური კრიტერიუმებით იქმნება. ყველა მათგანს თავისი საასპარეზო კლასი აქვს, სადაც დიდი კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრებას ცდილობს. ნებისმიერ საავტომობილო კლასში არჩევანი იმდენად დიდია, რომ თქვენთვის სასურველი ავტომობილის არჩევისას შეიძლება დაიბნეთ კიდეც. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი მოსაწყენიც კი ხდება, შესაბამისად ავტომწარმოებლები მუდამ ცდილობენ, რომ მომხმარებლებს ახალი ხალისი შესთავაზონ.

1999 Plymouth Prowler | T218 | Indy 2017

Plymouth Prowler-ი ამერიკული სერიალიდან -„Nightman-იდან“ - ბევრს ახსოვს, თუმცა ამ ავტომობილზე დეტალურად ამ სტატიაში მოგიყვებით. ჩვენი დღევანდელი გმირი არცერთ კლასს არ განეკუთვნება, იგი არაფერს არ ჰგავს, თავისი დანიშნულებით და დიზაინით უნიკალურია. Plymouth Prowler-ი 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, კერძოდ 1993 წელს. ამ დროისთვის ის პროტოტიპი იყო, ხოლო 4 წლის შემდეგ კომპანიამ მასიურ წარმოებაში ჩაშვება გადაწყვიტა, თან ისე, რომ ვიზუალური ცვლილებები თითქმის არ უნდა განეცადა. წარმოების დასაწყისში Chrysler-მა განმარტა, რომ ეს იქნებოდა რეტრო სტილის მქონე Hot Rod-ი, რომელიც თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ძველი დროის გახსენება იქნებოდა, შედეგიც ზუსტად ეს იყო.

2001 Plymouth Prowler - Richmonds - Classic and Prestige Cars - Storage and  Sales - Adelaide, Australia

ავტომობილი ძალზედ აგრესიულად გამოიყურება, როგორც ეს ნამდვილ Hot Rod-ს ეკადრება. მისი წინა ნაწილი რეპტილიების ოჯახის შთამომავალს გვაგონებს. იგი 2-ადგილიანია და მოძრავი სახურავი აქვს, რომელიც ტრანსფორმაციის შედეგად საბარგულში სრულად თავსდება. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილი მასიური წარმოებისთვის იყო განკუთვნილი, მას ყველა "ოფცია" აქვს, რაც ყოველდღიურობაში საკმაოდ გამოსადეგია და კომფორტის მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სალონში უამრავ დეტალს შეხვდებით, რომელიც სხვადასხვა მონათესავე წარმოების ავტომობილებიდან არის აღებული.

1999 Plymouth Prowler | S196 | Indy 2021

რაც შეეხება აგრეგატებს - Prowler-ს V6-ტიპის ძრავა აქვს, რომლის მოცულობა 3.5 ლიტრს შეადგენს. წარმოების პირველ წლებში აღნიშნული ძრავა 214 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. კომპანიის წარმომადგენლები მალევე მიხვდნენ, რომ Hot Rod-ისთვის სიმძლავრის ეს რაოდენობა საკმარისი არ იყო და 1999 წლიდან მას უკვე 253 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლო, ხოლო მაბრუნი მომენტი კი 346 ნიუტონს შეადგენდა. 0-დან 100-მდე აჩქარებას 7 წამს ანდომებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/სთ-ს აღწევს. ავტომობილი მხოლოდ ავტომატური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა, თუმცა ეს კოლოფი უკანა დიფერენციალზეა მიმაგრებული. დიდი წინა ნაწილი ძრავის უკან განთავსების საშუალებას იძლეოდა, შესაბამისად იგი წინა დაკიდების უკან მოთავსდა. ეს ორი ფაქტორი კი წონის გადანაწილებისთვის იდეალური იყო და ავტომობილის წონა 50/50 პროპორციით გადანაწილდა. წონას რაც შეეხება გეტყვით, რომ Prowler-ი 1 285 კილოგრამს იწონის, რაც ამ გაბარიტების მქონე ავტომობილისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. დაბალი წონის განმსაზღვრელი კი ავტომობილის ძარაში და სავალ ნაწილშიც არსებული ალუმინის უამრავი დეტალია. კაპოტი, ორივე კარი, ცენტრალური დაფის სამაგრი და სხვა უამრავი დეტალი ალუმინის აქვს. ამ არასტანდარტულ ავტომობილს საბურავების ზომაც კი უჩვეულო აქვს, წინა საბურავების ზომა 225/45 R 17-ია, ხოლო უკანა საბურავების კი 295/40 R 20-ს შეადგენს. დიახ თქვენ სწორად წაიკითხეთ! Prowler-ს წინ 17-იანი და უკან ძალიან განიერი 20-იანი დისკები აქვს დამონტაჟებული.

Don't see these everyday. 1999 Plymouth Prowler... : r/carporn

ვინც ამ ავტომობილით წარსულში დაინტერესებული იყავით, ალბათ გახსოვთ Prowler-ზე უკან გამობმული მოძრავი საბარგული, რომელიც მანქანის უკანა ნაწილის იდენტური იყო. ეს ნივთი ავტომობილის შეძენისას დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში შეგეძლოთ შეგეძინათ, რაც ჩვენი აზრით ძალიან უხდებოდა.

Worst Sports Cars: Plymouth Prowler

2001 წელს Prowler-ის გაყიდვებმა დაიკლო და კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ავტომობილი Plymouth-ის ლოგოს მაგივრად Chrysler-ის ლოგოს ქვეშ მოქცეულიყო. ამ ფაქტმა გაყიდვები შედარებით გააუმჯობესა, თუმცა ფუნდამენტური სხვაობა მაინც ვერ მიიღეს. საბოლოოდ კი 1997-2002 წლების განმავლობაში 11 702 ერთეული წარმოება მოხერხდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. მიუხედავად ამისა, Prowler-მა წლების შემდეგ იშვიათი და საოცნებო ავტომობილების სიაში მოხვედრა მაინც მოახერხა. დღეს 20 წლის Prowler-ის ფასი საშუალოდ 30 000 დოლარს შეადგენს, რაც მის წარმოების დროს არსებული ღირებულების იდენტურია. მისი საკუთრებაში არსებობა უამრავი ამერიკელის ოცნებაა, მცირე წარმოებიდან გამომდინარე დღეს მისი შეძენა საკმაოდ რთულია და რაც დრო გადის კიდევ უფრო გართულდება.

გაზიარება: