Aa Aa
25 ოქტომბერი 2022  |  10:31

პოლ უოკერის Skyline GT-R R34 აუქციონზე გადის

საქართველოში Fast and Furious-ს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ამ ფილმებმა თაობები აღზარდა და ავტომობილები უამრავ ადამიანს შეაყვარა. ამ საკულტო მოდელების ღირებულება, რომლებსაც სერიებში დიდი დრო დაეთმო დღეს ძალზედ გაზრდილია. მაგალითისთვის ეს Nissan Skyline GT-R R34 ავიღოთ, რომელიც GT-A International-ის აუქცონზე გავა. ამ ავტომობილს ის გამოარჩევს, რომ ის Fast & Furious 4-ის გადაღებებში მონაწილეობდა.

Universal Studios-ს მიერ შეკვეთილი ავტომობილი Daryl Alison of Kaizo Industries-მა გააუმჯობესა. ის მსოფლიოში ერთადერთია და სპეციალურად Fast and Furious 4-ისთვის შეიქმნა. საინტერესო ისაა, რომ ამ მანქანის გადაკეთების სამუშაოებში თვით პოლ უოკერი იყო ჩართული. მისი გადაწყვეტილებით მანქანა გაფორმებებით არ მორთეს და სადა ვიზუალი შეუნარჩუნეს.


ამის შედეგი ის იყო, რომ Bayside Blue-ს ფერში შეღებილი Skyline-ი საოცრად სუფთად გამოიყურებოდა. ეს ავტომობილი მექანიკურადაც სუფთაა. ოდომეტრზე მხოლოდ 6 000 კმ აქვს გამოსახული. ეს ერთადერთი და ნამდვილი Skyline GT-R R34-ია ფილმში. სხვადასხვა კადრების გადასაღებად კი სტანდარტულ ვერსიებს იყენებდნენ. ალბათ, ეს არც არავის გაუკვირდება.

გამომდინარე იქედან, რომ ვარსკვლავმა ეს ავტომობილი თავისი გემოვნების მიხედვით მოამზადა, პოლ უოკერისთვის ის F&F-ში საუკეთესო მანქანა იყო.



კაპოტი 2.6-ლიტრიან ერთრიგა 6-ცილინდრიან ძრავას მალავს, რომელსაც ორი ტურბინა და ზედა განლაგების აირგამანაწილებელი ლილვი აქვს. აგრეგატი Getrag-ის 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან არის დაკავშირებული. გაგრილების სისტემა Turbonetics-ისაა, დაკიდების სისტემა Nismo-სი. სალონში უსაფრთხოების კარკასიც შეგხვდებათ. დისკები კი Volk Racing RE30-ის 19-იანებია. დამუხრუჭებაზე პასუხისმგებლობას Rotora-ს ექვსდგუშიანი სამუხრუჭე სისტემა იღებს.

ამ მანქანის ახალი მფლობელი უოკერის სიმაღლის უნდა იყოს, რადგან სალონში სავარძელი დაფიქსირებულია. სამწუხაროდ, "სქაის" ღირებულების შესახებ წინასწარი შეფასებები არ არსებობს. თუმცა, თუ გარბენს, მდგომარეობასა და ისტორიას გავითვალისწინებთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მანქანა 500 000$-ზე მეტად შეფასდება.

თქვენ რა თანხას დათმობდით ამ ლამაზმანის სანაცვლოდ?

გაზიარება: