Aa Aa
27 ოქტომბერი 2022  |  10:29

644-ცხენისძალიანი ჰიბრიდული SUV-ი - 2023 წლის BMW XM-ი

XM Concept-ი ვნახეთ, პაპარაცული სურათებიც ვიხილეთ, გასაჯაროვდა სანიმუშო ნახაზებიც და მაინც - 2023 წლის BMW XM-ის საწარმოო მოდელი ჩენს გაოცებას მაინც ახერხებს.

ეს 160 000$-იანი სუპერ-SUV-ი M-ის პირველი მაღალწარმადობიანი ავტომობილია, რომელსაც ელექტრო ძრავა აქვს. სიტყვებს აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან BMW-მ რამდენიმე ელექტრომობილი გამოუშვა (i4 M50, iX M60, i7 M70 და ჰიბრიდული M760e), რომელთა სახელებშიც M-ს ამოიკითხავთ. თუმცა, ეს მოდელები M-Performance-ის ხაზის გახლავთ. M-ის ნამდვილი მოდელები კი მაგალითისთვის M3 და M4-ია. ამ ოჯახს კი ახლა XM-ი შეუერთდა.



ყველაზე საინტერესო ისაა, რომ XM-ი BMW Motorsport-ის პირველი პროდუქტია, რომელიც BMW-ს რეგულარული მოდელის გაუმჯობესებული ვერსია არაა. მოდელი ავტოსამყაროს თავიდანვე M-ად მოევლინა. ასეთი რაღაც ბოლოს 1970-იან წლებში მოხდა, როდესაც მწარმოებელმა თავისი სუპერქარი, M1 შექმნა. ზოგი გულშემატკივარი ამ ფაქტით იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ასეთი მნიშვნელობის მქონე ავტომობილი 2 700 კგ-იანი SUV-ია.

უფრო ზუსტად რომ გითხართ, ამ მოდელის წონა 2 750 კგ-ია. ეს ნიშნავს, რომ XM-ი E30 M3-ზე 2.4-ჯერ მძიმეა. ეს გასაგებიცაა, რადგან მანქანას უზარმაზარი კორპუსი, V8 ძრავა, 25.7 კვტ.სთ-იანი ბატარეა და ელექტრო აგრეგატი აქვს. ეს ძალოვანი აგრეგატი მანქანას საშუალებას აძლევს, რომ დისტანცია ელექტრომობილივით დაფაროს, რა დროსაც მისი მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ იქნება.

მდიდრული კლასის თანამედროვე ჰიბრიდებთან შედარებით, XM-ის 50-კმ-იანი ელექტრო სვლის მარაგი დიდი მანძილი ნამდვილად არაა. თუმცა, ეს BMW M-ის მოდელია, რომელშიც სიმძლავრე და წარმადობაა პრიორიტეტული. მომავალ ზაფხულს კი BMW უფრო სწრაფ, უფრო ძვირიან XM Label Red-ს გამოუშვებს. მას 735 ცხენის ძალა და 1 000 ნმ ექნება. სავარაუდოდ, ეს ის ძალოვანი აგრეგატი იქნება, რითაც მომდევნო თაობის BMW M5 იქნება აღჭურვილი.

ახლა კი ბავარიული კომპანიის შორი პერსპექტივები გვერდით გადავდოთ და რეგულარული XM-ი განვიხილოთ. მოდელი 4.4-ლიტრიანი V8-თია აღჭურვილი, რომელიც 483 ცხენის ძალასა და 650 ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე 4-ვე საბურავზე 8-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით ნაწილდება. ტრანსმისიაშია ერთი ელექტრო ძრავაც, რომლის სიმძლავრე 194 ცხენის ძალას აღწევს. ჯამში კი მძღოლის განკარგულებაში 644 ცხენის ძალა და 800 ნმ-ია. სიმძლავრის პიკური მაჩვენებელი კი 1 600-5 000 ბრუნზეა ხელმისაწვდომი.


ეს ნიშნავს, რომ საქმე ისტორიაში ყველაზე მძლავრ M-თან გვაქვს, რომელიც სამოქალაქო გზაზე გადასაადგილებლად არის გამოშვებული. მაგრამ მანქანა ისეთივე სწრაფი არ არის, როგორც M-ის სხვა მოდელებისგან ვართ შეჩვეული. მეტიც, XM-ი  M Performance-ის რამდენიმე მოდელზე ნელიც გახლავთ. ამას 0-დან 100 კმ/სთ-ის განვითარებისთვის საჭირო დროც მოწმობს, რაც 4.1 წამს აღწევს. შედარებისთვის ბენზინის ძრავის მქონე X6M-ი, რომელიც 55 ათასი დოლარით ნაკლები ღირს, 0-დან 100-მდე 3.8 წამში ჩქარდება. XM-ი არც 50 000$-იან M240i xDrive-ზე სწრაფია.

მეტიც - ამ მოდელს კონკურენტებიც ჯაბნიან. 173 800$-იანი Porsce Cayenne Turbo S E-Hybrid-ი 100 კმ/სთ-ს სპიდომეტრზე 3.6 წამში გამოსახავს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 295 კმ/სთ-ია. XM-ის მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/თ-ზეა შეზღუდული. ის იმ შემთხვევაში გაიზრდება 270 კმ/სთ-მდე თუ მფლობელი M Driver-ის პაკეტს შეიძენს.


რა გამოდის? BMW-ს ასეთი სტატუსისა და მნიშვნელობის მქონე მოდელი ფიასკოსთვისაა განწირული? არავითარ შემთხვევაში! მიუხედავად ასეთი კომპლექსური კონცეფციისა და მძიმე წონისა, XM-ს სიმძიმის ცენტრი მაქსიმალურად ქვემოთ აქვს, ხოლო წონის გადანაწილება 50/50-ზეა. ეს ნიშნავს, რომ მართვისას ავტომობილის წონა არ შეგაწუხებთ. ის კომფორტისა და წარმადობის საუკეთესო სინთეზს შემოგთავაზებთ, რითაც კმაყოფილი გარანტირებულად დარჩებით.

დიზაინის განხილვა ბოლოსთვის გადავწყვიტეთ. XM-ი საჩვენებელ კონცეპტუალურ მოდელს ძალზედ ჰგავს, მაგრამ განსხვავებების შემჩნევა მაინც შეიძლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ცხაურაა, რომელიც საწარმოო მოდელში უფრო მცირე ზომისაა. წინა მაშუქები BMW-ს ახალ დიზაინერულ ენას იმეორებს. ბორბლის თაღების შესავსებად ყველაზე მცირე ზომის დისკი 21-იანია. პროფილში კი ხაზები კონცეპტუალური ვერსიის იდენტურია. დახრილია კუდის ნაწილიც. უკანა მაშუქები აგრესიული დიზაინისაა. საკმაოდ დიდია დიფუზორი. ორი ვერტიკალური დიზაინის წყვილი მაყუჩი კი BMW-ს სტილში პირველად ვიხილეთ. ყველაზე საინტერესო დეტალი უკანა ფანჯრის ზედა კუთხეებში გვაქვს. იქ BMW-ს ლოგოებს შეხვდებით. ემბლემები M1-ის შთაგონებითაა დატანილი.


რა ხდება ინტერიერში? იქ ექსტერიერის მსგავსი პოლარიზებული დიზაინია. კოკპიტზე ორი გადაბმული, მძღოლისკენ შეტრიალებული მონიტორია. სავარძლები M Sport-ისაა, რომელიც ყველა წერტილში ელექტრონულად რეგულირდება და მასაჟის ფუნქციები სტანდარტულად აქვს. უნიკალურია საჭეც, სადაც კარგად ნაცნობი M1 და M2 ღილაკები გაქვს. კოკპიტი და კარის პანელები მთლიანად ტყავშია გაფორმებული. XM-ის სალონის განათება იმდენად ლამაზია, რომ მანქანიდან გადმოსვლის სურვილი არასდროს გექნებათ. განათება გვაქვს ზღურბლზე, სავარძლებში, დინამიკებში, ჭერზე, კარის პანელებზე და საჰაეროების ქვემოთ. ჭერის განათებას 3D ეფექტი აქვს, რაც ულამაზესი ვიზუალისაა. კომფორტულად იგრძნობენ თავს მგზავრები უკანა სავარძელშიც. მეორე რიგის კომფორტზე ბევრია ნამუშევარი, რაც ახალ დანამატებზე მარტივად შეიმჩნევა.

საერთო ჯამში, XM-ი საინტერესო და დამაინტრიგებელი ავტომობილია. მოდელმა თავისი დიზაინითა და მახასიათებლებით მოყვარულებში აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია. თუმცა, ბავარიულ კომპანიის იდეების აღქმას ცოტა დრო სჭირდება. ეს BMW-ს რამდენიმე მოდელით დამტკიცდა. 

როგორ მოგეწონათ 2023 წლის BMW XM-ი? იმსახურებს თუ არა ის M-ის ემბლემას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თქვენი აზრი ჩვენთვის საინტერესოა!

გაზიარება: