Aa Aa
6 თებერვალი 2023  |  10:52

2022 წელს რუსეთში ახალი ავტომობილების წარმოება სამჯერ შემცირდა

რუსეთის ფედერაციაში 2022 წელს ახალი ავტომობილების წარმოება 67% შემცირდა, ამის მიზეზი კი ქვეყნიდან დასავლური ავტომწარმოებლების მასობრივი გასვლა და ანტირუსული სანქციებია.

რუსეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში 450 ათასი ავტომობილი აწარმოეს, ეს კი ყველაზე დიდი წლიური ვარდნაა და აჭარბებს 2009 წლის მსოფლიო კრიზისის დროს დაფიქსირებულ კლების მაქსიმუმს, როცა რუსეთში 597 ათასი ავტომობილი აწარმოეს, რაც 2008 წელთან შედარებით 59,4%-ით ნაკლები იყო.

„როსსტატის“ ცნობით, მაისის მინიმუმის შემდეგ, როცა ქვეყანამ მხოლოდ 3,7 ათასი ავტომობილი აწარმოა, დაიწყო ზრდა და უკვე აგვისტოსთვის ამ მაჩვენებელმა 24,7 ათასი შეადგინა, ოქტომბერში საერთოდაც 37,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო დეკემბერში 40 ათასს გადააჭარბა.

ამასთან, 2022 წელს რუსეთმა 141 ათასი სატვირთო აწარმოა (-24,3%), ავტობუსების წარმოება შემცირდა 15,2%-ით 12,5 ათასამდე.

შეგახსენებთ, რომ ამავდროულად 58,8%-ით შემცირდა რუსეთში გასულ წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები, რომელმაც 687,370 შეადგინა.

წყარო: bpn.ge

გაზიარება: