რამდენია ზედმეტად ბევრი გარბენი მეორადი ავტომობილისთვის?
ავტომობილის ფასზე გარბენი მნიშვნელოვნად მოქმედებს.
გასული წლის დეკემბერში ახალი ავტომობილის საშუალო ფასმა 49 500$-ს გადააჭარბა. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, რისი გადახდაც არათუ განვითარებად ქვეყნებში, არამედ განვითარებულ ქვეყნებშიც უჭირთ ადამიანებს. ამას მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკური რეცესიაც ემატება.
ასეთი გარემოება მყიდველების დიდ ნაწილს აიძულებს, რომ მანქანა მეორეული ავტომობილების ბაზარზე შეარჩიოს. რა ხდება ამ შემთხვევაში?
მეორეული ავტომობილის ფასს მდგომარეობა და გარბენი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საქართველოში იაპონური საავტომობილო ბაზრის „ჩაკეტვის“ შემდეგ ავტომობილები ძირითადად აშშ-დან შემოედინება. აშშ-ში, 2022 წლის მონაცემით, ავტომობილის საშუალო ასაკი 12.2 წელს შეადგენს. საშუალო ამერიკელი კი წელიწადში 20 000 კმ-ს ფარავს. შესაბამისად, აშშ-დან ჩამოყვანილ ავტომობილებს დაბალი გარბენი იშვიათად აქვთ. ეს კი ნიშნავს, რომ მეორეული ავტომობილების ბაზარზე მაღალგარბენიანი მოდელები ხშირია.
სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა - რამდენია ზედმეტად ბევრი გარბენი მეორადი ავტომობილისთვის? აშშ-ში მანქანებს, რომლებსაც 120 000 – 160 000 კმ-ზე მეტი აქვთ გარბენი, მომხმარებელი ყიდვისგან თავს იკავებს. მათ ამგვარ ქცევას მათი რეალობა განსაზღვრავს. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ ავტომობილების სერვისი ან შეკეთება კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ავტომობილი, რომელსაც გეგმური სერვისი უტარდებოდა და მზრუნველი მფლობელი ჰყავდა, შესაძლოა დაბალგარბენიან მოუვლელ მანქანაზე უკეთესი გამოდგეს. მიუხედავად ამისა, ოდომეტრზე გამოსახული ციფრები მყიდველებზე ფსიქოლოგიურ განწყობას მაინც ქმნის.
და მაინც, რამდენია ზედმეტად ბევრი გარბენი მეორადი ავტომობილისთვის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.