Aa Aa
17 თებერვალი 2023  |  15:06

დუბაიში მფრინავი ტაქსები გამოჩნდება

დუბაიში 2026 წლისთვის მფრინავი ტაქსები გამოჩნდება, რის ამოქმედებასაც ადგილობრივი ხელისუფლება 2017 წლიდან ცდილობს. თუმცა, ამჯერად აეროტაქსების პროგრამა განახლდა, რის შესახებაც Twitter-ის გვერდზე შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა დაწერა. ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.

დუბაის გზებისა და ტრანსპორტის სამმართველოს წარმომადგენელმა, აჰმედ ბაჰროზიანმა სახელმწიფო რადიოსადგურ Dubai Eye-ს განუცხადა, რომ „აეროტაქსის ფასები დუბაიში ლიმუზინით მგზავრობის ღირებულების ან შესაძლოა, ოდნავ უფრო მაღალიც იყო.“ მისი ცნობით, საჰაერო ტაქსებზე ჩვეულებრივი ტაქსის ტარიფებზე, სულ ცოტა, 30%-ით მაღალი ფასი დადგინდება და მინიმალური საფასური, დაახლოებით, 3,25 დოლარი, ხოლო კილომეტრზე 0,5 დოლარი იქნება.

პროგრამის პარტნიორი, ჩინელებისა და გერმანელების ნაცვლად, ამერიკული ვენჩურული საავიაციო კომპანია, Joby Aviation იქნება, რომლის სათაო ოფისიც კალიფორნიაში მდებარეობს. ადრე ასეთ პარტნიორებად ჩინურ EHang 184-სა და XPeng X2-ს ან გერმანულ Volocopter-ს ასახელებდნენ. თუმცა აჰმედ ბაჰროზიანი აცხადებს, რომ კონტრაქტი ჯერ არცერთ პარტნიორთან არ გაფორმებულა.

AP-ის ცნობით, Joby Aviation-ის ნიმუშები 13 თებერვალს, დუბაიში გამართულ მსოფლიო სამთავრობო სამიტზე წარადგინეს. Joby Aviation-ის პროტოტიპს დამუხტვის გარეშე 240 კმ-ზე მეტ მანძილზე შეუძლია ფრენა, რაც სასტარტო წერტილიდან აბუ დაბიმდე და ქვეყნის სხვა ადგილამდე მოხვედრის საშუალებას იძლევა. აეროტაქსის ვერტიკალური აფრენა-დაშვების ფუნქცია აქვს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია.

ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის პრემარკეტულ ვაჭრობაზე Joby Avation-ის თითო აქციის ფასმა 1,19%-ით მოიმატა და 4,25 დოლარი შეადგინა. AP-ის ცნობით, Joby Avation-ის მთავარი აქციონერები კომპანიები, Intel Corp. და Delta Air Lines არიან.

სააგენტო წერს, რომ ემირატის ხელისუფლება აეროტაქსებისთვის ოთხი „ვერტიპორტის“ მოწყობას გეგმავს, რომლებიც ხელოვნურ კუნძულ „პალმ ჯუმეირაზე“ და ქალაქის ცენტრში, საერთაშორისო აეროპორტის გვერდით მდებარე „დუბაი მარინას“ ტერიტორიაზე განთავსდება. იქ დუბაის მფრინავ ტაქსებს ორი სასტარტო და ოთხი დასამუხტი პუნქტი ექნებათ.

„ეს მიმზიდველი ტერიტორიებია ბიზნესისა და ტურისტული ცენტრებით, რომლებსაც აეროტაქსებზე მნიშვნელოვანი მოთხოვნის გაჩენა შეუძლია,“ - აცხადებს აჰმედ ბაჰროზიანი.

AP-ის შეფასებით, საჰაერო ტაქსის გაშვება გადატვირთულ დუბაიში ყოველდღიურ საცობებს შეამცირებს, რაც მოსახლეობის მატებასთან ერთად მხოლოდ უარესდება. საემიროში ამჟამად, დაახლოებით, 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მაგალითად, პიკის საათებში შეიხ ზაიდის ქუჩის გასწვრივ, სხვა ექვსი საემიროს მანქანების გარდა, მხოლოდ დუბაიში რეგისტრირებული 1,8 მილიონზე მეტი მანქანა დადის. 

წყარო: bpn.ge

გაზიარება: