Aa Aa
22 თებერვალი 2023  |  11:30

Toyota Corolla-ს მდიდრული გარდასახვა

ვიღაცამ Lexus CT 200H-ის ცხვირი ძველი Corolla-ს სედანს აკურატულად მოარგო.

ალბათ, ყველამ იცის, რომ Lexus-ი Toyota-ს პრემიუმ კლასის ბრენდია. თუ სოლიდური დიზაინი და მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული Toyota-ს გამძლე მოდელის შეძენა გსურთ, მაშინ Lexus-ი თქვენი ავტომობილია. თუმცა, ყოველთვის ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ამას ფილადელფიაში დაფიქსირებული, სურათზე ნაჩვენები ავტომობილი მოწმობს. აშშ-ს ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის ავტომობილს „სახე გადაუნერგა“. მეგობრებო, თქვენ წინაშეა Toyota Corolla Lexus CT 200H-ის ცხვირით.

ეს ავტომობილი სამყაროს Toyota Corolla-ს სახელით მოევლინა. ამ თაობის მოდელი 2003-2008 წლებში გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ Lexus CT 200H-ი უფრო ახალი ავტომობილია (2010-2022) ეს ნამუშევარი საოცრად ორგანულად გამოიყურება. შეგახსენებთ იმასაც, რომ Toyota Corolla-ს მეთერტმეტე თაობისა და მეორე თაობის Toyota Auris-ის ჰიბრიდებს Lexus-თან ბევრი საერთო აქვთ.


ამ „კოროლამ“ „ლექსუსისგან“ მთლიანი წინა ბამპერი ცხაურით, ლარტყი, მაშუქები და კაპოტი მიიღო. დამატებით, წინა ფრთებს გადაკეთება დასჭირდა, რათა CT 200h-ს მორგებოდა და თან Corolla-ს კარის ფორმასთან ჩამჯდარიყო. კორპუსის დანარჩენი ნაწილი, სპორტული შუასარტყელის გამოკლებით, ქარხნულია. რაც ყველაზე საინტერესოა, მანქანას ცხვირზე Toyota-ს ემბლემა აქვს შენარჩუნებული.

ყურადღებას იპყრობს დისკებიც, რომელიც უზარმაზარია და სპეციალურად კოროლასთვის, არაქარხნულად არის გამოსული. აშკარაა, რომ ავტომობილი ასეთ დიდ დისკებზე მართვისას იტანჯება. ამას დაბალი სიმაღლის მქონე საბურავიც ემატება, რაც გადაადგილებისას დიდ დისკომფორტს შექმნის. 

მეცხრე თაობის Toyota Corolla 1.8-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სიმძლავრეს ავტომატური კოლოფის დახმარებით წინა ღერძზე ანაწილებს. ამ კონკრეტულ მოდელს 116 000 მილი (186 683) კილომეტრი აქვს გარბენი და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. მექანიკურ გაუმჯობესებაზე ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, სავარაუდოდ მანქანას ამორტიზატორები შეცვლილი აქვს.

თუ ამ მოდელით დაინტერესდით გეტყვით, რომ ის იყიდება და მფლობელი მის სანაცვლოდ 6 800$-ს ითხოვს.

შეიძენდით Corolla 200H-ს ამ ფასად? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: